კრემლი კვლავ ცდილობს აფხაზეთთან საინვესტიციო შეთანხმების დადებას. ოპოზიცია ამ ფაქტს სოხუმის შიდა საქმეებში ჩარევას უწოდებს
აფხაზეთი რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების წინააღმდეგია
კრემლი კვლავ ააქტიურებს ინიციატივას, რომელიც დიდ რუსულ კაპიტალს აფხაზეთში საგადასახადო შეღავათებსა და განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. თავის მხრივ, აფხაზური ოპოზიცია ამას სოხუმის შიდა საქმეებში ჩარევად აღიქვამს.
საერთო განცხადება ამ თემაზე რამდენიმე ოპოზიციურმა ორგანიზაციამ გაავრცელა. ამის ფორმალურ მიზეზად რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, დმიტრი ვოლვაჩის ინტერვიუ გახდა რუსულ სამთავრობო ТАСС-თან.
ინტერვიუში ვოლვაჩმა კვლავ წამოწია რუსეთ-აფხაზეთს შორის საინვესტიციო შეთანხმების თემა, რომელიც, მისი თქმით, უნდა იცავდეს ინვესტორების კაპიტალსა და უფლებებს.
საუბარია იმავე შეთანხმებაზე, რომლის რატიფიკაციის მცდელობამ 2024 წლის ნოემბერში აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი, ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ვადამდე გადადგომა და სახელმწიფო გადატრიალება გამოიწვია.
შეთანხმებას მკვეთრად უარყოფითად აფასებენ ადგილობრივი ბიზნესმენები, ოპოზიციური ჯგუფები და სამოქალაქო საზოგადოება. მათი შეფასებით, დოკუმენტი არა მხოლოდ აფხაზური ბიზნესისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ რუსული კომპანიები რვაწლიანი ვადით გათავისუფლდებიან საბაჟო მოსაკრებლებისგან სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის შემოტანისას, ასევე ქონებისა და მოგების გადასახადებისგან. დამატებითი ღირებულების გადასახადი (დ.ღ.გ.) მათთვის მხოლოდ ხუთი პროცენტი იქნება — ორჯერ ნაკლები, ვიდრე მოქმედი განაკვეთი.
გარდა ამისა, აფხაზეთის მთავრობა ვალდებულია, პრივილეგირებული ინვესტორებისთვის, რომლებიც ცალკე რეესტრში შევლენ, ენერგომომარაგების და ინფრასტრუქტურულ ქსელებზე წვდომის უპირატესობა უზრუნველყოს.
დოკუმენტის მიხედვით, ინვესტორს უფლება ექნება აფხაზეთის მთავრობის მიერ გადაცემული მიწის ბანკში გირაოდ ჩადების. შესაბამისად, თუ ინვესტორი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, ბანკს ექნება შესაძლებლობა მიწა წაიღოს.
“აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის საინვესტიციო შეთანხმების შესახებ განცხადებებს ნაჩქარევად და ნაადრევად მივიჩნევთ. გავიხსენოთ, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ამ საკითხმა ჩვენს ქვეყანაში მწვავე სოციალურ-პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია“, – წერს ოპოზიცია ერთობლივ განცხადებაში.
ოპოზიცია იხსენებს, რომ შეთანხმების პროექტს ადრე უარყოფითი შეფასება მისცა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ, რომელიც ამჟამად კრემლში აფხაზური მიმართულების კურატორია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალ აფხაზურ მთავრობას ჯერ არ წარუდგენია ეროვნული განვითარების სტრატეგია, რის ფონზეც მსგავსი ინიციატივები უკიდურესად ნაადრევად და რეალობასთან შეუსაბამოდ გამოიყურება:
“მრავალმილიონიანი რუსული კაპიტალისთვის შეღავათების საკითხის კვლავ წამოწევა — როცა არ არსებობს სისტემური გარანტიები სხვა ინვესტორებისთვის — აღიქმება როგორც ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს შიდა პროცესებში. ეს კი ქვეყანაში ახალი დესტაბილიზაციისა და სოციალური დაძაბულობის საფრთხეს ქმნის.“
განცხადების ავტორები რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დააჩქაროს მოვლენები და ააგოს აფხაზეთთან ურთიერთობა ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და აფხაზეთის ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინების პრინციპზე — და არა მხოლოდ მსხვილი რუსული ბიზნესის ვიწრო წრის ინტერესებზე.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო