ჰომოფობიით სპეკულირება
რეფერენდფუმი
არც ისე დიდი ხნის წინათ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა საინიციატივო ჯგუფის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ერთი და იგივე სქესის ადამიანების ქორწინების შესაძლო ლეგალიზაციასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.
შეკითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც საქართველოს მოსახლეობას სთავაზობენ, სენსაციურად ჟღერს – ‘გსურთ თუ არა, რომ საქართველოში დაიშვებოდეს ქორწინება ერთი და იგივე სქესის წარმომადგენლებს შორის?’
მაგრამ ცენტრალური საარჩევნო კომისიაში გავლილი რეგისტრაცია არაფერს ნიშნავს. რეფერენდუმი მართლაც რომ ჩატარდეს, ამისთვის აქტივისტებმა 200 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ, რომელიც ‘ცესკოს’ გადაეცემა. კომისიამ ხმები უნდა დაითვალოს და გადასცეს ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს, ჩატარდეს რეფერენდუმი, თუ არა.
ყველასთვის ცხადია, რომ საკმარისი რაოდენობის ხელმოწერა არ შეგროვდება.
საქართველოს მოქალაქემ, გიორგი ტატიშვილმა, რომელიც თავს ‘LGBT’ საზოგადოების უფლებების დამცველად მიიჩნევს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით არატრადიციული ორიენტაციის მქონე წყვილების ქორწინების დაკანონების შესახებ. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ შეიკრიბა საინიციატივო ჯგუფი მოთხოვნით, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი. როგორც რეფერენდუმის ერთ-ერთი ინიციატორი, ზურაბ თოლორაია აღნიშნავს, მისი მიზანია, რომ ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს.
‘გვსურს, რომ ამ თემის გარშემო დაწყებული საუბრები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. ხომ ვამბობთ, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა! ასეთ შემთვევაში, საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მისაღებია მისთვის ურთიერთობის მსგავსი ფორმები,’ – განუმარტა ჟურნალისტებს თოლორაიამ
მაგრამ თავად LGBT საზოგადოების წარმომადგენლები და მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციები სპეკულაციებზე საუბრობენ. ‘თაღლითი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული,’ – ასე დაახასიათა გიორგი ტატიშვილი უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ.
‘ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ ‘სწორი’ არჩევანი გააკეთოს ‘გარყვნილ ევროპასა’ და ერთადერთ რუსეთს შორის’, – მიიჩნევს პატარაია
ცვლილებები კონსტიტუციაში
ეს კამპანია დაემთხვა ხელისუფლების ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. აღნიშნული რეფორმაც LGBT საზოგადოებას ეხება და კონსტიტუციაში მოქალაქეთა იმ კატეგორიის მითითებას გულისხმობ, რომელთაც დაქორწინების უფლება აქვთ.
‘ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულება, როგორიც ქორწინებაა, ქვეყნის კონსტიტუციის დონეზე უნდა იყოს დაცული,’ – განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ასე იქნება ჩამოტალიბებული: ‘ქორწინება, რომელიც ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს წარმოადგენს.’ კონსტიტუციის ამჟამად მოქმედ ვერსიაში ეს პარაგრაფი პოტენციური მეუღლეების სქესობრივი კუთვნილების ხაზგასმის გარეშეა ფორმულირებული, რაც, რეფორმების ინიციატორების მტკიცებით, მუხლის მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
თუმცა, ქვეყნის სამოქალაქო კოდექსი აზუსტებს, რომ ქორწინება ‘ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს’ წარმოადგენს და კრძალავს ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლების ქორწინებას.
სექსი და არჩევნები
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ბოლო დროს LGBT საზოგადოების შესახებ წარმართული ყველა საუბარი პირდაპირ უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიას.
‘საზოგადოებაში ევროპასთან მიმართებით სხვადასხვა ‘ფობიის’ კულტივაცია ხდება. მაგალითად, ზოგიერთს მიაჩნია, რომ თუკი ხელისუფლება მეტისმეტად დამთმობი იქნება, ევროპას ჩვენი ბაზრის შევიწროვება შეუძლია და შედეგად ჩვენი პროდუქცია დასავლეთში საერთოდ გაქრება. საზოგადოებაში არსებობს იმის შიში, რომ ევროპა მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენას შეზღუდავს. ამ შიშების სიაშია ერთი და იგივე სქესის წარმომადგენლების ქორწინების ლეგალიზაციაც. ყველა ეს ‘ფობია’ პროპაგანდისტული მანქანის პროდუქტია, და სხვა არაფერი,’ – ფიქრობს საყვარელიძე.
საქართველოში მართლაც დიდი მონდომებით ემზადებიან საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. მმართველი კოალიცია განხეთქილების პირას არის და ‘სქესის საკითხი’, შესაძლოა, ხელახლა გაერთიანების მცდელობად თუ არა, ისეთ საკითხად მაინც იქცეს, რაც ამ პოლიტიკური სუბიექტის შიგნით მოსაზრებების თანხვედრას გამოიწვევს. ტრადიციული ღირებულებების დაცვის საკითხი ჯერ კიდევ პოპულარულია ამომრჩეველთა შორის.
პოლიტიკა და დისკრიმინაცია
იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა საქმიანობაც LGBT თემის საკითხებთანაა დაკავშირებული, უკვე რამდენიმე განცხადება გამოაქვეყნეს, რომლებშიც პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებს ამ თემით სპეკულირების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ – კონსტიტუციის ასეთი რეფორმა თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებს ეწინააღმდეგება და LGBT საზოგადოების დისკრიმინაციისა და კიდევ უფრო მძლავრი მარგინალიზაციისკენ მივყავართ, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ამ სფეროში ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციები (‘იდენტობა’ ‘LGBT-საქართველო’ და სხვა) აწერენ ხელს.
იმავე განცხადებაში მოყვანილია სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ევროპული ქვეყნების უმრავლესობა ‘არატრადიციული წყვილების’ ქორწინების მიმართ ლიბერალურადაა განწყობილი. შედარებით მცირეა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ამ სფეროში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებენ. სულ 14 ასეთი ქვეყანაა ევროპაში, მათ შორის – აზერბაიჯანი, უკრაინა და სომხეთი. შესაძლოა, უახლოეს მომავალში ამ ქვეყნების სიას საქართველოც შეუერთდეს.
საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამდენი ადამიანი მიაკუთვნებს თავს LGBT თემს. ზუსტი სტატისტიკური მონაცემები უფლებადამცველებისთვისაც კი არ არის ხელმისაწვდომი. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ LGBT ჯგუფის წევრების უმრავლესობა, უსაფრთხოების მიზნით, საკუთარ ორიენტაციასა და ცხოვრების წესს მალავს.
ქალთა ინიციატივების მხარდაჭერის ჯგუფის (WSIG) კვლევის თანახმად, LGBT საზოგადოების წევრების უმრავლესობა არ ენდობა პოლიციას და, შესაბამისად, არ მიმართავს მას იმ შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ჩარევაა საჭირო. ცემის შემთხვევაშიც კი ‘სექსუალური უმცირესობების’ წარმომადგენელთა მხოლოდ 30 პროცენტი მიმართავს პოლიციას.
რას ნიშნავს LGBT თემის დისკრიმინაცია
‘გამოკითხულთა მესამედი აღიარებს, რომ ერთხელ მაინც ყოფილა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და მათდამი გამოყენებული ძალადობრივი ქმედებები პირდაპირ იყო დაკავშირებული მათ სექსუალურ ორიენტაციასთან,’ – აღნიშნულია WSIG-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში.
ამავე დოკუმენტში მოცემულია იმ ადამიანების ხვედრითი წილიც, რომლებიც ‘განსხვავებული ორიენტაციის’ გამო, რეგულარულად განიცდიან ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ასეთ პირობებში რესპოდენტთა 83 პროცენტს უწევს ცხოვრება.
ბოლო დროს LGBT საზოგადოების წინააღმდეგ ჩატარებულ ყველაზე აგრესიულ აქციად 2013 წლის ცემა-ტყეპა იქცა. მაშინ ჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ პატარა აქციას თბილისში ეკლესიის მიერ ორგანიზებული კონტრაქციით უპასუხეს.
მონაწილეთა უმრავლესობას თბილისის ეკლესიების მრევლი წარმოადგენდა, რომელთაც მღვდელმსახურები ხელმძღვანელობდნენ. ეს გამოსვლები უპრეცედენტო სისასტიკეში გადაიზარდა – სავარაუდო ჰომოსექსუალებს არამხოლოდ მრევლის წევრები, არამედ სამღვდელოების წარმომადგენლებიც დასდევდნენ. ბევრი მათგანი ქვებს, მეტალის ჯოხებსა და გზაზე დაყრილ სხვა საგნებს იყენებდა.
2013 წლის 17 მაისის აქციის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა ტაბურეტი, რომლითაც ერთ-ერთი მღვდელმსახური იყო შეიარაღებული. შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ დააკავა სულ რამდენიმე მონაწილე, რომლებსაც მხოლოდ ჯარიმების გადახდა დაეკისრათ.
გამოქვეყნებულია: 25.04.2016