გიორგი გახარია: სპეცსაშუალებების გამოყენების ბრძანება მე არ გამიცია, ჭავლის, ცრემლმდენი გაზის - კი
გიორგი გახარია საგამოძიებო სხდომაზე
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ერთპარტიული პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისს აქციის დაშლის დროს, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება თავად გასცა, რეზინის ტყვიებზე კი არა.
გახარიას თქმითვე, შსს-სა და სუს-ის კატეგორიული უარის მიუხედავად, პარლამენტის ხელმძღვანელობამ, კონკრეტულად ირაკლი კობახიძემ, აიღო პასუხისმგებლობა გავრილოვის ქვეყანაში შემოშვებაზე.
14 აპრილს, გიორგი გახარია “ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მივიდა. გახარიას კითხვებს შს მინისტრობისა და პრემიერმინისტრობის დროს მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უსვამენ.
“ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გეგმის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს, გავეცი მე. სხვა შემთხვევებში, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. ზუსტად იგივე პასუხი არის დაკითხვის ოქმში”, – თქვა გახარიამ.
თეა წულუკიანმა გახარიას უთხრა, ამით იმას გულისხმობს თუ არა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე გადაწყვეტილება ადგილზე მყოფმა, კონკრეტულმა შეიარაღებულმა დანაყოფებმა თავად მიიღეს. ასევე, წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, იცის თუ არა, ვინ გასცა ბრძანება სხვა სპეციალური საშუალებების, მათ შორის, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე.
“მე ვამბობ, რომ ასეთი ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაგვიცია. მე რომ მცოდნოდა, ასეთი ბრძანება არსებობდა ან ვინმემ გასცა, ამას დაკითხვის დროს გამოძიებას შევატყობინებდი. შესაბამისად, მე არ ვიცი”, – უპასუხა გახარიამ წულუკიანს.
გახარიას თქმით, ფართო კონტექსტის გასაგებად საჭიროა, რომ გამოიკითხოს ივანიშვილი, რომელიც, მისივე თქმით, გავრილოვის ჩამომყვანი და პასუხისმგებელი იყო შექმნილ რისკებზე
“მე ვთვლი, რომ ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად, ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი, ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, ადამიანი, რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი და ამის შემდგომ დაჯდა და გაიპარა.
მე ვთვლი, რომ უნდა გამომკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს და სტრასბურგმა სწორედ ამაზე მიანიშნა, რომ გამოძიება არის გახანგრძლივებული. მე ვთვლი, რომ უნდა გამოკითხოთ სუსის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები და ინფორმაცია მიეწოდებინა სხვადასხვა უწყებებისთვის.
მე არ ვიცი თქვენ ამას გააკეთებთ, თუ არა, მაგრამ თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ეს კომისია იქნება ნახევარი სიმართლის კომისია, შესაბამისად ტყუილი კომისია”, – განაცხადა გახარიამ.
რა მოხდა 20 ივნისს
2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეა უნდა გახსნილიყო. ღონისძიების გახსნის უფლება რუს დეპუტატს, სერგეი გავრილოვს გადაეცა – მან სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მჯდომმა გახსნა, რასაც მოსახლეობის მძაფრი პროტესტი მოჰყვა.
21 ივნისს, გამთენიისას, პოლიციის სპეცრაზმმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია დაშალა, რომელიც წინა საღამოს 19:00 საათიდან მიმდინარეობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინ სწორედ გიორგი გახარია იყო.
ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე, სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი. აქცია პოლიტიკოსების ორგანიზებული არ იყო, თუმცა მას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტებიც ესწრებოდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შს მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ასევე პრემიერმინისტრისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა იყო.
დემონსტრანტებმა რამდენჯერმე სცადეს პარლამენტის შტურმით აღება, რის შემდეგაც პოლიციელებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლის მანქანები გამოიყენეს.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებით გაჰყავდათ. ასობით ადამიანი დაიჭრა და დააპატიმრეს, რამდენიმე მოქალაქემ კი თვალი დაკარგა.