ეკონომიკა, უკრაინის ომი და სანქციები - საქართველოს მთავრობამ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა
ეკონომიკა უკრაინის ომი და სანქციები
ეკონომიკა, უკრაინის ომი, სანქციები და რუსი ტურისტების მიღება, ეს ის თემებია, რომელიც საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის სხდომაზე განიხილა.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოს საფრთხე არ ემუქრება და ინარჩუნებს მშვიდობას. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა უკრაინაში ომის შესახებაც და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს ომის მალე დასასრულებლად.
“ჩვენთვის, ყველასთვის არის ომი კატეგორიულად მიუღებელი, ის, რაც ხდება უკრაინაში, არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში, ის ტრაგედია, რომელიც ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ადამიანები იღუპებიან და ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმითვე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი არ უნდა შენელდეს, რადგან მხოლოდ იანვარში, ქვეყანას აქვს 18%-იანი ზრდა, “რაც უპრეცედენტოა რეგიონში და ევროპაშიც”, მისივე განმარტებით, ექსპორტი 47%-ით არის გაზრდილი:
“გამოწვევები, რა თქმა უნდა, დიდია რეგიონში, მაგრამ ისე უნდა გადავეწყოთ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ. აქტიურად უნდა დავიწყოთ ის პროექტები და პროგრამები, რომელიც დავაანონსეთ, ეს არის დასაქმების პროგრამა, ეს არის ეკონომიკის წამახალისებელი პროექტები და, რა თქმა უნდა, ყველანი ვართ მოწოდებული, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ.
მიუხედავად ამ გამოწვევებისა და ამ პროვოკაციებისა, ქვეყანას ჩვენ შევინარჩუნებთ და შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად.”
● ხანგრძლივი ომი, დიპლომატია, გადატრიალება. უკრაინაში ომის ხუთი სცენარი BBC-ის ანალიტიკოსისგან
● ელიან თუ არა საკუთარი ქვეყნიდან გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში?
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც. მინისტრის თქმით, საქართველოში შემოვლენ ის პირები, რომლებიც ამას იმსახურებენ, რადგან ხელისუფლება ამას აკონტროლებს.
“რაც შეეხება შეზღუდვებს, აქ ძალიან ფრთხილად უყურებს მაკონტროლებელი ორგანო, რომ საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები, სანქცირებული პირების ბიზნესები. იყოს მიკვლევადი და ამაზე ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა აღნიშნეს კიდევაც, პირად საუბრებში ჩემთანაც და საჯაროდაც, რომ საქართველო ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ ხდება სწორად იმ საერთაშორისო გადაწყვეტილებების ზედმიწევნით შესრულება. მათ შორის, იგივე საფინანსო ორგანიზაციების კონტექსტში”, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, პირველივე დღეებში, სწორად დაიწყო აღსრულება, სანქცირებული ბანკების მიმართ გადაწყვეტილებების ნაწილში, მათ შორის საქართველოში ოპერირებადი ბანკების კუთხით და პროცესი წარვმართეთ ისე, რომ რეალურად საქართველოს მოქალაქეები და ქართული ბიზნესები არ დაზიანდნენ და მეორეს მხრივ, “ვიყავით პირნათელნი იმ საერთაშორისო გადაწყვეტილებასთან, რომელიც მიიღეს ამ საფინანსო ინსტიტუტების მიერ.”
დავითაშვილმა ისაუბრა რუსეთში პროდუქციის ექსპორტზეც. მისი თქმით, აჟიოტაჟი ინფორმაციის ნაკლებობის გამოა.როგორც მინისტრმა განმარტა, რუსეთში საქართველოდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის საკითხი 2020 წელს დადგა დღის წესრიგში, როდესაც რამდენიმე კერძო კომპანიამ ახალ ბაზარზე გასვლა მოისურვა და რუსეთში მოთხოვნა გაგზავნა.
“საკითხზე მიმართვა იყო კერძო კომპანიების მხრიდან, რომ აინტერესებდათ ახალ ბაზარზე გასვლა და ცხოველური წარმოშობის სურსათ-პროდუქტებს სპეციალური რეგულაციები გააჩნია, ანუ კონკრეტულ საწარმოებს აღიარება სჭირდება მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან.” – ამბობს ვიცეპრემიერი.
● მოუხსნა თუ არა რუსეთმა სანქციები საქართველოს? რძის ექსპორტი და მორიგი საყვედური უკრაინისგან
● რუსეთიდან სომხეთში გადასვლა: ადამიანები და კომპანიები ომის დღეებში ალტერნატივას ეძებენ
● ილია II: ზოგიერთ ქვეყანაში ომია, ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა
რუსეთმა, მოლაპარაკების შედეგად, ქართულ საწარმოებს რძის პროდუქტების ექსპორტის ნება დართო. ამ ინფორმაციამ რუსეთ-უკრაინის ომის და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კონტექსტში ოპოზიციის და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თბილისმა საყვედური კიევისგანაც მიიღო, სადაც საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობის ამგვარ განვითარებას “ზურგში დანა” უწოდეს.
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურმა (“როსსელხოზნადზორმა”) რუსეთში რძის ნაწარმის შეტანის უფლება 15 ქართულ საწარმოს დართო. ეს ინფორმაცია რუსულ სახელმწიფო მედიაში 6 მარტს გავრცელდა.
“როსსელხოზნადზორის” განმარტებით, გადაწყვეტილება 5 მარტის მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს, რომელიც უწყების ხელმძღვანელს სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ზურაბ ჩეკურიშვილს შორის გაიმართა.
მოგვიანებით ამ ცნობას სურსათის ეროვნული სააგენტო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებას 2020 წლიდან აწარმოებს.