ფინანსური მახე
ონლაინკრედიტები საქართველოში ნარკოტიკივითაა – თავიდან ცდუნებას ჰყვები, შემდეგ დამოკიდებული ხდები და მალე კრედიტის გარდა ვეღარაფერზე ფიქრობ. თანხა, რომელიც თავიდან საკმაოდ უმნიშვნელო იყო (სულ რაღაც 100 დოლარი დაგაკლდა ხელფასამდე) სწრაფად იზრდება – ისე, როგორც საზარელ სიზმარში. ახალ კრედიტებს იღებ იმისათვის, რომ რომელიმე ძველი კრედიტორი მაინც დააკმაყოფილო. ისინი კი რეკვას აგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონის ნომრებს უკვე კვირაში ერთხელ იცვლი, ქალაქის ტელეფონს არ რთავ და ნათესავებს სთხოვ, შენზე საუბრისას თქვან, რომ სადღაც გაემგზავრე.
უმუშევრობა, მოსახლეობის მცირე შემოსავალი, კრედიტების ამღები ადამიანების ფუქსავატობა, თუ არასაკმარისი კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან? – რთულია იმის განსაზღვრა, თუ რომელია ამ ფაქტორთაგან გადამწყვეტი.
როგორ ხდება ცდუნება
საქართველოში ასეთი მდგომარეობაა – თუკი შენ არ მიხვალ სწრაფ კრედიტამდე, სწრაფი კრედიტი მოაღწევს შენამდე. შეგიძლია, გამორთო ტელევიზორი, სადაც ყოველ სარეკლამო პაუზაში მოგიწოდებენ, ონლაინდაკრედიტების მომსახურებით ისარგებლო; შეგიძლია “ჩახურო” ვებგვერდები, რომლებზეც იმავე შინაარსის რეკლამები ხტება ხოლმე; შეგიძლია წაშალო შენს ნომერზე გამოგზავნილი ათობით სარეკლამო SMS…
მაგრამ მოულოდნელად, ამ მაცდუნებელ წინადადებას თბილისის მეტროს ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სადგურთან მდგარი სპეციალური “მაუწყებელი” დაიყვირებს: “სწრაფი კრედიტი! მიიღეთ სესხი ათას ლარამდე!” და შენც საბოლოოდ ნებდები.
ონლაინკრედიტების გამცემი ორგანიზაციები საქართველოში 2014 წელს გამოჩნდა. ამჟამად ბაზარზე ათზე მეტი ასეთი კომპანიაა წარმოდგენილი. ყველა მათგანს თითქმის ერთნაირი და ძალიან მარტივი პირობები აქვს. კრედიტი 15 წუთში ფორმდება და თანხის მისაღებად სახლიდან გასვლაც კი არ არის საჭირო. აუცილებელია მხოლოდ ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის შევსება. ცნობა თანხის მიღების შესახებ მსესხებელს ტელეფონზე, SMS შეტყობინების სახით მისდის. მთავარი კი ისაა, რომ ამ კრედიტის მისაღებად არ არის საჭირო თქვენი გადახდისუნარიანობის დამამტკიცებელი რაიმე დოკუმენტი. ამ შემთხვევაში არც თქვენი ხელფასი აინტერესებს ვინმეს, არც საკუთრივ სამსახურის ქონა-არქონის საკითხი. სწრაფი კრედიტის გასაფორმებლად მხოლოდ პირადობის მოწმობაა საჭირო. წინადადებას, რომელიც ჩვეულებრივ დროს სახიფათოდ შეიძლება მოგეჩვენოთ, გაჭირვების ჟამს მომხიბვლელად აღიქვამთ.
ბანკისგან განსხვავებით (რომელიც კლიენტების შერჩევისას ბევრად უფრო მომთხოვნია), საკრედიტო ორგანიზაცია სესხების გაცემისას, ასაკობრივი ბარიერის გარდა, სხვა წინაპირობას არ აყენებს.
კანონის მიხედვით, თანხა გადაეცემათ 20 წლის ასაკს მიღწეულ პირებს. კრედიტი არ ეძლევათ მათ, ვისი ასაკიც 65 წელს გადასცდა. მაქსიმალური თანხა, რომელსაც ორგანიზაციები გასცემენ, 1500 ლარია.
ვერაგი მხარე
თუმცა, სწრაფი და მოსახერხებელი სესხი ყოველთვის ყველაზე იაფი როდია. კომპანიები, ზედმეტი დოკუმენტებისა და ცნობების გარეშე, გასცემენ კრედიტებს და ამით, როგორც თავად აღნიშნავენ, ბანკებზე დიდ რისკს სწევენ. ამიტომ, ასეთი ორგანიზაციების კრედიტების საპროცენტო განაკვეთი ბანკისაზე გაცილებით მაღალია.
ამ ორგანიზაციების მიერ გაცემული პირველი კრედიტი, როგორც წესი, უპროცენტოა. შემდეგი კრედიტების საკომისიოები კი საშუალოდ 19-20 პროცენტითაა განისაზღვრული. მსესხებელს შეუძლია, ძირითადი თანხის 20%-ის ოდენობის ჯარიმის გადახდით ამ თანხის დაბრუნების თარიღი გადაავადოს. თუკი მსესხებელი ვერც ამის შემდეგ ახერხებს თანხის დაბრუნებას, საშუალება ეძლევა, სესხის დაბრუნების თარიღი კიდევ რამდენჯერმე გადაავადოს. თუკი დათქმულ ვადებში ვერ გადაიხდის თანხას, კრედიტის თანხას ჯარიმად ემატება 20 ლარი და 1,5%-იანი პირგასამტეხლო ყოველი გადაცილებულ დღეზე.
მარტივი კალკულაცია
მაგალითად, თუკი ადამიანმა მიმართა ასეთ ორგანიზაციას და ერთი თვით 300 ლარის (დაახლოებით 140 დოლარის) ოდენობის სესხი აიღო, თვის ბოლოს 360 ლარი (ანუ უკვე 170 დოლარი) უნდა დააბრუნოს. ყოველ ერთთვიან გადაცილებაზე მსესხებელი იხდის საკომისიოს 60 ლარის (დაახლოებით 30 დოლარის) ოდენობით. ამასთან, ძირითადი თანხა, 360 ლარი, მოვალის თავზე ჯერ კიდევ დამოკლეს მახვილივით კიდია. კრედიტის არდაფარვიდან სამი თვის ამოწურვის შემდეგ მოვალე 20 ლარის (დაახლოებით 10 დოლარის) ოდენობის ჯარიმას იხდის და თითოეულ გადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდაც ევალება, რომელიც 5 ლარსა და 40 თეთრს (2,5 დოლარს) შეადგენს. ერთი თვის განმავლობაში ეს ჯარიმა დაახლოებით 165 ლარის (დაახლოებით 80დოლარის) ოდენობის გახდება. საბოლოოდ სამთვიანი გადავადებისა და პირგასამტეხლოების ჯამი 725 (340 დოლარს) ლარს შეადგენს.
ახლა კი ხვდებით, თუ რა მასშტაბებს შეიძლება მიაღწიოს ამ ყველაფერმა ერთი წლის განმავლობაში.
გიორგის, რომელმაც ამ ორგანიზაციათაგან ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული კომპანიის მომსახურებით ისარგებლა, გადასახდელი თანხა ერთი წლის განმავლობაში ასტრონომიულ მაჩვენებლებამდე გაეზარდა. 2014 წლის სექტემბერში მან საკრედიტო კომპანია vivus.ge-სგან 200 ლარი (დაახლოებით 100 დოლარი) ისესხა. მომდევნო თვის ბოლოს მან 230 ლარი გადაიხადა (ანუ 15 დოლარით მეტი). დღეს საკრედიტო ორგანიზაციები მსესხებელზე თავიდან უპროცენტო კრედიტს გასცემენ, მაგრამ მაშინ მსგავსი ბონუსები არც ერთ მათგანს არ ჰქონდა. იმ პერიოდში გიორგის ხელფასი 500 ლარით განისაზღვრებოდა. და ერთხელაც მას ძალიან დასჭირდა ფული, უბრალოდ სესხის აღების გარეშე ვერ მიაღწია ჯამაგირის აღების დღეს და იმავე თანხის აღება მოუწია. თვის ბოლოს მან უკვე 280 ლარი (130 დოლარზე ოდნავ მეტი) გადაიხადა. ასე გრძელდებოდა თვიდან თვემდე, ვიდრე თანხა მის თვიურ ხელფასს არ გაუთანაბრდა.
და მაშინ გიორგი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც ვალების ორმოში ვარდება – მან სხვა საკრედიტო ორგანიზაციას მიმართა და უკვე არსებული ვალების დასაფარად ახალი სესხი აიღო. ორგანიზაცია netcredit.ge-ს კიდევ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი აღმოაჩნდა. “უფრო მაღალხელფასიანი სამსახურის პოვნა ვერ შევძელი. ამასთან, მთელი ხელფასი მეორე, ხუთასლარიანი კრედიტის დაფარვაში მეხარჯებოდა. ამას მესამე კრედიტის აღება მოჰყვა, რომელიც იმავე სქემის ნაწილად იქცა – მიღებული თანხა მეორე კრედიტის დასაფარად გამოვიყენე. ერთ დღესაც უბრალოდ ხვდები, რომ ვეღარ იხდი, რადგან 5 თვის განმავლობაში 500 ლარი ოთხმაგ თანხად იქცა,” – ამბობს გიორგი.
ტერორისტი კოლექტორები
ყველაზე საინტერესო ეტაპი კი ზუსტად იმ მომენტში იწყება, როდესაც აღმოჩნდება, რომ კლიენტი გადახდისუნარიანი აღარ არის. ამ დროს სრულდება მსესხებელის მშვიდი ცხოვრება, რადგან საქმეში კოლექტორები ერთვებიან. ეს კი ნიშნავს, რომ კლიენტი, რომელსაც ორგანიზაციის ვალი აქვს, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ექცევა. მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები, შანტაჟი, წერილები, სატელეფონო ზარები მეგობრებთან და ნათესავებთან, მეზობლებთან და ნაცნობებთან – განუკითხაობას, რომელსაც ორგანიზაციის თანამშრომლები კლიენტისგან ვალის “ამოღების” მიზნით მიმართავენ, საზღვრები არ აქვს.
სოციალურ ქსელში მთელი მოძრაობა გაჩნდა სახელწოდებით “არა ონლაინკრედიტებს”. რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, რჩევებს იძლევიან და იურიდიულ დახმარებას იღებენ. კოლექტორების ქმედებების არამართლზომიერების დასამტკიცებლად “ფეისბუკის” გვერდების მოდერატორები სისტემატურად აქვეყნებენ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს, რომლებშიც კოლექტორები შეურაცხყოფას აყენებენ მევალეებს და ქონების, საყოფაცხოვრებო ნივთების კონფისკაციითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან.
ამ საქმეების სასამართლოსთვის გადაცემა და საკითხის სამართლებრივ ჩარჩოებში გადატანა გონივრული ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ კრედიტორებს ეს ხელს არ აძლევთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას ბრალდებულის სასარგებლოდ მიიღებენ. სასამართლო კლიენტს დაავალებს, რომ კრედიტი გადაიხადოს და გადაწყვეტს, რომ გადახდის გრაფიკი მისი სახელფასო შემოსავლების გათვალისწინებით დადგინდეს. ამიტომ, ორგანიზაციებს ურჩევნიათ, კლიენტებს ურეკონ და დააშინონ. ასეთ შემოტევას ყველა ვერ უძლებს.
23 აპრილს სოფელ ბადიაურის 24 წლის მკვიდრმა თავი მოიკლა. გამოძიებამ მალევე დაადგინა, რომ გარდაცვლილს საკრედიტო ორგანიზაცია vivus.ge-ს მიმართ საკმაოდ დიდი დავალიანება დაუგროვდა. მან დროულად ვერ შეიტანა თანხა და გარკვეული დროის შემდეგ ამ შესატანის სამმაგი ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვეს. გარდაცვლილის მეგობრები ამბობდნენ, რომ კოლექტორი დღეში რამდენჯერმე რეკავდა და ლანძღვა-მუქარით მოითხოვდა თანხას. კლიენტი სასოწარკვეთის უკიდურეს ზომამდე მივიდა. მან თავისი პრობლემა ნაცნობებს გაანდო და თქვა, რომ ამ ყველაფრის გამო, მზად იყო, თავი მოეკლა.
უკონტროლო ბიზნესი
ონლაინკრედიტების გამცემი ორგანიზაციების ბაზარზე გამოჩენიდან ორ წელიწადზე მეტი დრო გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში მათ ფინანსურ მახეში ძალიან ბევრი ადამიანი გაება. ონლაინკრედიტების გამცემი ორგანიზაციების რაოდენობის ზრდამ და სესხების უპრეცედენტოდ მაღალმა განაკვეთებმა, შესაძლოა, საბოლოოდ მოსახლეობის მასობრივ გაღატაკებამდე და ეკონომიკურ დაცემამდე მიგვიყვანოს. საბანკო ექსპერტების შეფასებით, ონლაინკრედიტების ბაზარი სრულიად უკონტროლოა, ნებისმიერი უკონტროლო ბიზნესი კი ვნებს როგორც ეკონომიკას, ისე – მოსახლეობას.
“ამ ორგანიზაციების საქმიანობა გამჭვირვალე უნდა იყოს და აღრიცხვას ექვემდებარებოდეს, – ამბობს ლია ელიავა, – დღესდღეობით არავინ იცის, იხდიან თუ არა ეს სუბიექტები გადასახადებს. უნდა არსებობდეს მარეგულირებელი ორგანო, რომელიც თითოეულ ასეთ ორგანიზაციას მიუთითებს, რომ კანონს არღვევს და ამის გამო დაისჯება. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ორგანიზაციების საქმიანობის ლიცენზირება,” – აღნიშნავს ექსპერტი.
საქართველოს ხელისუფლება უკვე მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიზანია ონლაინდაკრედიტების სფეროს დარეგულირება. ცნობილია, რომ ონლაინკრედიტების ბაზარს საქართველოს ეროვნული ბანკი დაარეგულირებს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რამდენი დრო დასჭირდება ხელისუფლებას ამ ბიზნესზე კონტროლის დასაწესებლად; ანუ უცნობია ისიც, თუ რამდენ მსხვერპლი გაებმება კიდევ ფინანსურ მახეში.
გამოქვეყნდა: 14.06.2016