ღატაკი გამომძალველები
‘სახლმართველობები’ მოქალაქეების მახსოვრობაში უხეშობის, წვრილმანი მექრთამეობისა და ბიუროკრატიის სიმბოლოდ დარჩა.
ეს სამსახური ჯერ კიდევ 1959 წელს შეიქმნა და სახელმწიფოს კუთნილებაში არსებული საბინაო ფონდის მართვით იყო დაკავებული – საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობებიდან ნაგვის გატანას, შენობების დასუფთავებასა და ეზოების კეთილმოწყობას უზრუნველჰოფდა.
‘გაზონი’ ხელოვნების გინმაზიის წინ. ბაქოს ცენტრი. ამ კეთილშობილი დაწესებულებიდან საკმაოდ ბევრი ნაგავი იყრება
ბოლო დრომდე ეს საქმიანობა 1982 წელს მიღებული საყოფაცხოვრებო კოდექსით რეგულირდებოდა. საცხოვრებელ-საექსპლუატაციო კანტორების მოვალეობებში შედიოდა საბინაო ფონდის გონივრული მართვა, მობინადრეებისთვის უმაღლესი დონის მომსახურების გაწევა და შენობის მდგომარეობის კონტროლი. ადრე შენობების რემონტი და მიმდინარე პრობლემების (სახურავიდან წყლის ჩამოსვლის, გათბობის არარსებობის, სარდაფის დატბორვის და ა.შ.) მოგვარება სწორედ ‘სახლმართველობას’ ევალებოდა.
სახლმართველობა № 21. ეს დაწესებულება ნამდვილად არ არის საუკეთესო ფორმაში
არაა გასაკვირი, რომ აქ მომუშავე ადამიანები სიბრალულს იწვევენ
სახლმართველობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყო სხვადასხვა ინსტანციაში წარსადგენი ცნობების გაცემა. აქ გაიცემოდა ე.წ ‘ფორმა ნომერი ორი’, რომელშიც ბინაში ჩაწერილი ადამიანების სია იწერებოდა. აქვე გასცემდნენ ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან, რომელსაც, მოთხოვნის შემთხვევაში, ყველა მოსახლეს ინდივიდუალურად აძლევდნენ.
ოდესღაც სახლმართველობებში მეეზოვეებთან, უჟმურ პასპორტისტებთან და ბუღალტრებთან ერთად ზეინკლები, სატექნიკოსები და ელექტრიკოსებიც მუშაობდნენ. დღეს ეს ადამიანები იმ სტრუქტურებში არიან გადანაწილებულები, რომლებიც, შესაბამისად, ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირით, ან წყლით უზრუნველყოფაზე არიან პასუხისმგებელი. ანუ, თუკი სასწრაფო რემონტია საჭირო, უნდა დავუკავშირდეთ არა სახლმართველობას, არამედ ‘აზერსუს’ (რომელიც წყლით მომარაგებას კურირებს), ‘აზერიშიღს’ (ელექტროენერგიის გამანაწილებელს) ან ‘აზერიგაზს’ (შესაბამისად, გაზის მიმწოდებელს).
‘სახლმართველობის’ ყოფილი თანამშრომელი ეთერი ზეინალოვა იხსენებს: ‘სახლმართველობის შტატში საგანგებოდ გვყავდა ადამიანები, რომლებსაც ყოველ დილით უბნის დათვალიერება ევალებოდათ. ეზოებში დადიოდნენ და ამოწმებდნენ, ნაგავი ხომ არ იყო სადმე დაყრილი, ან რაიმე ხომ არ იყო გატეხილი. გარდა ამისა, იმ ბინებსაც აღრიცხავდნენ, სადაც რემონტი ან მიშენება მიმდინარეობდა. შეკრებილ ინფორმაციას კი სახლმმართველობაში დაბრუნებისთანავე ანგარიშის სახით აბარებდნენ უფროსს.’
ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ საცხოვრებელი ფართის უკანონოდ გაფართოების სანაცვლოდ, ფული დაეცინცლათ მობინადრეებისგან, რომლებიც ამ გარიგების შედეგად საკუთრების დამადასტურებელ რაიმე დოკუმენტსაც კი არ იღებდნენ. ისინი უბრალოდ ფულს იხდიდნენ იმაში, რომ უბნის ინსპექტორსა და სახლმართველობას ხმა არ ამოეღოთ.
მავანმა მობინადრემ სახლის წინ ქათმები მოაშენა, ვიღაცის რკინის ცხენები კი ბინაში არ ეტევა
მრავალრიცხოვანი ბაქშიში (ქრთამი) ‘სახლმმართველობის’ სტრუქტურის შემოსავლების მთავარ წყაროა, რადგან ამ უწყების თანამშრომლებს ძალიან მცირე ხელფასები აქვთ. უმეტეს შემთხვევაში, მათი ჯამაგირი 120 მანათს არ აღემატება. ერთადერთ იმედად ისღა რჩებათ, რომ მოსახლეები ‘სცემენ პატივს.’ მობინადრეებს სახლმართველობის ღარიბულად ჩაცმული მოხელეები ზოგჯერ ეცოდებათ კიდეც, როდესაც ეს მოხელეები, რაიმე ცნობის სანაცვლოდ, პროფესიონალი მათხოვრის ინტონაციით ხუთ მანათს ითხოვენ ხოლმე.
ე. ზეინალოვას თქმით, სახლმართველობის თანამშრომლები, უფრო ზუსტად კი პასპორტისტები, ვალდებულნი არიან, რომ უბნის ინსპექტორთან კოორდინირებულად იმუშაონ. ინსპექტორი ვალდებულია, რომ იცოდეს ყველა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც მის უბანში ცხოვრობს. ‘სახლმართველობის’ თანამშრომელი კი მას იმით ეხმარება, რომ მობინადრეთა წიგნიდან უბანში მცხოვრები ყველა ადამიანის მონაცემებს აწვდის.
2009 წლის აგვისტოში ძალაში შევიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საცხოვრებელი კოდექსის ახალი ვერსია, რომლის მიხედვითაც ‘სახლმართველობას’ საბინაო ფონდის მართვის უფლებამოსილება ჩამოერთვა. ამასთან, აღნიშნული კოდექსის მიხედვით, ეს უწყება მხოლოდ სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ბინებს უნდა მომსახურებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანში ბინების უმრავლესობა პრივატიზებულია, მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ სამართველო მობინადრეებს უფასოდ მოემსახურება. ახალი კოდექსის მიხედვით, საბინაო ფონდის კონტროლი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დაევალა. მრავალბინიან სახლებს ან თავად მობინადრეები, ან სპეციალიზებული სამომხმარებლო კოოპერატივები, ან კიდევ საგანგებო ორგანიზაციები მართავენ. კოდექსში გაკვრითაც არ არის ნახსენები ‘სახლმმართველობა.’
თუმცა,’სახლმმართველობის’ არსებობა ოფიციალურად რომ დაეკანონებინათ, 2010 წლის მაისში ზემოაღნიშნულ კოდექსში ცვლილებები შევიდა და ‘სახლმმართველობები’ აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი გახდა. ცვლილებების შედეგად ‘სახლმმართველობა საყოფაცხოვრებო-კომუნალურ დეპარტამენტს დაექვემდებარა. კოდექსის მიხედვით, თუკი მრავალბინიანი სახლს ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება მართავს, მაშინ ფორმალურად შესაძლებელია, რომ ‘სახლმმართველობასთან’, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთ სტრუქტურასთან, მართვისა და მომსახურების დავალების ხელშეკრულება დაიდოს.
ალესკერ ალეკპეროვის ქუჩის N4. სულ ცოტა, ნახევარი წელია, რაც აქედან ნაგავი არავის გაუტანია
კანონის მიხედვით, მოსახლესა და სამართველოს შორის ხელშეკრულების დადება ნებაყოფლობითია, ‘სახლმმართველობები’ კი კოდექსის ნორმების საწინააღმდეგოდ აგროვებენ ნაგვისა და ბინის გადასახადს. ამასთან, ეზოების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ქალაქის ცენტრში, ნაგვისგან შექმნილი ინსტალაციებითაა სავსე, რომლებიც ზოგჯერ ეშმაკურადაა ჩაჩურთული რომელიმე ღრიჭოში, ანდა ჩამოცვენილი ფოთლებით იფარება.
ბინის გადასახადს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში, ლაპარაკია ქონების გადასახადზე, რომლის აკუმულაციაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პრეროგატივაა. ამ გადასახადის ‘სახლმმართველობებში’ გადახდის პრაქტიკას იურიდიული საფუძველი არ აქვს.
საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ტარიფები მინისტრთა კაბინეტის 2000 წლის 10 მარტის დადგენილებით განისაზღვრა. პრივატიზირებული ბინების ყოველთვიური გადასახადი თითო კვადრატულ მეტრზე 1,5 გიაპიკია, ნაგვის უტილიზაცია კი – 14 გიაპიკი.
მას შემდეგ, რაც მთელი რიგი სამინისტროების ადმინისტრაციული ფუნქციები ‘ასანს’ (აზერბაიჯანულ ‘იუსტიციის სახლს’) გადაეცა, ხალხმა შვებით ამოისუნთქა. ის საბუთები, რომლებსაც ადრე ‘სახლმართველობა’ გასცემდა, ახლა ‘ასანში’ გაიცემა. ‘ასან ხიდმეტის’ სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ამჟამად უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაც კი ინსტანციებში სიარულის გარეშე ხდება. ‘სახლმმართველობაში’ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგიწევთ მისვლა, თუკი იმ ბინის გაყიდვას დააპირებთ, რომელშიც ჩაწერილი არ ხართ.
ამჟამად ‘სახლმმართველობის’ მოჟამულ, გაქუცულ კაბინეტებში მოკალათებული მოხელეები ნებისმიერი საშუალებას მიმართავენ იმისთვის, რომ ‘ფული იშოვონ’. მაგალითად, ისინი ახალმოსახლეებს ბინაში ჩაწერასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას სთავაზობენ. ‘ას მანათად თქვენს ყველა პრობლემას მოვაგვარებ და ‘საპასპორტოში’ სიარულიც არ დაგჭირდებათ,’– თვალების ცეცებით გვარწმუნებდა ‘სახლმმართველობის’ ძველი ყაიდის თანამშრომელი ქალბატონი. საბედნიეროდ, მის ხრიკებს არ წამოვეგეთ და ‘ასანში’ წავედით, სადაც ახალი სარეგისტრაციო მისამართით ასაღები პირადობისთვის მხოლოდ მინიმალური სახელმწიფო მოსაკრებლის გადახდა მოგვიხდა.
ყველაფრის მიუხედავად, ‘სახლმართველობები’ მაინც არსებობს და, როგორც ჩანს, არც არავინ აპირებს მათ გაუქმებას, როგორც ოდესღაც იმუქრებოდნენ.