აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და კიდევ 42 პოლიტიკოსმა საქართველოს მეგობრების საერთაშორისო ჯგუფი შექმნეს და ყველა “თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას” ერთობლივი წერილით მიმართეს. მათ მოუწოდეს მთავრობებს, “უარყონ ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი და მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში”.
“ჩვენ, ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკის შემქმნელები მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი.
ჩვენ მოვუწოდებთ ერთიანი პოლიტიკისკენ, რომლის თანახმადაც არ უნდა გაიმართოს არანაირი მაღალი დონის შეხვედრები თავისუფალ და სამართლიან მთავრობებსა და ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის იქამდე, სანამ ისინი არ დათანხმდებიან ახალ, სათანადო მონიტორინგის ქვეშ ჩატარებულ არჩევნებს.
გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ ერთიანი სანქციების დაწესებისკენ ივანიშვილის რეჟიმისა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისა და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიას
ივანიშვილის პარტია ქართულმა ოცნებამ აირჩია, იგნორირება გაუკეთოს ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ლეგიტიმურ შეშფოთებას ბოლო დროს ჩატარებულ არჩევნებზე, ჩამოაყალიბა ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო და ცალმხრივი წესით აირჩია ახალი პრეზიდენტი. მათ სისასტიკით უპასუხეს ასობით ათასი ადამიანის ღამის პროტესტს. ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივი განცხადების ხელმომწერები არიან:
ჯო უილსონი (კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე), სტივ კოენი (კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ერთ-ერთი ლდიერი), რიჩარდ ჰადსონი (კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრი), მარკ უიზი (კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრი), მიჰალ შჩერბა (ევროპარლამენტარი), ირმა კალნინა (ლატვიის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ეერიკ-ნიილეს კროსი (ესტონეთის პარლამენტის წევრი, PACE-ში ALDE-ის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი), მიხაილ როთი (გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ტომ ტუგენჰატი (დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი), მარკო მიჰკელსონი (ესტონეთის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), რადოსლავ ფოგელი (პოლონეთის სეიმის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), გუსტაფ გოთბერგი (შვედეთის პარლამენტის წევრი), ურმას რეინსალუ (ესტონეთის პარლამენტის წევრი) და სხვები.