წლის "ანტიგმირი" - ლარი
ფოტო : სერგო მარტიროსოვი
ციფრებისა და სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2016 წელი ქართული ეკონომიკისთვის წარმატებული არ ყოფილა. რამდენიმე მიმართულებით არსებული პროგრესის მიუხედავად, ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი ეკონომიკური გამოწვევები კვლავ დასაძლევი და გადასაჭრელია. სტატიაში შევეცადეთ, რომ მოკლედ მიმოგვეხილა ყველა ის ძირითადი პროცესი, რამაც ქართულ ეკონომიკაზე 2016 წელს მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა.
ლარის კურსი
უკვე ორი წელია, რაც ლარი გაუფასურებას განაგრძობს. მთავრობის წევრების მხრიდან გამოთქმული პოზიტიური მოლოდინის მიუხედავად, ეროვნული ვალუტის მდგომარეობა ყოველდღე უფრო კრიტიკული ხდება.
მიმდინარე წელს, პირველი ისტორიული ანტირეკორდი თებერვალში აღინიშნა, როდესაც ლარმა 2.50-იან ნიშნულს მიაღწია. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ლარმა გაუფასურება შეწყვიტა და დოლართან მიმართებაში გამყარება დაიწყო. ზაფხულის დასაწყისში კურსი 2.13-მდეც კი იყო ჩამოსული, რაც ტურისტული სეზონის მოსვლით და დოლარის ხარჯვით იყო გამოწვეული.
თუმცა, სექტემბერში კრიზისის მეორე ფაზა დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გაუფასურების ტემპის შესამცირებლად ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 180 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი ამ ნაბიჯს არ მოჰყოლია.
9 ნოემბერს ერთი აშშ დოლარის ფასი 2.45 ლარი იყო, 1 დეკმებრს კი მორიგი ისტორიული ანტირეკორდი დამყარდა და ლარის ნიშნულმა 2.55-ს მიაღწია.
2013 წელთან შედარებით, ლარსი კურსი დაახლოებით 52%-ითაა გაუფასურებული. 2016 წლის 19 დეკემბრის მონაცემებით, ერთი აშშ დოლარი სავაჭრო ჯიხურებში 2.80 ლარი ღირდა, რაც კიდევ ერთი ანტირეკორდია.
ეკონომისტები ეროვნული ვალუტის გაუფასურების რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ.
მიზეზი N1: ლარის მასის ზრდა. უკანასკნელ 6 თვეში ლარის მასა დაახლოებით ერთი მილიარდით (18%-ით) გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებით, კერძოდ კი რეფინანსირების განაკვეთის 8%-იდან 6.5%-მდე დაწევით არის გამოწვეული. აღნიშნული ცვლილება ერთი მხრივ ცუდად აისახება ლარის კურსზე, თუმცა დადებით ზემოქმედებას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.
მიზეზი N2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არასაკმარისი ზრდა. 2016 წლის სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენბელმა 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პარამეტრში ზრდა გასულ წელთან შედარებით დიდი არ იქნება. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, ჯამში 1,54 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
მიზეზი N3: ნაკლები საერთაშორისო კრედიტი და გრანტეი. სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო კრედიტების და გრანტების აღება უცხოური ვალუტის მიღების კიდევ ერთი გზაა. ამ მხრივ, მთავრობამ იანვარ-სექტემბერში დაგეგმილზე 150 მილიონი დოლარით ნაკლები აიღო, რამაც ასევე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ლარის კურსზე.
მიზეზი N4: საგარეო ფაქტორი. ეს არგუმენტი ლარის გაუფასურების გასამართლებლად ხშირად მოჰყავთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რაც ნაწილობრივ მართალია. სხვადასხვა რეგიონული და გლობალური მოვლენები ქართულ ეკონომიკაზე ნეგატიურ ზეგავლენას მართლაც ახდენს (რუსეთის წინააღმდგეს სანქციები, უკრაინის ომი და ა.შ). აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ დოლარის გამყარების ტენდენცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეინიშნება.
მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმა
ეკონომიკური ზრდის ტემპების დასაჩქარებლად და ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად მთავრობამ 2016 წლის ბოლოს ეკონომიკური ცვლილებების ე.წ.”ლარიზაციის 10-პუნქტიანი” პაკეტი წარმოადგინა.
პუნქტი N1: ონლაინ სესხების აკრძალვა. აღნიშნული ცვლილების საბოლოო ვერსია ჯერჯერობით უცნობია. თავდაპირველად პრემიერ-მინისტრმა მომხმარებლების დაცვის მიზეზით, ონლაინ სესხების სრული აკრძალვა დააანონსა, თუმცა მოგვიანებით უმრავლესობის არაერთმა ლიდერმა, აკრძალვის ნაცვლად, ბაზრის რეგულირებაზე ისაუბრა. ნებისმიერ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ცვლილებას ეკონომიკური თვალსაზრისით მხოლოდ ნეგატიური ზეგავლენა ექნება და უფრო მეტად პოპულისტური მიზანი გასდევს ფონად.
პუნქტი N2: თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გაზრდა. მომავალი წლის პირველი იანვრიდან თამბაქოზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც პირველ რიგში მომხარებლებზე აისახება. ფილტრიან სიგარეტზე ფასი მინიმუმ 60 თეთრით მოიმატებს, უფილტროზე კი 30 თეთრით. ზოგადად, აქციზისა და მოსაკრებლის გზით ხელისუფლებამ საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდა გადაწყვიტა და ეს ცვლილებაც ამ მიზანს ემსახურება.
პუნქტი N3: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების გამკაცრება. ამ ცვლილებას შედარებით ნაკლებად აქვს ეკონომიკასთან კავშირში. ხელისუფლების წევრების განცხადებით, ისინი “ევროპული სტანდარტის” დამკვიდრებას ცდილობენ.
პუნქტი N4: იპოთეკური სესხების სუბსიდირება. ეს ცვლილება შეგვიძლია ყველაზე უსამართლოდ და პოპულისტურად მივიჩნიოთ. მომავალი წლიდან მთავრობა ფინანსურად დაეხმარება ყველა იმ ადამიანს, ვინც იპოთეკური სესხი 2015 წლამდე დოლარში აიღო. ეს კი ნიშნავს შემდეგს, რომ მოსახლეობის ერთი ნაწილი, მათ შორის ყველაზე გაჭირვებული ფენა, მის მიერ გადახდილი ფულით და საკუთარი სურვილის გარეშე,”ეხმარება” სხვებს სესხის მომსახურებაში. უსამართლოსთან ერთად, ეს ცვლილება ნეგატიური ეკონომიკურ ეფექტს მოახდენს.
პუნქტი N5: იმპორტულ ავტომობილებზე აქციზის გაზრდა. მეორე პუნქტის მსგავსად, მიზანი ამ შემთხვევაშიც მეტი საბიუჯეტო შემოსავლის მიღებაა. მხოლოდ აღნიშნული ცვლილების გატარების შემდეგ 2017 წელს დამატებით 45 მლნ ლარის მობილიზება მოხდება. ამ ცვლილების შედეგად მოქალაქეები მანქანების განბაჟებისას 1.5-3-ჯერ ძვირს გადაიხდიან.
პუნქტი N6. ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაზრდა. ამ ცვლილებით საბიუჯეტო ხარჯები 250 მილიონი ლარით გაიზრდება, თუმცა პარალელურად საწვავზე ფასები მნიშვნელოვნად აიწევს. მომავალი წლიდან ბენზინი მინიმუმ 19 თეთრით მოიმატებს, დიზელი 23 თეთრით, ხოლო საწვავად გამოსაყენებელი ბუნებრივი აირი 12 თეთრით. აქციზის გადასახადის ზრდით გამოწვეულ ნეგატიურ ზეგავლენას, შესაძლოა, საერთაშორისო ფაქტორებიც დაემტოს, კერძოდ კი “ოპეკის” გადაწყვეტლება ნავთპროდუქტების შემცირებული რაოდენობით წარმოების შესახებ, რაც საწვავის სამომმხარებლო ფასს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.
პუნქტი N7: სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გაზრდა. ცვლილებების ავტორების თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზიც მომხარებლების დაცვაა. მოსაკრებლის ზრდა ამ სექტორს განვითარების ნაკლებ საშუალებას მიცემს, თუმცა, სავარაუდოდ, ვერც გაჭირვებულ მოსახლეობას ათქმევინებს უარს აზრატულ თამაშებზე.
პუნქტი N8: ადმინისტრაციული ხარჯების 10 პროცენტით შემცირება. ამ პაკეტში წარმოდგენილი ცვლილებების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, აღნიშნული ინიციატივა ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია და დადებითად აისახება ეკონომიკაზე. სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, ბიუროკრატიული ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებაა საჭირო. მეტი თვალსაჩინოებისთვის – დღეს საქართველოს და პოლონეთის საჯარო სექტორში თანამშრომლების თანაბარი რაოდენობაა დასაქმებული, ეს მაშინ, როცა პოლონეთი მოსახლეობის მხრივ საქართველოზე 10-ჯერ დიდი ქვეყანაა.
პუნქტი N9: მოგების გადასახადის გაუქმება. თავდაპირველი პროექტით, ამ რეფორმის საფუძველზე, ბიუჯეტში 500 მილიონი ლარით ნაკლები უნდა შემოსულიყო, თუმცა მოგვიანებით ეს ციფრი 300 მილიონამდე ჩამოვიდა. მიუხედავად ამისა, ეს ცვლილება ცალსახად პოზიტიურია და კერძო სექტორში ფულის მეტი რაოდენობით დატოვებას ემსახურება. აღნიშნული რეფორმა გაცილებით უფრო წარმატებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობა მოგების გადასახადიდან მისაღებ შემცირებულ თანხას აქციზისა და მოსაკრებლის გაზრდით არ დააბალნსებდა.
პუნქტი N10: ნებისმიერი პროდუქტის ან სერვისის ფასის ეროვნულ ვალუტაში გამოქვეყნება. ეს ცვლილება მოსახლეობის და კერძო სექტორის ლარზე დამოკიდებულების გაზრდას ემსახურება და მთავრობის მიერ წამოწყებული ე.წ. “ლარიზაციის” გეგმის ნაწილია. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ მომავალი წლიდან, 100 ათასს ლარზე ნაკლები ოდენობის სამომხარებლო სესხის აღება მხოლოდ ეროვნული ვალუტით იქნება შესაძლებელი. ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზანი ლარის კურზე დამოკიდებულის გაზრდაა, რათა მოსახლეობამ დოლარის გამყარებით მიღებული ზიანი უფრო ნაკლებად იგრძნოს.
ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები პოპულისტურია, ფუნდამენტური ზემოქმედება ეკონომიკაზე არ ექნება და პრობლემების მოკლევადიან აღმოფხვრაზეა ორიენტირებული. კითხვა ამ შემთხვევაშიც იგივე რჩება – რატომ არ აძლევს მთავრობა ბიზნესს თავისუფალი და მისთვის სასურველი არჩევანის საშუალებას?
ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებელი
ექსპორტის ზრდას ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ქვეყანაში დოლარის მეტი რაოდნობა შემოდის, რაც ლარის კურსის დასტაბილურებას და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.
სამწუხაროდ, 2016 წელი საქართველოსთვის წარმატებული ამ მხრივაც არ ყოფილა. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერის მონაცემებით, საქართველოში ექსპორტის მაჩვენებელმა 1.92 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს – 6%-ით, ხოლო 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენბელს 2%-ით ჩამორჩება.
ამ მაჩვენებლის შემცირების ძირითადი მიზეზი მსუბუქი ავტომობილების ექპორტის ვარდნაა, ასევე სტრატეგიულ სავაჭრო პარტნიორებთან (აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქეთი) საქართველოდან გასული პროდუქტის კლებაა.
სასურველი მდგომარეობა არც იმპორტის შემთხვევაში აღინიშნება.
2016 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, იმპორტი მუდმივ შემცირებას განიცდიდა. პირველი ზრდა კი ოქტომბერში (7.4%, ანუ 45 მლნ დოლარი) აღინიშნა. იმპორტის შემცირება, ან მცირე ტემპებით ზრდა ავტომატურად ნიშნავს ქვეყნის ვაჭრობისა და ეკონომიკის შემცირებას.
ტრადიციულად, ცუდი მდგომარეობა გვაქვს იმპორტისა და ექსპორტის ბალანსის კუთხით. 2016 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საგარეო ვაჭრობის დეფიციტი 6,9 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღნიშნული მაჩვნებელი კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყნიდან გაცილებით უფრო მეტი დოლარი გადის, ვიდრე შემოდის, შესაბამისად უარყოფითი სხვაობა კვლავ დიდია.
საერთაშორისო რეიტინგები
2016 წლის განმავლობაში, საქართველომ სხვადასხვა ავტორიტეტულ რეიტინგსა და კვლევაში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. აღნიშნული შედეგები ქვეყანას პირველ რიგში უცხოელი ინვესტორების დაინტერესებში შეუწყობს ხელს.
ბიზნესის კეთების ინდექსის ახალი ანგარიშის (Doing business 2017) მიხედვით, საქართველომ მდგომაროება შვიდი პოზიციით გაიუმჯობესა და 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე გადიანაცვლა. აღნიშნული რეიტინგი მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევას ეფუძება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესგარემოს აღწერს და იძლევა ინფორმაციას, თუ რომელ ქვეყანაშია ბიზნესის კეთება ყველაზე იოლი. ანგარიშის თანახმად, საქართველომ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 5 რეფორმა განახორციელა, რამაც რეიტინგში დაწინაურება განაპირობა. რეფომების რაოდენობის მხრივ, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საქართველოს მხოლოდ ყაზახეთმა აჯობა (8 რეფორმა).
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი კიდევ ერთი საერთაშორისო რეიტინგია, სადაც საქართველომ შვიდი საფეხურით მიაღწია პროგრესს და 59-ე ადგილზე გადავიდა. ქვეყნებს შორის გლობალური კონკურენტუნარიანობის საკითხზე შვეიცარული ორგანიზაცია – “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” (WEF) მუშაობს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული 2016-2017 წლის ანგარიში 2015 წლის მონაცემებს ეყრდნობა.
გასულ წელს მსოფლიოს ბანკმა ორი კვლევა ჩაატარა, სადაც საქართველომ პოზიციები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.
პირველი კვლევის მიხედვით დგინდება, რომ ქვეყანაში უკიდურესი სიღარების მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება. ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოში მოსახლეობის 46% დღიურად 2,5 აშშ დოლარზე ნაკლებს მოიხმარდა, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 32%-მდე შემცირდა. კვლევის ავტორების პროგნოზით, 2018 წლისთვის უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 25%-მდე იქნება შემცირებული.
მსოფლიოს ბანკის მეორე კვლევის მიხედვით, საქართველომ 2016 წელს საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნების კალათიდან, საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა. აღნიშნულ სტატისტიკაში უკანასკნელად პროგრესი 2004 წელს განვიცადეთ.
სხვადასხვა სტატისტიკური მაჩვენებელი
2016 წელს საქართველოს ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და სარეკორდო ნიშნულს მიაღწია. 11 თვის მონაცემების მიხედვით, ჯამში გასულ წელს 5,9 მილიონი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა ქვეყანაში, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7,9%-ით (400 ათასი ადამიანი) აღემატება.
ტურისტების რაოდენობის ზრდა აეროპორტებზეც აისახა, სადაც მიმდინარე წლის პირველი 9 თვის მონაცემების მიხედვით, მგზავრთა ნაკადი, გასულ წელთან შედარებით, 24,6%-ითაა გაზრდილი, 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით კი 108%-იანი ზრდა აღინიშნა.
ინფლაციის მაჩვენებელმა ნოემბრის მდგომარეობით 2,4% შეადგინა, რაც გასული წლის მსგავს მაჩვენებელს 0.2%-ით აღემატება. ფასების ზრდა ძირითადად ალკოჰოლურ სასმელებზე, საკვებზე და თამბაქოს პროდუქტებზე მოხდა.
შარშანდელ წელთან შედარებით, გაზრდილია უცხოეთიდან ფულადი ჩარიცხვის მაჩვენებელიც. 2016 წლის ათი თვის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 934 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 47 მილიონი დოლარით აღემატება. ზრდის ტენდენცია გადარიცხვების ნაწილშიც შეინიშნება და იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ამ მაჩვენებელმა 159 მილიონი დოლარი შეადგინა.
წლის მთავარი ეკონომიკური პროექტი – ანაკლიის პორტი
2016 წლის თებერვალში საბოლოოდ გადაწყდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა გაგრძელდებოდა. “ანაკლიის განვითარების ფონდის” და საქართველოს მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყება, რომლის ჯამური ღირებულებაც 2.5 მილიარდი აშშ დოლარი იქნება. აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულება მნიშვნელოვან პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკაზე.
რას ველოდოთ 2017-ში?
2015 წელთან შედარებით, გაუმჯობესებული მაჩვენებლების მიუხედავად, მიმდინარე წელი ქვეყნისთვის ეკონომიკისთვის მძიმე და მტკივნეული აღმოჩნდა.
ყველა ძირითადი პრობლემა და გამოწვევა, რომელიც საქართველოს გასულ წლებში ჰქონდა, კვლავ სახეზეა და 2016 წელს მათი აღმოფხვრა არ მომხდარა. ყველაზე მძიმედ მოსახლეობას ლარის კურსის სწრაფი გაუფასურება აზარალებს, რომელიც დიდი ალბათობით სულ მალე 3.0-იან ნიშნულსაც ასცილდება.
მთავრობის მიერ დაანონსებული ცვლილებები, აშკარად არასაკმარისად, ზოგი ეკონომისტის აზრით კი, პირიქით, ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელმაც მესამე კვარტალში 2.3% შეადგინა. ამას ემატება უცხოური ინვესტიციების მცირე რაოდენობა და სხვა შიდა თუ გარე ფაქტორებიც.
2017 წელს მთავრობას 4.0%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს დაგეგმილი. ეკონომიკური ზრდის ამ ტემპით, ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყნების დღევანდელ მაჩვენებელს რომ დაეწიოს, საქართველოს რამდენიმე ათწლეული დასჭირდება.