გულის შეტევა? ეგ თქვენი პრობლემაა!
გასული წლის განმავლობაში ჩემ თვალწინ მეტროში ორმა ადამიანმა დაკარგა გონება. პირველი – შუახნის მამაკაცი – დაიღუპა. გოგონა, დაახლოებით რვა წლის, როგორც ჩანს, ცოცხალია.
აი, რა გავარკვიე დახმარების აღმოჩენაში აქტიურად მონაწილეობისას:
1. ხალხი, ძირითადად, გარს ეხვევა და არც ცდილობს დახმარებას, პირიქით, ხელს უშლის;
2. მეტროში, თურმე, არის სამედიცინო პუნქტი – ის სადგურშია, ესკალატორთან;
3. ეს სამედიცინო პუნქტი გათვალისწინებულია მეტროს თანამშრომლებისთვის და არა მგზავრებისთვის;
4. მისი თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ეხმარებიან მგზავრებს – მაგრამ ეს სიცრუეა;
5. ამ მედმუშაკებმა ყოველთვის როდი იციან პირველადი დახმარების აღმოჩენა;
6. მათ მითხრეს, რომ ცვლაში მუშაობენ, და კვლავ იცრუეს, რადგან სინამდვილეში სამედიცინო პუნქტი იკეტება ზუსტად 6 საათზე, როდესაც მეტროში პიკის საათი იწყება თავისი ჯოჯოხეთური ჭყლეტვითა და უჰაერობით. სასწრაფო დახმარების მანქანა რომ სადმე საცობში გაიჭედოს, ან გზები იყოს გადაკეტილი, გულის შეტევა სიცოცხლის ფასად დაგიჯდებათ;
7. მეტროში სიკვდილი – ახალი ამბების თემა არ არის. ასე რომ, მის შესახებ ვერავინ გაიგებს;
8. გულწასულ გოგონაზე პოლიციელები ამბობდნენ: ‘ნახა რა მაგანაც წაქცევის დრო, ხალხი უყურებს’. ანუ, ეს თურმე სირცხვილიცაა.
კიდევ აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანის პრესაში რეგულარულად ჩნდება ერთი და იგივე შენიშვნა – რომ მეტროს სადგურებში უკვე სამედიცინო პუნქტები იქნება.
2009 – ბაქოს მეტრო მგზავრებს სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს
2014 – ბაქოს მეტროში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი სიახლე გამოჩნდეს
2015 – თუ ეს წესები გეცოდინებათ, ადამიანის გადარჩენას შეძლებთ
აქ, სხვათა შორის, უკვე პირდაპირ ადასტურებენ, რომ მეტროში მგზავრებისათვის სამედიცინო პუნქტი არ არის.
‘თუ მხოლოდ მასაჟს და ხელოვნურ სუნთქვას გავუკეთებთ, გადარჩენის შანსი სულ მცირე იქნება. შანსები იზრდება იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს დახრჩობასთან, ან, ვთქვათ, სუნთქვის პრობლემებთან, – ამბობს გაიბ ალიევი, პირველადი სამედიცინო დახმარების სპეციალისტი, – თუკი გულის პრობლემებზე ვლაპარაკობთ, ექიმების გარეშე აქ შანსები მეტისმეტად მცირეა.
თუ ექიმები დროზე მოვლენ, უკვე ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად იმოქმედებენ ისინი. სტატისტიკა გვეუბნება, რომ დეფიბრილატორის გამოყენებისას (თუ გვაქვს), გულის მუშაობის აღდგენის ალბათობა 80%-მდეა, თუ მას გამოვიყენებთ გულის გაჩერებიდან 4 წუთის განმავლობაში, შემდეგ უკვე შანსები ძალზე მცირდება’.
გამოდის, რომ, სადგურზე რომ ექიმები ყოფილიყვნენ, და დეფიბრილატორი რომ ჰქონოდათ, ადამიანი შეიძლებოდა, გადარჩენილიყო.
როდესაც ამის შესახებ ჩემს Facebook-ის გვერდზე დავიწყე წერა, აღმოჩნდა, რომ სხვებიც არერთხელ შესწრებიან მეტროში გონების დაკარგვის და გარდაცვალების შემთხვევებს.
‘ზაფხულში მეც გავხდი მსგავსი ამბის მოწმე, – ამბობს ანჟელიკა, – მეტროს სადგურ ‘მემარ აჯემში’ 60 წლამდე ასაკის ქალს გული წაუვიდა. მე ინსტრუქციის მიხედვით მოვიქეცი, დავრწმუნდი, რომ სუნთქავდა, ავუწიე ფეხები. მეტროს თანამშრომლებმა და პოლიციამ საერთოდ არ იცოდნენ, როგორ აღმოეჩინათ პირველადი დახმარება. ჩემამდე პოლიციელმა მას პულსი გაუსინჯა და თქვა, რომ მოკვდა. მაგრამ მე დავინახე, რომ სუნთქავდა. ნიშადური არც პოლიციას ჰქონდა და არც მეტროს თანამშრომლებს. მაშინვე ვაიძულე ისინი, სასწრაფო დახმარება გამოეძახათ. 20 წუთის განმავლობაში, სანამ იქ ვიყავი, სასწრაფო არ მოსულა. შემდეგ ქალი გონს მოვიდა და მე სამსახურში წავედი. თუმცა, მოგვიანებით ახალ ამბებში წავიკითხე, რომ ამ სადგურზე სწორედ იმ დღეს ქალი გარდაიცვალა. ყველაფრიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, სასწრაფო არ მისულა’.