ლორა ლინდერმანი: ახლა ვინც კავკასიას შეხედავს, ვეღარ იტყვის, რომ საქართველო ლიდერია დემოკრატიაში
ლორა ლინდერმანის კომენტარი
“ავტოკრატიის საგანგაშო სიგნალები საქართველოდან”, – ასე ეხმაურება ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი და ევრაზიის პროგრამების დირექტორი ლორა ლინდერმანი ქართული ოცნების მიერ ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს.
ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ლინდერმანმა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდგომ ქართული ოცნების მხრიდან კანონების გამკაცრებაზე, მანიფესტაციებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ჯარიმების გაზრდაზე და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
ჟურნალისტმა მას მზია ამაღლობელის შესახებაც ჰკითხა, რაზეც ლორა ლინდერმანი ამბობს, რომ “ვხედავთ სიგნალებს, რომლებიც წითლად ციმციმებს და მიუთითებს, რომ კონსოლიდირებული კონტროლის, ავტოკრატიისკენ მივდივართ, დემოკრატიისგან შორს”.
ლორა ლინდერმანი:
“აქ არაფერია ისეთი, რაც კარგად გამოიყურება. პირველ ყოვლისა, ხედავთ პროტესტის მასშტაბს, მის სპონტანურ ხასიათს. ის არჩევნებზე მეტად, უშუალოდ ევროპული ინტეგრაციის შეჩერების საკითხზე განცხადებამ გამოიწვია. რაც აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისკენ სვლა ქართველებისთვის.
არსებობს რეალური შეკითხვები მთავრობის ლეგიტიმურობის შესახებ. ბევრმა ქვეყანამ დასავლეთში უარი თქვა მთავრობის ლეგიტიმურობის ცნობაზე. მეორე მხრივ, სრულად არ გაუწყვეტიათ ყველანაირი კავშირი მასთან. პროტესტი კი გრძელდება დიდ და პატარა ქალაქებში. იქნება ეს რუსთავი, ოზურგეთი, ბათუმი, ქუთაისი თუ თბილისი. ეს აჩვენებს, რამდენად ფართოდაა გავრცელებული ის.
და კიდევ ერთი რამ, რაც ჩემთვის ასევე ძალიან ცხადი გახდა, ისაა, რამდენად არაა ეს პროტესტი დაკავშირებული ტრადიციულ პოლიტიკურ პარტიებთან, რამდენად სპონტანურია და რამდენად პირდაპირ ხალხისგან და ახალგაზრდებისგანაა აღმოცენებული.
ვფიქრობ, ვხედავთ გარკვეულ პოლიტიკურ ჩიხს, სადაც მთავრობას სურს უფრო და უფრო მეტი წნეხი, პროტესტის შევიწროება, იქნება ეს ცემა თუ სხვა და შემდეგ ზოგ მომენტში ამ ზომების შემსუბუქება იმის სანახავად, ჩაცხრება თუ არა ეს ყველაფერი. მეორე მხრივ, არსებობს პროტესტის ბირთვი… თუმცა არც ისე ცხადია, როგორ წარიმართება მოვლენები.
არის ავტორიტარული ტენდენცია, რომელიც ძალიან მკაფიოდ ჩანს. ვფიქრობ, ეს [ტენდენცია] დაჩქარდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის და მოგვიანებით, უკვე 26 ოქტომბრის არჩევნების, ასევე, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვადის ამოწურვის შემდეგ – რომელიც ამბობს, რომ ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება. მთავრობის არც ერთი ნაწილი დამოუკიდებელი აღარაა. მთავრობა “ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშაა, ისინი, ფაქტობრივად, მთელ მთავრობას და საჯარო სექტორს აკონტროლებენ. ჯერ კიდევ არაა მკაფიო, რამდენად კიდევ უფრო ღრმად ავტორიტარიზმისკენ წავლენ და რამდენად ძლიერი იქნება წნეხი.
ვხედავთ სიგნალებს, რომლებიც წითლად ციმციმებს და მიუთითებს, რომ კონსოლიდირებული კონტროლის, ავტოკრატიისკენ მივდივართ, დემოკრატიისგან შორს
თუკი ვინმე ახლა კავკასიას შეხედავს, უკვე ვეღარ იტყვის, რომ ის [საქართველო] ლიდერია დემოკრატიაში, დემოკრატიის შუქურაა კავკასიაში. ვიტყვით, რომ სომხეთს უფრო სურს ახლა დემოკრატიისკენ სვლა, და არა – საქართველოს. ძალიან, ძალიან ბევრი მაგალითია იმისა, როგორ ცდილობს მთავრობა მარწუხების მოჭერას და სხვადასხვა ტიპის თავისუფლების შეზღუდვას.
მედიასთან დაკავშირებით სიტუაცია საქართველოში არჩევნებამდეც რთული იყო. დედაქალაქის მიღმა, რეგიონებში ქართველების დიდი ნაწილი სწორედ მთავრობის მიერ მხარდაჭერილ ტელეკომპანია “იმედს” უყურებს. დამოუკიდებელი მედიის ნაწილსაც პრობლემები აქვს, მათ შორის ფინანსებთან დაკავშირებული თუ სხვა პრობლემები. იქნება ეს “მთავარი” თუ სხვები. ამას დამატებული ის რეპრესიული კანონები, რომლებიც თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიიღეს და ასევე ამერიკული დაფინანსების გაყინვა.
საქართველოში მედიისთვის მართლაც საშინელი სიტუაციაა და ამ სფეროში ამ წუთას ბევრი ოპტიმიზმის იმედს ვერ ვხედავ. თუმცა, ქართველები ძალიან შემოქმედებითი ხალხია და ამის გამორიცხვა არ შეიძლება
სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო საქართველოში ისტორიულად, ყოველთვის ძალიან მრავალფეროვანი, ფართო და დინამიკური იყო. თუკი ვნახავთ მის შეკვეცას, შევიწროებას და ამას კიდევ მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ანუ ე.წ. გონგოების დამკვიდრება დაემატება, მაშინ ვიხილავთ ამ სფეროში რეალური დებატების, თავისუფალი დისკუსიების, იდეების გაცვლისა და ქმედებების კუთხით სიტუაციის სწრაფ გაუარესებას.
ჩვენ ბევრი სხვა ასეთი მაგალითი გვინახავს რუსეთში, ბელარუსში, უნგრეთში, სადაც ე.წ. გონგოები ეფექტური გზა აღმოჩნდა არასამთავრობო სექტორის შესაზღუდად, დეზინფორმაციის გასაძლიერებლად და რეალური დებატებისა და დისკუსიების შესამცირებლად იმ არაერთ საკითხზე, რის შესახებაც ამ მოსაზრებების მოსმენა მოქალაქეებს შეიძლება სურდეთ.
საქართველოს დიდხანს, შეუდარებლად დიდი როლი ჰქონდა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში თავის ზომასთან შედარებით. ქართველებსა და კაპიტოლიუმში მყოფებს მეგობრობის და ურთიერთობის დიდი ისტორია ჰქონდათ. ეს [ამერიკაში] სხვადასხვა პარტიის ადმინისტრაციის განმავლობაში გრძელდებოდა.
ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველო გამორჩეული პარტნიორი იყო, მთავრობები ძალიან კარგად თანამშრომლობდნენ, სამხედრო წვრთნები იქნებოდა ეს თუ სხვა შესაძლებლობები. ეს კი ღირებულებებს ეფუძნებოდა, იმას, რომ საქართველო დემოკრატიის კაშკაშა მაგალითად იყო დანახული, რომელიც ძალიან რთულ სამეზობლოში ამბობდა: აი, აქ ვართ, მართლა გვინდა ევროპისკენ სვლა და მართლა გვინდა დასავლეთისკენ მოძრაობა მიუხედავად ჩრდილოელი მეზობლის შიშისა, მიუხედავად რთული სამეზობლოსი. აი ამ თამამი ხედვის პასუხად ამერიკა ამბობდა, რომ მას მართლა სურდა მისი მხარდაჭერა.
არა იმიტომ, რომ მას წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა აქვს, ეკონომიკური ძალა აქვს, ნავთობი, ან ბუნებრივი გაზი, არა, არაფერი ეს მას არ აქვს. მაგრამ იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა ამ საერთო ხედვის. ასე რომ, თუკი საქართველოს – მის ახლანდელ ხელისუფლებას და არა ხალხს – აღარ სჯერა ამ დემოკრატიული ხედვის, მაშინ რა მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ?
საქართველო მნიშვნელობით სულ უფრო ქვემოთ დაიწევს [იმ საკითხებში] რასაც ამერიკელები ყურადღებას აქცევენ… ეს ნიშნავს, რომ საქართველოს აღარ მიაქცევენ ყურადღებას, როგორც ფინანსური დახმარების, ისე – პოლიტიკური მხარდაჭერისა და ყურადღების კუთხით
საქართველოს მხრიდან თვითიზოლაციის რისკი ნამდვილად არსებობს. ვფიქრობ, რა სტრატეგიული გათვლა შეიძლება ჰქონდეთ, რომ ამ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას იღებდნენ – არ გავაბრაზოთ რუსეთი? – რაც გასაგებია – მაგრამ ეს არც გრძელვადიანი ხედვაა და არც საშუალოვადიანი.
საქართველოს საგარეო პოლიტიკური კუთხით ბევრი სხვადასხვა მიმართულებით შეუძლია მუშაობა, მაგრამ უბრალოდ იმის თქმა, რომ სულ გამოვრიცხოთ ევროპა ზოგადი სურათიდან, არ მეჩვენება არც სტრატეგიულ არჩევანად და არც ქართველი ხალხის ნებას შეესაბამება.”