RFE/RL-ის გამოძიება: ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმა, ძროხებს ევროკავშირში აკრძალული ქათმის ნაკელით კვებავდა
ძროხები და ქათმები
“რადიო თავისუფლების” მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმის მფლობელი “ყვარლის ბაგა” ძროხებს ევროკავშირში აკრძალული ქათმის ნაკელით კვებავდა. მის რძეს ყიდულობს “სანტე”, “სოფლის ნობათი”, “აგროჰაბი” და “ყვარლის ბაგის” შვილობილი “რძის ლაბორატორია”.
ამასთან, “ყვარლის ბაგამ”, რომლის მფლობელიც “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია, სასამართლო დავა მოუგო “ჩირინას” (ბიუ-ბიუ), რომელსაც 4.7 მილიონის გადახდა დაეკისრა.
რა მოხდა
2020 წელს ლაშა პაპაშვილის კომპანიამ “ჩირინას” სასამართლოში უჩივლა. მასალების მიხედვით, “ყვარლის ბაგის” 1 ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა (ნამჯაში არეულს).
ჟურნალისტური გამოძიებით ნათელი ხდება, რომ “ყვარლის ბაგამ” ჩირინასგან დაახლოებით 2 700 ტონა ქათმის ნედლი, გადაუმუშავებელი ნაკელი შეიძინა. ერთი წლის თავზე, ყვარლის ბაგამ განაცხადა, რომ ჩირინაში ნაყიდმა სკინტლმა, რომელსაც ძროხებს აჭმევდა, საქონელი დაუხოცა და 1.65 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. ჩირინამ პრეტენზიები არ მიიღო და უპასუხა, რომ ქათმის ნაკელს სასუქად ყიდდა და არა – საკვებად.
აღსანიშნავია, რომ რუსთავის სასამართლომ ვერ გამოკვეთა საქონლის დახოცვაში “ჩირინას” ბრალეულობა. სააპელაციომ საქმე ხელახალი განხილვისთვის ისევ რუსთავის სასამართლოში დააბრუნა. 2024 წლის მარტში “ყვარლის ბაგამ” რუსთავის სასამართლოდან სარჩელი უკან გაიხმო, ორ თვეში კი იგივე მოთხოვნებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
2024 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ “ყვარლის ბაგის” საჩივარი დააკმაყოფილა – ყვარლის ბაგამ სასამართლოს წარუდგინა ლაბორატორიული დასკვნები, რომელშიც წერია, რომ ნიმუში, რომელსაც კვლევა ჩაუტარდა, ანტიბიოტიკ ტეტრაციკლინს შეიცავდა.
ამ დასკვნაზე დაყრდნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჩათვალა, რომ ანტიბიოტიკიანმა ნაკელმა რძეც გააფუჭა და 200-მდე ძროხაც დახოცა, სასამართლომ “ჩირინას” დახოცილი ძროხების საფასური და ახალი ძროხების ყიდვისთვის ბანკიდან აღებული სესხის პროცენტის გადახდაც დააკისრა.
როგორც “რადიო თავისუფლების” გამოძიებაშია ნათქვამი, სასამართლოს მასალებში დევს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წერილიც, რომ ნაკელში აღმოჩენილი ტეტრაციკლინი არ არის აკრძალული ვეტერინარული პრეპარატების სიაში. ამ ანტიბიოტიკს დღემდე იყენებენ ფერმერები. დოკუმენტებით ასევე ჩანს, რომ ტეტრაციკლინით თავად “ყვარლის ბაგის” ვეტერინარიც მკურნალობდა ძროხებს.
რას პასუხობენ კომპანიები
“რადიო თავისუფლებამ” კომპანიებს, რომლებიც რძეს ყვარლის ბაგიდან ყიდულობენ, ჰკითხა, ამოწმებდნენ თუ არა მიღებული რძის ყველა პარტიას და რამდენჯერ აღმოაჩინეს მასში ანტიბიოტიკი? ასევე, იცოდნენ თუ არა, რომ რძის მიმწოდებელი იმ პერიოდში ევროპაში აკრძალულ საკვებს, ქათმის ნაკელს, იყენებდა ძროხების გამოსაკვებად.
“ჩირინას” მფლობელი უარყოფს ტეტრაციკლინის გამოყენებას თავის ქათმის ფერმაში და ამბობს, რომ სხვა მედიკამენტს იყენებდა, კომპანია სანტემ კი რადიოს მიწერა, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურთ.
“მაგ პერიოდის არქივი არ არის შენახული, კანონით, სამწლიანი ვადა ვრცელდება დოკუმენტების შენახვაზე. ზოგადად, თუ რძის ან ნებისმიერი ინგრედიენტის ხარისხი არ შეესაბამება პეპსიკოს დადგენილ სტანდარტსა და კანონმდებლობის მოთხოვნას, ჩვენი მხრიდან ასეთი ინგრედიენტი ხარვეზდება და წარმოებაში არ დაიშვება.” – ასე პასუხობს სოფლის ნობათის მფლობელი კომპანია “პეპსიკო” გამოცემას.
კითხვაზე, იცოდნენ თუ არა, რომ რძის მიმწოდებელი იმ პერიოდში ევროპაში აკრძალულ საკვებს – ქათმის ნაკელს იყენებდა ძროხების გამოსაკვებად, პეპსიკომ “რადიო თავისუფლებას” უპასუხა, რომ – არა.
“აგროჰაბის” ცნობით, იმ პერიოდში, როცა რძეს ყიდულობდნენ “ყვარლის ბაგისგან”, არ იცოდნენ, რომ ძროხებს ნაკელს აჭმევდნენ. მათივე თქმით, “აგროჰაბი ყოველთვის, ყველა პარტიაზე ამოწმებს რძეს ანტიბიოტიკზე. დაფიქსირების შემთხვევაში რძეს არ ვღებულობთ. შემოწმების შესახებ ამ ხანდაზმულობის რეესტრი არ გვაქვს.”