პან ვლადიმირი პაბ “ზლატა სტოუპას მეპატრონეა. დიდი ხანია, რაც ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ნამუშევრებს თავისივე დაწესებულების კედლებზე კიდებს და დროდადრო ძველ ექსპონატებს ახლებით ცვლის.
პანი ვერა ზლატა სტოუპას მუდმივი სტუმარი იყო. დაახლოებით 25 წლის განმავლობაში ის თითქმის ყოველდღე მოდიოდა “ზლატა სტოუპაში” მეუღლესთან ერთად – მეგობრებთან შესახვედრად ცოტაოდენი ღვინის დასალევად. ვერა მეუღლის გარდაცვალების შემდეგაც ამ პაბის ერთგული დარჩა. აქ მას ბევრი იცნობდა და ძალიან უყვარდათ.
იმ დღეს ვერა “ზლატა სტოუპაში” არ იყო, მაგრამ ყველა იქ მყოფი მასზე საუბრობდა – ვერას უახლოესი მეგობრები, ნათესავები და დაწესებულების მეპატრონე. ვერას იხსენებდნენ, მასთან დაკავშირებულ სასაცილო ამბებს ჰყვებოდნენ, იცინოდნენ და ტიროდნენ.
ვერა ერთი კვირის წინ გარდაიცვალა. პანაშვიდიდან ორი დღის შემდეგ “ზლატა სტოუპაში” მისი ქელეხი გაიმართა. ახლობლებმა გარდაცვლილის საყვარელი ლუდი დალიეს და ის კერძები დააგემოვნეს, რომლებიც ვერას მოსწონდა. ის მათთან ერთად იყო – ვერა მის გასახსენებლად შეკრებილი ადამიანების მოგონებებში ცოცხლობდა.
ეს შეკრება ვერას ქალიშვილმა და ვაჟმა მოაწყვეს – იმისთვის, რომ ადამიანებს მათი დედა იქ მოეგონებინათ და დამახსოვრებოდათ, სადაც თავად მას უყვარდა ყოფნა.
ამაში გასაკვირი არაფერია. ჩეხების უმრავლესობა ათეისტია და, მეზობელი ევროპელი ხალხებისგან განსხვავებით, გარდაცვლილი ახლობლების მოსაგონებლად ეკლესიებში, ან სასაფლაოებზე კი არ იკრიბებიან, არამედ იმ ადგილებში, სადაც მიცვალებულს უყვარდა ყოფნა.
“ჩვენ ეკლესიაში არ დავდივართ. იმ ადგილებს ვსტუმრობთ, რომლებიც გვიყვარს – მაგალითად, ლუდხანებს. იმიტომ, რომ ეს ჩვენი, ჩეხების, კულტურისა და ცხოვრების წესის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. სტუდენტობის დროს “ზლატა სტოუპაში” ჩემი ძმა მუშაობდა, შემდეგ კი მეც ამ დაწესებულების თანამშრომელი გავხდი. ჩემი მშობლებისათვის ეს იყო ის ადგილი, სადაც მეგობრებს ხვდებოდნენ და დროს ატარებდნენ. სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით – დედა ნამდვილად გაბრაზდებოდა, თუკი მის მოსაგონარ სუფრას სადმე სხვაგან გავმართავდით”, – ამბობს ვერას ქალიშვილი გაბრიელა