ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში - როგორ გრძნობენ თავს რუსები და ჩასული გულშემატკივრები?
რუსეთში გრძელდება ფეხბურთის 21-ე მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2018 წლის 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისს დასრულდება. ის არამხოლოდ რუსეთში ტარდება პირველად, არამედ საერთოდ – აღმოსავლეთ ევროპაში.
მატჩების შესახებ დღეს დაწვრილებით და ბევრს წერენ სპეციალიზებული გამოცემები. ჩვენ კი იმის შესახებ გიამბობთ, თუ როგორ ცხოვრობენ ამ არნახული დღესასწაულის დღეებში მოსკოვი და რუსები. ბოლოს კი საინტერესო სტატისტიკას მოვიხმობთ, ამჯერად – იმის თობაზე, თუ რომელ ქვეყანაში იყიდეს რუსეთის მატჩებზე დასასწრები ყველაზე მეტი ბილეთი და ვინ არიან ეს მგზნებარე გულშემატკივრები.
მოკლედ სიმბოლიკის შესახებ
ეს ჩემპიონატის ემბლემაა. საორგანიზაციო კომიტეტის პრეს-რელიზში ნათქვამი იყო, რომ ნახატის მთავარი კომპონენტებია – კოსმოსის დაპყრობა, ხატწერა და ფეხბურთის სიყვარული.
ეს ოფიციალური თილისმაა – მგელი სახელად „ზაბივაკა“. ის დახატა სტუდენტმა ეკატერინა ნოჩაროვამ, რომელიც გრაფიკულ დიზაინს რუსეთის ქალაქ ტომსკში სწავლობს. თილისმა მთელმა რუსეთმა აირჩია, კანდიდატი-ნახატებისთვის ხმის მიცემა ონლაინ მიმდინარეობდა.
ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნია – სიმღერა „Live It Up“. ავტორი და შემსრულებელია – პუერტორიკოელი მომღერალი ნიკი ჯემი, მასთან ერთად მღერიან ამერიკელი რეპერი უილ სმიტი და კოსოვოელი მომღერალი ერა ისტრეფი.
მოკლედ ამ მომენტისთვის ჩემპიონატის სენსაციების შესახებ
ასეთი რამდენიმეა.
გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს ისეთმა ფავორიტებმა, როგორიცაა ბრაზილია და არგენტინა.
ახლანდელმა მსოფლიო ჩემპიონმა – გერმანიის ნაკრებმა – საერთოდაც წააგო მატჩი მექსიკელებთან, რომლებმაც, ბევრი მიმომხილველის აზრით, გამარჯვებას იმის წყალობით მიაღწიეს, რომ ყველასთვის მოულოდნელად, მეტოქეზე უკეთ თამაშობდნენ და დაცვაში არ გამაგრდნენ.
მათ საუკეთესო მოთამაშეს ჩიჩარიტოს, რომელმაც ემოციურ და ფიზიკურ დაძაბულობას ვერ გაუძლო, მატჩის შემდეგ ტირილიც კი აუტყდა.
ისლანდიის ნაკრებმა არგენტინასთან მატჩის ფრედ დასრულებით ფეხბურთის სამყარო ისევ გააოცა.
2016 წელს ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე ისლანდიელებმა მეთხედფინალს მიაღწიეს, რაც წარმატების ტოლფასი იყო იმ ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის რაოდენობა მოსკოვის ერთი საცხოვრებელი რაიონის მაცხოვრებელთა რიცხვს უდრის.
ერთი შეხედვით, ისლანდიელების წარმატება გასაოცრად გამოიყურება, თუმცა ეს კანონზომიერია. ისლანდიაში აშენებულია 300 ათასი მანეჟი, სადაც ბავშვებსა და უფროსებსაც მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. იმ ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც 300 ათასზე ოდნავ მეტს შეადგენს, ეს ძალიან ბევრია.
პირველ ტურში ყველაზე სანახაობრივი გამოდგა რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის გამხსნელი, და პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებს შორის გამართული მატჩები.
რუსებმა საუდის არაბეთი ანგარიშით 5-0 დაამარცხეს – და ეს ამ ჩემპიონატზე ჯერჯერობით ყველაზე დიდი გამარჯვებაა. მათ ასევე დამაჯერებლად მოუგეს მოჰამედ სალაჰთან ერთად მოედანზე გამოსულ ეგვიპტის ნაკრებს – 3:1
მთლიანობაში დადებითი გამოხმაურებები ჩემპიონატის ორგანიზების თაობაზე
საერთაშორისო მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები რუსეთში მიმდინარე ჩემპიონატს საკმაოდ დადებითად აფასებენ. საუკეთესო ორგანიზებაზე, ადგილობრივი ადამიანების კეთილგანწყობასა და მათი მხრიდან დახმარების გაწევისთვის მზადყოფნაზე ბევრი წერს.
საკმაოდ სახასიათოდ შეიძლება მივიჩნიოთ ფეხბურთის ერთ-ერთი ინგლისელი ფანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ასეთი გამოხმაურება (ინგლისურიდან თარგმანი – JAMnews):
„ტვერში დავსახლდი, მოსკოვიდან 200 კილომეტრში. გვიან საღამოს ვბრუნდებოდი და გზა ამებნა. რუსეთის ნაკრების გულშემატკივრები შემხვდნენ. მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსედ ვარ, და სხვის ხარჯზე ასე არასდროს დავმთვრალვარ!“
ტრანსპორტი
მოსკოვის საცობებით გაკვირვება რთულია – სამსახურისკენ მიმავალ გზაზე და უკან დაბრუნებისას მანქანაში საათნახევრის გატარება აქ ნორმაა. მაგრამ ის, რაც ჩემპიონატის დღეებში ქალაქში ხდება, თვით მრავლისმნახველ მოსკოველებსაც კი აოცებს.
ღამითაც კი შერემეტიევოს აეროპორტიდან მოსკოვის ცენტრამდე გზის გავლას ახლა ორ საათზე არანაკლები სჭირდება.
მოსკოველმა ტაქსის მძღოლებმა თავიანთი მომსახურების ფასი თითქმის მესამედით გაზარდეს. ქალაქში ლეგენდად იქცა ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც პერუელი გულშემატკივარი აეროპორტიდან სასტუმროში მიიყვანა და განუმარტა, რომ მრიცხველზე ასახული რიცხვი – 1200 რუბლებს კი არ ნიშნავდა, არამედ ევროს.
კვება
„მაკდონალდსში“ ასეთი რიგები მოსკოვს მხოლოდ 28 წლის წინათ ახსოვს, როდესაც ეს დაწესებულება პუშკინის მოედანზე პირველად გაიხსნა.
ეს არამხოლოდ უცხოელებისთვის ცნობილი ლოგოთი და საკვების სტაბილური ხარისხით აიხსნება, არამედ ფასებითაც.
საქმე ის არის, რომ მოსკოვის რესტორნები და კაფეები ადგილობრივ ტაქსის მძღოლებს არ ჩამორჩებიან. ჯერჯერობით თაღლითობის რეიტინგში პირველ ადგილზეა სტადიონ „ლუჟნიკი“-ზე არსებული ბარია. შინაარსი – იგივეა, მაგრამ ფასები მესამედით განსხვავდება.
ურთიერთობა
რუსეთის დედაქალაქის მაცხოვრებლების ერთი კატეგორია ნამდვილად ბედნიერია იმით, რაც ხდება – ესენი არიან ნორჩი მოსკოველები. იმ სამოსის მიხედვით, რასაც ისინი ამ დღეებში წარმოადგენენ, ჩანს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დიდხანს და გულდასმით მიმდინარეობდა.
მათ ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია; ტურნირის დაწყებიდან ერთ კვირაში, გაცნობის პოპულარულ ვებგვერდ Tinder-ზე რუსეთის მიმართულებით მოთხოვნების რაოდენობამ 20 პროცენტით მოიმატა.
უსაფრთხოება
პოლიციის, სპეცრაზმელებისა და ნახევრად სამხედრო ფორმიანი მათი დამხმარე მოხალისეების რაოდენობა ფეხბურთის გულშემატკივრების რაოდენობას დიდად არ ჩამორჩება.
ფეხბურთის უცხოელი გულშემატკივრები პოლიცილებს პირველ რიგში იმის შესახებ უსვამენ კითხვებს, თუ როგორ უნდა მივიდნენ საჭირო ადგილას. მოსკოვი – რთული განლაგების ქალაქია, გარდა ამისა, ჩემპიონატის დროს მკვეთრად მოიმატა ინტერნეტ-პროვაიდერებისა და მობილური ოპერატორების ტრაფიკმა, და ამიტომ, ნავიგაცია ძალიან ნელა მუშაობს.
პოლიციელებიც სიამოვნებით პასუხობენ, თუმცა ხშირად ენის პრობლემაც ექმნებათ. JAMnews-ის კორესპონდენტი ასეთ სცენას შეესწრო: ავტომატებით შეიარაღებულმა პოლიცილების ჯგუფმა, ორ გერმანულ ნაგაზთან ერთად ვიღაც ადამიანი ალყაში მოაქცია. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ტერორისტის აყვანა მიმდინარეობდა.
გაირკვა, რომ – არა. სინამდვილეში ისინი ცდილობდნენ, რომელიღაც ევროპელი ფანისთვის აეხსნათ, თუ როგორ უნდა მისულიყო იმ სახლამდე, სადაც ის ბინას ქირაობდა.
JAMnews-ის კორესპონდენტმა გადაწყვიტა, ჩარეულიყო, მაგრამ ვერ მოასწრო. პრობლემა წოდებით უფროსმა პოლკოვნიკმა გადაჭრა. მან ტურისტს საჭირო ადგილამდე მიყვანა ჟესტებით შესთავაზა, და მიუთითა გვერდით მდგომ, ფანჯრებზე გისოსებიან პოლიციის ავტობუსზე, რომელიც პატიმრების გადასაყვანად არის განკუთვნილი.
განხილვადი სკანდალები
ერთ-ერთი პირველი მსჯელობა – მომღერალ იულია ჩიჩერინას ფიფას წარმომადგენლებმა ქალაქ როსტოვში გულშემატკივრების წინაშე გამოსვლა აუკრძალეს. მიზეზი ის არის, რომ მომღერალი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის სეპარატისტებისადმი სიმპათიით არის ცნობილი, მისი სიმღერები კი, როგორც ფიფას წერილში იყო ნათქვამი, „ომისკენ მოწოდებებს შეიცავს“. საპასუხოდ, ჩიჩერინამ თავის ღია წერილში აკრძალვის ავტორებს „საფეხბურთო ბანდერელები“ უწოდა.
სოციალურ ქსელებში მწვავე მსჯელობა მოჰყვა მოსკოვში ჩემპიონატის გახსნისადმი წითელ მოედანზე გამართულ საზეიმო კონცერტს. ყველაზე მეტს ორ შემსრულებელზე ლაპარაკობდნენ – საოპერო მომღერლების – იოსიფ ეივაზოვსა და ანა ნეტრებკოს შესახებ. თუმცა, მათი ვოკალური ოსტატობა არ განიხილებოდა, რადგან ამის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ.
სოციალურ ქსელებში დისკუსიის ერთ-ერთ თემად იქცა ეივაზოვის გიგანტური ბრილიანტის გულსაბნევი.
მეორე საკითხი იყო ნეტრებკოს მიერ შერჩეული რეპერტუარი. მან შეასრულა ჩაიკოვსკის რომანსი „ეს ყველაფერი შენზეა“ და შესრულების დროს მუდმივად კრემლის კედლის მხარეს ტრიალდებოდა. სოციალური ქსელების მომხმარებლები ერთხმად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რომანსი პრეზიდენტ პუტინს ეძღვნებოდა.
მაგრამ ყველაზე უმოწყალო კრიტიკა დაატყდა ვიდეორგოლს, რომელშიც მომღერალი ალექსანდრ მალინინი და მისი ქალიშვილი, უსტინია ჩემპიონატის ოფიციალურ ჰიმნს ასრულებენ.
საინტერესო სტატისტიკა
ჩემპიონატი რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე ტარდება.
2018 წლის 7 ივნისს ფიფამ ბილეთების შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა. იმ მომენტისთვის სულ გაყიდული იყო 2 მილიონ 403 თას 116 ბილეთი, მათ შორის დაახლოებით 872 ათასი რუსებმა იყიდეს.
შეძენილი ბილეთების მიხედვით, ქვეყნების (რუსეთის გარდა) პირველი ათეული:
აშშ – 88, 825
ბრაზილია– 72,512
კოლუმბია – 65,234
გერმანია – 62,541
მექსიკა – 60,302
არგენტინა – 54,031
პერუ– 43,583
ჩინეთი – 40,251
ავსტრალია – 36,359
ინგლისი – 32,362
გულშემატკივრების ყველაზე მრავალრიცხოვანი ასაკობრივი ჯგუფია (37 პროცენტი) – 25-დან 34 წლამდე ადამიანები ( რუსეთის კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტროს მონაცემები).
რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. JAMnews მოვლენების განვითარებას დააკვირდება.