იმედგაცრუება მოკავშირეში? სომხეთის ხელისუფლება რუსეთსა და ОДКБ-ს აკრიტიკებს
ОДКБ-ს კრიტიკა სომხეთის ხელისუფლების მხრიდან
მას შემდეგ, რაც 2021 წლის მაისში, რუსეთის მიერ შექმნილმა სამხედრო ბლოკმა ОДКБ-მ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) სომხეთის დახმარებაზე უარი თქვა – როდესაც ქვეყნის ხელისუფლებამ პირველად განაცხადა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ მის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ – ორგანიზაციის ეფექტურობის საკითხი ეჭვქვეშ დადგა.
მომავალში, სომხეთის ხელისუფლებამ ამ ორგანიზაციას კიდევ უფრო სკეპტიკურად შეხედა, რადგან აზერბაიჯანი კვლავ აგრძელებდა შეტევას სომხეთის საზღვრის სხვადასხვა მიმართულებით.
მიუხედავად ამისა, ფაშინიანის მთავრობა დელიკატურად ცდილობდა თავიდან აეცილებინა საუბარი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ.
ამასთან, ქვეყნის ხელმძღვანელობამ არაერთხელ გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, სომხეთმა ОДКБ დატოვოს.
ОДКБ-ს წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
“კავკაზკი უზელმა“ მოამზადა რეპორტაჟი, თუ რა მოხდა ბოლო წლებში და როგორ რეაგირებდა სომხეთი რუსეთისა და მისი მოკავშირეების უმოქმედობაზე ОДКБ-ს სამხედრო ბლოკში.
სტატიას ვაქვეყნებთ მცირე შემოკლებით.
“ერევანი ელოდა სამხედრო დახმარებას ОДКБ-სგან, მაგრამ ვერ მიიღო”
ნიკოლ ფაშინიანმა ОДКБ დაადანაშაულა 2021 წლის მაისში სოტკ-ხოზნავარის სექტორში, აზერბაიჯანელი სამხედროების ქმედებებზე არასათანადო რეაგირებაში.
27 მაისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სოტკ-ხოზნავარის მონაკვეთზე, ექვსი სომეხი ჯარისკაცი საინჟინრო სამუშაოების შესრულებისას ტყვედ აიყვანეს. იმ დროს პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეს გატაცებად მიიჩნია, რადგან სამხედროები საკუთარ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. 12 მაისის შემდეგ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე რამდენიმე კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და სომხური მხარის მოთხოვნის მიუხედავად, ჯერაც არ გასულან.
„ОДКБ-ს რეაგირება მომხდარზე, მარცხი იყო თავად ორგანიზაციისთვის. არსებული პროცედურების საწინააღმდეგოდ, ОДКБ-ს ჯერაც არ მიუღია გადაწყვეტილება ადგილზე მონიტორინგი ჩაეტარებინა, რაც ამართლებს სომეხი საზოგადოების მრავალწლიან შიშს, რომ სომხეთის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ორგანიზაცია შესაბამის დროს არაფერს გააკეთებს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა 2022 წლის მაისში.
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა 2022 წლის სექტემბერში განმარტა, რომ ერევანი ელის ОДКБ-სგან „სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას“, მაგრამ ვერ იღებს.
გრიგორიანის თქმით, სომხეთს სჭირდება ОДКБ-ს მხარდაჭერა, რათა დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და გაიყვანოს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის ტერიტორიიდან:
„ეს იყო ჩვენი მოთხოვნა ОДКБ-ს მიმართ და ის ჯერაც არ შესრულებულა. ბუნებრივია, ეს არ გვაკმაყოფილებს.“
თუ რუსეთი და სხვა მოკავშირეები არ დაიწყებენ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას, სომხეთმა შეიძლება დატოვოს ОДКБ, განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა 2022 წლის სექტემბერში.
ნიკოლ ფაშინიანმა ასევე დაადანაშაულა კრემლი სომხეთთან დაკავშირებით „ფაქტებით სპეკულირებაში“ და რეალური ქმედებების ნაცვლად „გამოგონილი მიზეზების“ ძიებაში.
ფაშინიანის თქმით, ОДКБ-ში უსაფრთხოების საკითხების განხილვისას მან მიიღო მკაფიო გარანტიები, რომ სომხეთის საზღვარი ორგანიზაციისთვის „წითელი ხაზი“ იყო, მაგრამ „აღმოჩნდა, რომ წითელი ხაზები მხოლოდ ცარიელი სიტყვებია“.
„ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ ОДКБ-სთვისაც. ბოლოს და ბოლოს, თუ იტყვით, რომ არ არსებობს საზღვარი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მაშინ არ არსებობს ОДКБ, რადგან მას აქვს პასუხისმგებლობის ზონა, რომელიც განისაზღვრება საზღვრებით. თუ არ არის საზღვარი, მაშინ არ არის პასუხისმგებლობის სფერო, თუ არ არის პასუხისმგებლობის სფერო, მაშინ არ არსებობს ორგანიზაცია.“ – განაცხადა ფაშინიანმა.
CSTO-ს არაფერი აქვს საერთო სომხეთის საზღვარზე
2022 წლის 23 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა უარი თქვა ОДКБ-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს დეკლარაციაზე და ერევნის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების პროექტზე. მიზეზი აზერბაიჯანის ქმედებების საკითხზე ორგანიზაციის მკაფიო პოლიტიკური პოზიციის არარსებობა გახდა. ОДКБ-ს სამიტზე ფაშინიანმა გაიმეორა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიების მიუხედავად, სომხეთი ბაქოს მხრიდან შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლია.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში სომხეთზე სულ მცირე სამჯერ განხორციელდა აზერბაიჯანის მხრიდან აგრესია. დამთრგუნველია, რომ სომხეთის წევრობამ ОДКБ-ში ვერ შეაჩერა აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებები და ფაქტობრივად დღემდე ვერ მივიღეთ ОДКБ–ს პასუხი ამ ყველაფერზე. ეს ფაქტები დიდ ზიანს აყენებს ОДКБ-ს იმიჯს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მან დასძინა, რომ ამ ორგანიზაციაში სომხეთის ყოფნის მთავარ წარუმატებლობად სწორედ აზერბაიჯანის ქმედებებზე ОДКБ-ს რეაგირების ნაკლებობას მიიჩნევს.
“2022 წლის იანვარში, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, ОДКБ-ს მხოლოდ ერთი დღე დასჭირდა ჯარების ყაზახეთში შესაყვანად და ამან დიდწილად ხელი შეუწყო სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილებას.” – გაიხსენა ფაშინიანმა.
2022 წლის 27 ნოემბერს, ОДКБ-მ სომხეთს მხარდაჭერის ახალი პაკეტები შესთავაზა, ამის გაანალიზების შემდეგ კი ფაშინიანმა განაცხადა, რომ ისინი „არ შეიცავს კონკრეტულ და პოლიტიკურ შეფასებებს“ სომხეთსა და აზერბაიჯანის საზღვარზე კონფლიქტის ესკალაციის შესახებ.
„2021 წლის მაისიდან 2022 წლის 13 სექტემბრამდე სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აგრესია ორმაგად მტკივნეული იყო, რადგან ჩვენმა უსაფრთხოების მოკავშირეებმა მარტო დაგვტოვეს – ამჯობინეს დარჩენა პასიური დამკვირვებლის სტატუსში“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, სომხეთი ОДКБ-სგან ორ რამეს ელის: პასუხისმგებლობის არეალის განსაზღვრას და სომხეთის საზღვარზე აზერბაიჯანის ქმედებების მკაფიო შეფასებას.
რუსი სამშვიდობოების კრიტიკა
2022 წლის დეკემბერში სომხეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ფაშინიანმა გააკრიტიკა რუსეთის სამშვიდობო კორპუსი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა მთიანი ყარაბაღის ხანგრძლივი ბლოკადა.
„რა თქმა უნდა, ეს აზერბაიჯანის ქმედებებით არის განპირობებული, მაგრამ ეს არ ცვლის სიტუაციის არსს. რა არის რუსი სამშვიდობოების ყოფნის მთავარი მიზანი? – არ დაუშვან უკანონო ქმედებები და ლაჩინის დერეფანი მუდმივი კონტროლის ქვეშ იყოს“, – განაცხადა მან.
2022 წლის 27 დეკემბერს პუტინთან შეხვედრაზე სომხეთის პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ გაიხსენა რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის საკითხი:
„ლაჩინის დერეფანი თითქმის 20 დღეა გადაკეტილია. ეს არის რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის სფერო მთიან ყარაბაღში. და მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთის ფედერაციის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის და სომხეთის პრემიერმინისტრის სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. აზერბაიჯანის რესპუბლიკამ გარანტია მოგვცა, რომ ლაჩინის დერეფნის გასწვრივ მგზავრები და ტვირთები შეუფერხებლად გადაადგილდებოდნენ. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ლაჩინის დერეფანი არ არის რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ.“
2022 წლის 12 დეკემბრიდან ლაჩინის დერეფნის გადაკეტვის გამო მთიანი ყარაბაღი გარე სამყაროსთან კომუნიკაციას ფაქტობრივად მოკლებულია. აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა რუსი სამშვიდობოების თანდასწრებით გადაკეტეს გზატკეცილი. 120 000 ადამიანი სამ თვეზე მეტია ბლოკადაში ცხოვრობს.
„თუ აღმოჩნდება, რომ რუსეთი ობიექტური ან სუბიექტური მიზეზების გამო ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს, მან უნდა მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოს რუსეთის სამხედრო კონტინგენტის საერთაშორისო მანდატის მინიჭების მოთხოვნით, ან ახალი, მრავალეროვნული სამშვიდობო ძალების გაგზავნის მოთხოვნით“, – ასეთი იყო სამშვიდობოების კრიტიკა ფაშინიანის მხრიდან.
„არავინ უარყოფს, რომ დღეს რუსი სამშვიდობოები უზრუნველყოფენ მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების უსაფრთხოებას, მაგრამ გვაქვს ფაქტებიც, როდესაც აზერბაიჯანელებმა დაარღვიეს შეთანხმებები სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში, მაგალითად, ფარუხში. მაგრამ რუსებისგან რეაქციას ვერ ვხედავ. რეაქციის არარსებობის შემთხვევაში, გამოდის, რომ რუსეთის სამხედროების ყოფნა არამარტო არ იძლევა სომხეთის უსაფრთხოების გარანტიას, არამედ, პირიქით, საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას.“ – განაცხადა პრემიერმა.
სომხეთის იძულება თანამშრომლობისკენ
2022 წლის 27 დეკემბერს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა საზოგადოებრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეჭრა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე 2022 წლის 13 სექტემბერს, ისევე როგორც ლაჩინის დერეფნის დაბლოკვა, არის რუსეთის ზეწოლა სომხეთზე.
გრიგორიანის თქმით, სწორედ ამით არის განპირობებული სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების კრიზისი, რაც კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიხატა ბოლო პერიოდში. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ასევე პირველად დაადასტურა ზოგიერთი სომეხი დეპუტატის განცხადებები, რომ რუსეთი აიძულებს სომხეთს გაწევრიანდეს საკავშირო ორგანიზაციაში. გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ეწინააღმდეგება სტრატეგიული მოკავშირის ამ სურვილს და პასუხს სამხედრო ზეწოლის სახით იღებს.
სომხეთის უარი ОДКБ-ს წვრთნების მასპინძლობაზე
2023 წლის იანვარში ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი მიზანშეუწონლად მიიჩნევს ОДКБ-ს წვრთნების ჩატარებას სომხეთში.
„სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ წერილობით აცნობა ОДКБ-ს გაერთიანებულ შტაბს, რომ შექმნილ ვითარებაში მიზანშეუწონლად მიგვაჩნია სომხეთში წვრთნების ჩატარება. ეს წვრთნები სომხეთში, ყოველ შემთხვევაში, წელს არ ჩატარდება“, – განაცხადა მან.
2023 წლის 13 მარტს სომხეთმა უარი თქვა ОДКБ-ს 15-ის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზე თავისი წარმომადგენლის დასახელებაზე. თუმცა, 14 მარტის პრესკონფერენციაზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი თანახმა იქნება მისი წარმომადგენლის დანიშვნაზე.
სომხეთის ОДКБ-დან გასვლის შესაძლებლობის კომენტირებისას, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხური მხარე ამ გადაწყვეტილებაში სახელმწიფო ინტერესებით იხელმძღვანელებს:
„რაც შეეხება ОДКБ-ს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს? იქნებ ОДКБ-მ დატოვოს სომხეთი? იქნებ მთელი ეს სიტუაცია იმაზე მიუთითებს, რომ ОДКБ სომხეთიდან გასვლას აპირებს? ნებისმიერ საკითხზე ჩვენი პოზიციის გარკვევის, შენარჩუნების ან შეცვლისას ჩვენ ვხელმძღვანელობთ სომხეთის სახელმწიფო ინტერესებით.“
რუსეთთან ურთიერთობების კრიზისზე
სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმაც.
„სომხურ-რუსეთის ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზეა და რუსეთი სომხეთის უსაფრთხოების გარანტია, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო დროს პრობლემები გვაქვს – განსაკუთრებით 2022 წლის 13 სექტემბრის მოვლენების შემდეგ. სექტემბრის თავდასხმა განხორციელდა ზუსტად სომხეთის ტერიტორიაზე, სომხეთისთვის სამხედრო დახმარება უნდა გაეწიათ რუსეთს და ОДКБ–ს.“ – განაცხადა ხაჩატურიანმა.
მისი თქმით, ერევანში იმ დროს რუსეთის პოლიტიკურ ქმედებებსაც ელოდნენ:
“ჯერ არც ერთი და არც მეორე არ მომხდარა. რა თქმა უნდა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთიც მონაწილეობდა, მაგრამ მოლაპარაკებებში ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა და ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა.“