განაჩენი ჟურნალისტს
ჟურნალისტ რაუფ მირკადიროვს ექვსი წლით პატიმრობა მიესაჯა, რომელიც მან მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს. იმავე დღეს ხელი მოეწერა 210 პატიმრის შეწყალების ბრძანებას, რომელთა შორის არც ერთი პოლიტპატიმარი არ არის.
მირკადიროვი ‘სახელმწიფოს ღალატის’ მუხლით გაასამართლეს. მისი ყოფილი კოლეგები დარწმუნებულები არიან, რომ რაუფის დაპატიმრების ჭეშმარიტი მიზეზი მისსავე პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.
რაუფ მირკადიროვი 1991 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას. ის რამდენიმე ოპოზიციურ გამოცემაში მუშაობდა და ყარაბახის სამხედრო ოპერაციების ზონაშიც ბერჯერაა ნამყოფი.
მირკადიროვი პოლიტიკურ საქმიანობაშიც იყო ჩართული _ მონაწილეობდა ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტის“ (ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის) და ასევე „აზერბაიჯანის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის“ შექმნაში, 2005 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი მირკადიროვმა საკუთარი კანდიდატურაც წამოაყენა.
2005 წელს მირკადიროვმა „აზერაიჯანის საუკეთესო ჟურნალისტის“ წოდება მიიღო. 2011 წლიდან კი თურქეთში, გაზეთ „სარკეს“ კორესპონდენტად მუშაობდა. რაუფს მრავალჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირების პრობლემებთან დაკავშირებით ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციებში.
სწორედ ამ გარემოებამ მისცა საფუძველი აზერბაიჯანულ სპეცსამსახურებს, რაუფი სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაედანაშაულებინათ.
2014 წლის აპრილში, დეპორტაციის კანონის საფუძველზე, მირკადიროვი ანკარიდან ბაქოში გადაიყვანეს და დააპატიმრეს.ამ შემთხვევიდან განაჩენის გამოცხადებამდე 1 წელიწადი და 8 თვე გავიდა.
2014 წლის მაისში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა რაუფ მირკადიროვის მამა _ წინა ღამით მის ბინაში სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ. საქმე ისაა, რომ რაუფი დიდი ხანია, მამის ბინაში აღარ ცხოვრობს.
მირკადიროვის მიმართ გამოტანილ განაჩენზე სოციალურ ქსელებში განსხვავებულად რეაგირებენ _ ზოგი კითხვას სვამს,_ „ეგ ვინაა?“–ო, ზოგიც ამბობს, _ მეტის ღირსია,აბა რა ეგონა, სომხებთან რომ იჭერდა საქმესო? თავის დროზე მირკადიროვის დაკავებამ გაცილებით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მაშინ ბევრი ადამიანი ამ საქმეში თურქული სპეცსამსახურების გავლენას ხედავდა, გარადა ამისა, რაუფის დაკავებას იმ დროს ჯერ კიდევ თავისუფლებაში მყოფ კანონდამცველ ლეილა იუნუსზე ზეწოლასაც უკავშირებდნენ. იმის შემდეგ ბევრ სხვა ჟურნალისტს და სამოქალაქო აქტივისტს შეეხო მკაცრი სასჯელი, ასე რომ, ამ ამბავს დიდი გამოხმაურება აღარ მოჰყოლია.
ჟურნალისტისადმი სიტყვიერი მხარდაჭერა მხოლოდ მისმა ნაცნობებმა და ყოფილმა კოლეგებმა გამოთქვეს.
‘ამ მოსალოდნელი კრიზისის წინ ბანდიტების, ქურდებისა და მკვლელების შეწყალება და მათი „ქუჩაში გაშვება“ (საინტერესოა, როგორ მოახერხებენ შეწყალებულები ინტეგრაციას საზოგადოებაში, რომელისაც გრძელვადიანი მასობრივი უმუშევრობა ემუქრება)ალბათ ნაკლებად „სახიფათოა“, ვიდრე დამსახურებული ჟურნალისტის, რაუფ მირკადიროვის გამართლება. სხვათა შორის, მირკადიროვს ეს წოდება სწორედ ჟურნალისტური საქმიანობისა და პროფესიონალიზმის გამო მიანიჭეს’.
‘იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებაში მყოფი ათასობით მექრთამე და თავზეხელაღებული დააპატიმრონ, ეს „ყოჩაღი ბიჭები“ საცოდავ ჟურნალისტს იჭერენ, რომლის ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ აზერბაიჯანელია… ანუ ღარიბი ჟურნალისტია, რომელიც მშიერი რომ არ მომკვდარიყო, სხვადასხვა ერთობლივ პროექტებში მონაწილეობდა….“
ფართო საზოგადოების აზრს რაც შეეხება, უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანში არც ერთი ჟურნალისტი არ არის იმდენად ცნობილი და დაფასებული, რომ მის დაპატიმრებას რაიმე მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყოლოდა.ამიტომ, შეწყალებულთა სიაში პოლიტპატიმრების არყოფნა მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტმა, უფლებადამცველმა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა აღიქვა საზოგადოების დაცინვად.
რაუფ მირკადიროვის დედა განაჩენის გამოცხადების შემდეგ