კომენტარი ბაქოდან: რა კავშირშია რუსეთი ყარაბაღში ვითარების გამწვავებასთან
ყარაბაღში, 2020 წლის 27 სექტემბრის დილას დაწყებული აქტიური საბრძოლო მოქმედებების მიზეზებსა და პერსპექტივებზე, JAMnews-სთან ინტერვიუში, პოლიტიკურმა მიმომხილველმა, შაჰინ რზაევმა ისაუბრა.
— რატომ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები სწორედ ახლა?
— ამჯერად ეს მოულოდნელი არ იყო, განსხვავებით 2016 წლის აპრილისგან. ფრონტის ორივე მხარეს ყველა მზად იყო, რომ სადაცაა აქტიური მოქმედებები დაიწყებოდა. უვერტიურის როლი 2020 წლის 12-16 ივლისს, საზღვარზე მომხდარმა შეტაკებებმა შეასრულა.
შემიძლია რამდენიმე მიზეზი დავასახელო, რამაც დაპირისპირების ესკალაცია გამოიწვია.
• სამი წელი ყარაბაღის „აპრილის ომიდან“. რა შეცვალა მან?
ორი წლის წინ. სომხეთის ახალმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ცალმხრივად შეეცვალა მოლაპარაკებების ფორმატი – განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე მესამე მხარე ყარაბაღელი სომხები უნდა ყოფილიყვნენ.
მაშინვე გაისმა ფრაზა: „არცახი – სომხეთია და მორჩა“.
ერევანში ვერ შეძლეს აეხსნათ ამ ორ ურთიერთსაპირისპირო მიდგომას შორის განსხვავება – ერთი მხრივ მოლაპარაკებები, მეორე მხრივ – “წერტილი”.
ამავე დროს, სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ რუსეთისგან დისტანცირების კურსი აიღო – ერევანმა დაიწყო რუსეთის პროტეჟეებისა და მოკავშირეების (კოჩარიანი, გენერალი ხაჩატუროვი და სხვები) შევიწროება და დევნა.
რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ამ ქმედებებით უკმაყოფილო დარჩა. ერევანს უკმაყოფილების სიგნალები თავად პუტინმაც კი გუგზავნა.
სომხეთის ხელისუფლების კრიტიკით და გაშავებით იყო დაკავებული კრემლის პროპაგანდის რუპორი, ტელეკომპანია Russia Today.
ეს ტელევიზია ადანაშაულებდა სომხეთის ხელისუფლებას დასავლურ ფონდებთან თანამშრომლობაში (სოროსის ფონდთან და სხვა მსგავსებთან).
• „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებული ფაქტების გამოძიება: სომხეთში რუს ჯაშუშებს ეძებენ
• Russia Today-ს ხელმძღვანელმა სომხეთის ხელისუფლება ანტირუსულ პოზიციებში დაადანაშაულა
მოსკოვი ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას ფაშინიანის დამოუკიდებელი კურსის გამო. ამ კონტექსტში, არ არის გამორიცხული, რომ ყარაბაღის კონფლიქტი ფაშინიანზე ზეწოლის მორიგი ბერკეტია.
ივლისის უვერტიურამ სასურველი შედეგი და რეზონანსი ბევრი მიზეზის გამო არ მოიტანა, მათ შორის, პანდემიის. ეუთოს მინსკის ჯგუფმა სწრაფი რეაგირება არ მოახდინა და არ გაგზავნა ემისრები.
შეიძლება, ამიტომაც მოუწია რუსეთს უფრო ძლიერი “არგუმენტების” მოყვანა.
— რა იქნება შემდეგ? შესაძლებელია საბრძოლო მოქმედებების შეჩერება ისე, როგორც ეს 2016 წლის აპრილში მოხდა, როდესაც ყარაბაღში ვითარება უკიდურესად გამწვავდა?
— დიდი ალბათობით, ორი-სამი დღის შემდეგ, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან. 2021 წლის დასაწყისში კი მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდებიან.
მოლაპარაკებებზე მთავარი თემა იქნება ე.წ. ლავროვის გეგმის მიღება – ანუ სომხეთმა აზერბაიჯანის შვიდი ოკუპირებული რაიონიდან ხუთი უნდა დათმოს. სანაცვლოდ, მთიანი ყარაბაღი დროებითი სტატუსს მიიღებს, ხოლო ფრონტის ხაზზე რუსული ჯარები განლაგდებიან „მშვიდობისმყოფელთა“ ეგიდით.
ეს ახალი გეგმა არ არის. ის მოლაპარაკებების მაგიდაზე ჯერ კიდევ 1994 წელს იდო, მაშინ ის რუსეთის მხრიდან თანათავმჯდომარემ, ვლადიმირ კაზიმიროვმა წარმოადგინა.
ჩემი აზრით, ასეთი გეგმა აზერბაიჯანისთვის კატეგორიულად მიუღებელია. იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების გარეშე სტატუსზე საუბარი მიუღებელია, რუსული ჯარების შეყვანა კი სერიოზულ ეჭვებს იწვევს.
საკმარისია გავიხსენოთ რუსეთის ფედერაციის სამხედრო შენაერთების ქართულ-აფხაზურ და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში შეყვანის გამოცდილება. შედეგად, საქართველომ ფაქტობრივად დაკარგა საკუთარი ტერიტორიის ერთი მეხუთედი.
სამშვიდობო ძალები შეიძლება შედგებოდეს არა მხოლოდ რუსი ჯარისკაცებისგან. მათ უნდა დაემატოთ სხვა ქვეყნების ძალებიც, მაგალითად, თურქეთის, ევროკავშირის ან უკრაინის. მიმაჩნია, რომ ეს მოლაპარაკებების საგანია.