ლეგიონერები
აზერბაიჯანში სპორტს დიდი ყურადღება ეთმობა. მისი განვითარებისთვის ყოველწლიურად მილიონები გამოიყოფა. მაგრამ, 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე აზერბაიჯანი 56 სპორტსმენით წარდგა, რომელთა შორის 33 ლეგიონერი იყო.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, ასევე ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მათ ლეგიონერებად არ მიიჩნევენ, თუმცა შინ გაზრდილ სპორტსმენებსაც ვერ დაარქმევ.
რამდენად სჭირდება ლეგიონერები აზერბაიჯანულ სპორტს, და საიდან მოვიდა ნატურალიზებული სპორტსმენების ეს მოდა?
ნატურალიზებული სპორტსმენების მასობრივი მოზიდვა 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების შემდეგ დაიწყეს. მაშინ ოლიმპიური ნაკრების შემადგელობაში 10 ლეგიონერი იყო. მაგრამ უკვე 4 წლის შემდეგ ლონდონში მათი რაოდენობა ორჯერ და უფრო მეტადაც გაიზარდა – 23-მდე. თუმცა, ლეგიონერთა რაოდენობამ ადგილობრივი სპორტსმენების რიცხვს სწორედ რიოში გადააჭარბა.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ჩინგიზ ჰუსეინზადე კატეგორიულად არ ეთანხმება საკუთრივ ამ ფორმულირებას – “ლეგიონერი”.
“ლეგიონერის ცნება უფრო ფეხბურთს შეეფერება, როდესაც კლუბს უცხოელებით აძლიერებენ. არასწორია მარია სტადნიკის ან ხეტაგ გაზიუმოვის ლეგიონერებად მოხსენიება”, – თქვა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც რიოს თამაშებზე აზერბაიჯანის ნაკრების გამოსვლის შედეგებს ეძღვნებოდა.
ჩინგიზ ჰუსეინზადე ამბობს, რომ უცხოელი სპორტსმენები აზერბაიჯანის ნაკრებებში ახალგაზრდა ასაკიდანვე მოიწვიეს, და სწორედ აქ მიაღწიეს მათ ყველაზე დიდ წარმატებებს.
“ჩვენ ლეგიონერებს იმ დისციპლინებში ვიწვევთ, რომლებშიც დიდი რეზერვი არ გაგვაჩნია – შემდეგ ისინი ჩვენ სპორტსმენებთან ერთად მუშაობენ, და ეს დადებით შედეგს იძლევა”, – ამბობს ჩინგიზ ჰუსეინზადე.
თუმცა, შესაძლოა, ეს მოსაზრება საკამათოც იყოს.
საიდანაც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია, მოჭიდავეებიც იქიდანვე არიან
ჭიდაობა – სპორტის ყველაზე ტრადიციული სახეობაა აზერბაიჯანისთვის. დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პირველი მედალი 1996 წელს, ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნამიკ აბდულაევმა მოიპოვა. ოთხი წლის შემდეგ, სიდნეიში მანვე მოიპოვა ოლიმპიური ოქრო.
16 წლის შემდეგ კი რიოს ოლიმპიადაზე გამოსული 14 მოჭიდავიდან 8 ლეგიონერი იყო. მოჭიდავეების მიერ მოპოვებული 9 მედლიდან – 5 ნატურალიზებული სპორტსმენების ანგარიშზეა.
რა საჭიროა ისეთ ქვეყანაში ლეგიონერების მოზიდვა, სადაც ლამის ყველა ეზოში წააწყდებით ერთმანეთთან მოჭიდავე ბავშვებს?
სპორტული მიმომხილველი სახრან მუსალი ამბობს, რომ წარმოშობით დაღესტნელი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, მაგომედ ალიმაროვის გამოისობით, აზერბაიჯანის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრები სხვადასხვა ასაკის დაღესტნელი მოჭიდავეებით შეივსო.
“აზერბაიჯანი ყოველთვის სახელგანთქმული იყო თავისუფალი სტილით მოჭიდავე უძლიერესი სპორტსმენებით – ხაზარ ისაევით დაწყებული, ნამიკ აბდულაევით დასრულებული. ალიმაროვი ფედერაციაში 2008 წლიდან მუშაობს. სწორედ იმ დროიდან დაიწყო ნაკრების დაღესტნელი სპორტსმენებით შევსება”.
2016 წლის დასაწყისში აზებაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი, აჯარ ჯაფაროვი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მაშინ ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ამხილეს. მას შემდეგ ის გამქრალია თვალთახედვიდან. გამოცემა AzPolitika იტყობინებოდა, რომ ყოფილი გენერალური მდივნის ჯიბეში იმ თანხის დიდი ნაწილიც მოხვდა, რომელიც დაღესტნელი მოჭიდავეების ტრანსფერების “კომპენსაციისთვის” იყო განკუთვნილი.
სახრან მუსალი აღნიშნავს, რომ სიტუაცია ისეთ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რომ დღეს ქვეყნის ჩემპიონატზე ყველა წონით კატეგორიაში დაღესტნელები გამოდიან. “სწორედ ალიმაროვის გამოა, რომ ჩვენი ახალგაზრდა მოჭიდავეები კარიერას იფუჭებენ და შემდეგ ასრულებენ”.
კუბელი კუბელს ეჯიბრება, და აზერბაიჯანი იმარჯვებს
აზერბაიჯანელ კუბელს ლორენცო სტოიმაიორს თვალები ცრემლით ევსება. რამდენიმე წუთის წინ, მსაჯის სადავო გადაწყვეტილებით, ის ოლიმპიური თამაშების ფინალში უზბეკ მოკრივესთან დამარცხდა.
აზერბაიჯანულ, ესპანურ და ინგლისურ სიტყვებს ერთმანეთში ურევს, და თავს რამდენიმე ფრაზის წარმოთქმას აიძულებს: “აზერბაიჯანი ყოველთვის ჩემს გულში დარჩება, ეს ჩემი სახლია. ძალიან მინდოდა ოქროს მოპოვება, მაგრამ თავად ნახეთ, რაც მოხდა”.
ლორენცო სტოიმაიერი აზერბაიჯანის სახელით 2013 წლიდან გამოდის. 2015 წელს მან პირველი ევროპული თამაშები მოიგო, ერთი წლის შედეგ რიოს ოლიმპიადაზე მეორე ადგილი მოიპოვა. 1 სექტემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებულებით, “სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის III ხარისხის” ორდენით დააჯილდოვეს.
ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში სტოიმაიერმა კუბელი მოკრივე იასნიერა ტოლედო დაამარცხა, ინერნეტსივრცეში კი ასეთი ხუმრობა გაჩნდა: “კუბელი კუბელს ეჯიბრება და იმარჯვებს აზერბაიჯანი”.
აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი აზად რაგიმოვი ლეგიონერებს იცავს. “ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან, თავიანთი ოჯახებიანად აქ გადმოდიან. დღევანდელ თანამედროვე სპორტში ტერმინი “ლეგიონერის” გამოყენება სასაცილოა. ისინი აზერბაიჯანული სპორტისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ადამიანები არიან”.
რატომ მიდიან აქაურები?
მარია სტადნიკი – მსოფლიოს ერთ-ერთი ტიტულოვანი მოჭიდავე ქალი, უკვე ათი წელიწადია, აზერბაიჯანის მოქალაქეა. მარიას ყველაფერი მოგებული აქვს, რაც კი შეიძლება, მაგრამ ოლიმპიური ოქროს მოპოვება ვერ შეძლო. 2012 და 2016 წლის ოლიმპიადებზე სტადნიკი ოქროს ორი ნაბიჯით ცდებოდა.
ამ მტკიცე მებრძოლ ქალს თავი ბოლომდე ღირსეულად ეჭირა, მაგრამ თავის მეორე ვერცხლისთვის კვარცხლბეკზე რომ ავიდა, ცრემლები მოადგა.
აზერბაჯანში მარია სტადნიკი უყვართ, აღმერთებენ, ის ათასობით დამწყები მოჭიდავის კერპია. მას ქუჩაში ცნობენ, მისით აღფრთოვანებულები არინ. დიახ, მუსულმანურ აზერბაიჯანში მოჭიდევე ქალით არიან აღფრთოვენებულები, და მის იშვიათ დამარცხებებს, როგორც საკუთარ უბედურებას, ისე აღიქვამენ.
აზერბაიჯანს ასეთი სპორტსმენები სჭირდება. ასეთი სპორტსმენები მსოფლიო სპორტს სჭირდება. და მათ არასდროს არავინ დაყოფს თავისიანებად და უცხოებად.
მაგრამ!
იმავე ოლიმპიურ თამაშებზე რიოში, 2016 წელს, აზერბაიჯანელმა ძალოსანმა ინჯატ რაგიმოვმა ოქროს მედალი მოიპოვა – თუმცა ყაზახეთის ნაკრებისთვის.
აზერბაიჯანში ამას დიდი უკმაყოფილებით შეხვდნენ. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აზერბაიჯანის ძალოსანთა მთელი ნაკრები დისკვალიფიცირებული იყო, დოპინგის მოხმარების გამო.
ყაზახეთის დროშის ქვეშ საასპარეზოდ ნიჯატ რაგიმოვი 2014 წელს წავიდა – მთავარ მწვრთნელთან, ბულგარელ ზლატკო ვანევთან კონფლიქტის გამო. სპორტსმენის მამის თქმით, იგივე ვანევი მასობრივად იწვევდა ნაკრებში ბულგარელ ათლეტებს. მხოლოდ ვალენტინ ხრისტოვისა და ბოიანკა კოსტოვას გადმოსავლა აზერბაიჯანს 400 000 დოლარი დაუჯდა.
სპორტი აზერბაიჯანში – საერთოდაც შემოსავლიანი საქმეა. ოლიმპიური ოქროსთვის სპორტსმენი მხოლოდ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან 600 ათას მანათს ($ 370 000) იღებს. რატომაც არ იქცევა ეს აზერბაიჯანის დროშის ქვეშ ასაპარეზობის სტიმულად?
მაგრამ ნიჯატ რეგიევი რატომ წააწყდა ძალოსნობის ფედერაციის მხრიდან ამგვარ გულგრილ დამოკიდებულებას – ეს ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება; როგორც ის, თუ რატომ მართავს აზერბაიჯანის ნაკრებში ყველაფერს ამდენი წლის განმავლობაში ზლატან ვანევი.
“აზერბაიჯანში სტუმრად ჩავალ. ისე კი, ყაზახეთის სახელით ვიასპარეზებ”, – ამბობს ნიჯატ რაგიმოვი.
არის კი პლუსები?
აზერბაიჯანმა პირველი ადგილი დაიკავა რიო-დე-ჟანეიროში მოპოვებული ოლიმპიური მედლებისა და მოასპარეზე სპორტსმენების რაოდენობის შესაბამისობის მიხედვით, და ამრიგად, ყველაზე ეფექტური ნაკრების წოდება მიიღო.
მთლიანობაში აზერბაიჯანმა რიოს ოლიმპიადაზე 18 მედალი მოიპოვა. ანუ, მედლების ჩათვლაში ქვეყანა 39-ე ადგილზე გავიდა, ხოლო მედლების რაოდენობის მიხედვით – მე-15-ზე.
18 ოლიმპიური მედალი – ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც აზერბაიჯანია. უბრალოდ, მათი მოპოვება აქაურ სპორტმენებსაც შეეძლოთ, დროულად რომ აღეზარდათ.
გამოქვეყნებულია:2.12.2016