ჰოკეი იცდის
საკმაოდ დიდი ზომის ყინული – დაახლოებით 700 კვადრატული მეტრი ქალაქის პარკის ტერიტორიაზეა განლაგებული, იმ პარკის – რომელსაც ხალხში დღესაც პიონერთას ეძახიან.
ეს ყინულის სასრიალო ნამდვილი აღფრთოვანების საგნად იქცა.
სასრიალო დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე მუშაობს და +10 გრადუს ამინდსაც უძლებს. აქ ძალიან ბევრი ადამიანი დადის, რასაკვირველია უფრო საღამოობით, საღამოს 5-6 საათიდან – სწავლის ან სამსახურების დასრულების შემდეგ. სრიალი ბევრმა არ იცის, თუმცა სწავლის მსურველი ბევრია. ყოველ შემთხვევაში, ციგურების პრობლემა არ არის – გაქირავების პუნქტში ერთი საათით 50 რუბლი( დაახლოებით 80 ცენტი) ჯდება, და ყველა ზომა სახეზეა.
სასრიალო ქალაქ ვლადიკავკაზის (ჩრდილოეთი ოსეთი-ალანია) ადმინისტრაციის სახსრებით გააშენეს. ცხინვალის მერიასთან შეთანხმებით, პირველი ექვსი თვის განმავლობაში ცხინვალს შეუძლია სასრიალოთი უფასოდ ისარგებლოს. შემდეგ კი ის ან ფასიანი გახდება, ანდა სამხრეთ ოსეთს მისი გამოსყიდვა მოუწევს.
ადგილობრივი ჟურნალისტები ერთხმად იმას წერდნენ, რომ ეს ყინულის სასრიალო პირველი იყო, და ცხინვალში ასეთი რამ ადრე არასდროს ყოფილა. თუმცა აღმოჩნდა, რომ მთალდ ასეც არ იყო საქმე.
გვიამბობს ცხინვალის მცხოვრები, ოლგა მიხაილიდი:
“დედაჩემი, რომელიც 1930 წელსაა დაბადებული, ამბობს, რომ ცხინვალში ქალაქის დიდ პარკში სასრიალო ადრეც არსებობდა. აქ 1960-იან წლებში ტბა იყო – იქ, სადაც ახლა “ეშმაკის ბორბალია”. ზამთარში ტბა იყინებოდა. უფროსკლასელები მოდიოდნენ, აქაურობას თოვლისგან წმენდნენ და ყინულს აპირიალებდნენ, შემდეგ კი უბრალოდ ციგურაობდნენ კიდეც და ჰოკეისაც თამაშობდნენ. მაშინდელი ციგურები პრიმიტიული იყო – ფოლადის ბასრ გაღუნულ პირებს ფეხსაცმელზე თოკით იმაგრებდნენ და თოკს ჯოხით ჭიმავდნენ, რომ არ მომძვრალიყო.
ამ მოღუნული ფოლადის ბასრ პირებს არსრულწლოვანი კანონდამრღვევები ამზადებდნენ, რომლებიც თავიანთი პატიმრობის ვადას ცხინვალის შრომა-გასწორების კოლონიაში იხდიდნენ. აი, ასე თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან ორი სხვადასხვა კატეგორიის მოზარდები.
აქვე პარკში მცირე სათხილამურო ადგილიც იყო.
მე თვითონ 1974 წელს დავიბადე, და ღრმა ბავშვობიდანვე მახსოვს ჩვენი სარდაფის კუთხეში, კედელზე ლურსმანზე ჩამოკიდებული ციგურები. დედა ამბობდა, რომ ეს მისი დისშვილის, ბორიას ციგურები იყო. ის ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, თუმცა არ მახსოვს, რომ ჩემი თანდასწრებით ამ ციგურებით ვინმეს ესარგებლოს. ასე ეკიდა, ვიდრე საბოლოოდ არ დაჟანგდა, და არ გადავაგდეთ”.
და კიდევ ცხინვალის მცხოვრების, ოფელია კუმარიტოვას მოგონება:
“ჩემი უფროსი და – ევგენია ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, და კარგად მახსოვს, თუ როგორი გატაცებული იყო მისი თაობა თხილამურებით. მაშინ სკოლებს შორის ხშირად იმართებოდა შეჯიბრებები თხილამურებით სრიალში. ზოგჯერ ჩემი დის თხილამურებს მეც ვიკეთებდი და ვცდილობდი, ბოსტანში ასე მევლო, რის გამოც, ჩემი დისგან მაგრად მხვდებოდა ხოლმე.
ჩემი ვაჟის თაობას კი, რომელიც 1970-იან წლებში დაიბადა – უფრო ჰოკეის თამაში იტაცებდა. მაშინ ქალაქში ბევრ ეზოს ჰყავდა ჰოკეის გუნდები. შემდეგ ეს თაობა წამოიზარდა, და არ ვიცი, გატაცებამ გაუარათ, თუ კლიმატი შეიცვალა – მაგრამ ცხინვალში ჰოკეის აღარავინ თამაშობს”.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 15.01.2017