“თუმცა ამომრჩევლები რიგ ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდებიან, რაც პროცესის ხარვეზიანობაზე მიუთითებს,” – აღნიშნავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სპეციალურ განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულის გამო შესაძლოა 31 ოქტომბერს ათასობით ამომრჩეველმა ვერ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერსაა დანიშნული. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი.
ვინაიდან საქართველო საპარლამენტო ქვეყანაა, ის, ვინც არჩევნებს მოიგებს, იქნება ქვეყნის მმართველი უახლოეს ოთხ წელიწადში.
მმართველი პარტია “ქართული ოცნება” მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. აქამდე არც ერთი პოპლიტიკური ძალა საქართველოში სამი ვადით არ დარჩენილა.
პირველ რიგში, პრობლემაა თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რეგისტრაციისთვის გამოყოფილი ვადაა – რეგისტრაცია 27 ოქტომბერს 18:00 საათამდეა შესაძლებელი. [ვადა დღის 14:00 საათამდე იყო, თუმცა “ევროპული საქართველოს” ლიდერის, ელენე ხოშტარიას აქტიურობის შედეგად, ცესკომ ვადა რამდენიმე საათით გადაწია]. ანუ ვინც ამ დროისთვის ვერ დარეგისტრირდა, ან ვისაც უახლოეს სამ დღეში გამოუვლინდება კორონავირუსის სიმპტომები ან ვირუსის მატარებელთან კონტაქტის გამო მოუწევს თვითიზოლაციაში გადასვლა, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
რეგისტრაციის მსურველები ასევე სხვა ბარიერებს აწყდებოდნენ – ცესკოს ცხელი ხაზი იყო მუდმივად გადატვირთული, ასევე, თვითიზოლაციაში მყოფმა მოქალქეებმა არ იცოდნენ, რომ ცესკოს საიტზე ვერ დარეგისტრირდებოდნენ, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტრო მათ სპეციალურ სიაში არ აღრიცხავდა.