"იშვილე სოფელი"
პროექტი ‘იშვილე სოფელი’უკვე დაიწყო.პირველი ‘ნაშვილები’ სოფელი არის არენი, პირველი მეურვე კი – ახალი ზელანდია, უფრო სწორად კი – ამ ქვეყნის სომხური სათვისტომო.
‘შვილად აყვანა’ გულისხმობს, გლეხებისა და ფერმერების საჭიროებისამებრ,მათთვის არა პირდაპირი ფინანსური დახმარების გაწევას,არამედ რომელიმე ქვეყანაში არსებული სომხური სათვისტომოს მიერ მათ შესაბამის ორგანიზაციებთან დაკავშირებას. ასევე, შესაძლებელია ცალკეულ ქველმოქმედთა მხრიდან სოფლის მკვიდრთათვის ფინანსური და სხვა სახის დახმარებების გამოყოფაც.
‘საქმე ისეთ მსხვილ ფინანსურ პროექტებს არ შეეხება, რომლებიც კორუფციის საფუძვლად შეიძლება იქცეს.იგეგმება მიკროპროექტების ისეთი სისტემის ამუშავება, სადაც ნაღდი ფული არ იქნება ჩართული.თუმცა, სომხურ სოფლებს უცხო ქვეყნების სომხურ სათვისტომოებთან ექნებათ კავშირი’, – ასე განმარტავენ პროექტის არსს პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ამგვარად,პროექტი მხოლოდ სოფლის განვითარებას კი არა,სათვისტომოებსა და დედასამშობლოს შორის ურთიერთობების გამტკიცებასაც შეუწყობს ხელს. საზღვარგარეთ მცხოვრებ ბევრ სომეხს სურს, დაეხმაროს თავის სამშობლოს, მაგრამ არ იციან, რითი დაიწყონ – რა სჭირდება დღეს ყველაზე მეტად სომხეთს? ასეთ ადამიანებს ეს პროექტი უნიკალურ შანსს აძლევს,ისტორიული სამშობლოს განვითარებაში წვლილი შეიტანონ. და თუკი სოფლის მოსახლეობის – საზოგადოების ამ ყველაზე მოწყვლადი ნაწილის – კეთილდღეობის დონე მოიმატებს, ეს მართლაც ფასდაუდებელი მნიშვნელობის საქმე იქნება.
პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციის ხელშეწყობა და სათანადო სპეციალისტების,მათ შორის – მარკეტინგის მენეჯერების მომზადება.გარადა ამისა, პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება სოფლების ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას როგორც სამეურნეო მანქანა-დანადგარებით,ისე საინფორმაციო ტექნოლოგიებით. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ‘იშვილე სოფელი’ ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად.
როგორც პროექტის განმარტებით პროგრამაშია მითითებული, მასში არამხოლოდ დიდი, არამედ პატარა სოფლებიც ჩაერთვებიან. კოორდინაციის გასამარტივებლად სათვისტომოები დიდი სოფლების მამასახლისებთან იმუშავებენ, რომლებიც, თავის მხრივ, მიმდებარე მცირე სოფლებისთვის შემუშავებული გეგმების შესრულებაზე იქნებიან პასუხისმგებელნი.თუკი არენიში დაწყებული პირველი ‘შვილად აყვანა’ წარმატებით შესრულდება, პროექტი მთელი ქვეყნით მასშტაბით ამოქმედდება;და უკვე წინასწარაა განსაზღვრული, თუ რომელი ქვეყნის დიასპორა დაეხმარება სომხეთის ამათუიმ მხარეს.
‘შვილად აყვანის’ იდეა პროექტის ავტორს,ლენ უიკსს სომხეთში სტუმრობის შემდეგ მოუვიდა. სტუმარს, პირველ რიგში, სოფლის მოსახლეობის გაჭირვება მოხვდა თვალში.ლენმა ის ადგილებიც დაათვალიერა, რომლებიც ტურისტების მისაზიდად ივარგებს,თუკი იქ სათანადო ინფრასტრუქტურა შეიქმნება.
პროექტის ავტორს მიაჩნია,რომ ამ იდეის წარმატებით განხორციელება,გამჭვირვალე ფინანსირება და მიღებული თანხების მიზნობრივი ხარჯვა დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს. ინვესტიციების მოსაზიდად ხომ პროგრესი, ნდობა და გამჭვირვალობაა საჭირო. ინვესტორები იმ სფეროებს დააფინანსებენ, სადაც ფულადი რესურსები ყველაზე მეტადაა საჭირო,და რაც ადამიანებს დაასაქმებს.ახალი სამუშაო ადგილების შექმნა კი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ვინ არის ლენ უიკსი და ასე რატომ შესტკივა გული სომხეთზე?თავის შესახებ მან ეს გვითხრა:’მე ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მოქალაქე ვარ.ჩემი მეუღლე სომეხია.სომხეთი და მისი ისტორია სწორედ მან აღმომაჩენინა’. ამ აღმოჩენაზე ლენი წერს თავის რომანში, რომელსაც ‘წარმოშობა.აღმოჩენა’ დაარქვა. ნაწარმოები სომეხთა გენოციდს ეძღვნება. ამჟამად უიკსი რომანის ეკრანიზაციითაა დაკავებული.