აზერბაიჯანში შავი ბაზარი გაჩნდა
მანათის დევალვაციის შემდეგ, ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ მას სხვა პრობლემების ჯაჭვი მოჰყვა.
შეიძლება „ძვირი“ დოლარიც კი ვერსად იშოვოთ
ოფიციალურად, აზერბაიჯანში 1 დოლარს 1 მანათად და 55 კაპიკად ყიდულობენ, რაც ზუსტად ორჯერ მეტია ერთი წლის წინანდელ ფასზე. საქმე ისაა, რომ დევალვაციის შემდეგ მანათის გადაცვლა ამ კურსითაც შეუძლებელია, რადგან დოლარების გაყიდვა არავის უნდა.
80 წლის თამარამ წლების განმავლობაში გაუგონარი თანხა დააგროვა _ 5000 მანათი, დასამარხი ფული.უკვე ერთი კვირაა, მისი ძმიშვილი უშედეგოდ ცდილობს, არსებული კუსით ამ თანხის დოლარები შეიძინოს. თამარა შიშობს, რომ დევალვაციის კიდევ ერთი ტალღა ფულს ისე გააუფასურებს, რომ სასაფლაოს ერთი ადგილისთვისაც აღარ ეყოფა; ამიტომ თანხა მყარ ვალუტაში უნდა რომ ჰქონდეს.
დახურული კარი
ამ ადგილს „ზავოკზალნაიას“ ეძახიან. ეს უბანი ცნობილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტიების სიმრავლით. აქ ყოველთვის ყველაზე ხელსაყრელი ფასები იყო ქალაქში. ეს პუნქტები დევალვაციის პირველ დღესვე დაიკეტა. შემდეგ კარი ოდნავ „შეიღო“ _ ანუ ხან იღება, ხან იკეტება _ გააჩნია, რომელი ვალუტის გადაცვლა გინდათ.
შავი ბაზარი
მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მაშინვე გაჩნდა „შავი ბაზარი“, სადაც 1 დოლარს ორ მანათად ყიდიან. პენსიონერი ვალიდა ამბობს, რომ ორშაბათს მეტრო „28 მაისის“ შორიახლოს მანათები დოლარზე გადაცვალა _ კურსით ½. „ახლა კი ვნანობ,მაგრამ მაშინ პანიკაში ვიყავი“, _ ამბობს ვალიდა და გვიამბობს, რომ მის მეგობარსაც შეუძენია ხელზე დოლარი, იგივე კურსით მალაკნების ბაღში.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, რამილ უსუბოვმა სპეკულაციისა და ფულის უკანონო გადაცვლის აღკვეთის ბრძანებას მოაწერა ხელი. არაოფიციალური მონაცემებით, 28 დეკემბერს შავი ბაზრის სამი გადამყიდველი დააკავეს.
ბანკები ნათესავების მომსახურებას ძლივს აუდიან
ქალაქის ცენტრში არსებულმა ზოგიერთმა მსხვილმა ბანკმა გადასაცვლელი თანხის ზედა ზღვარი დააწესა. ბანკების ნაწილი მხოლოდ ხუთას დოლარამდე თანხას გასცემს, სხვა ბანკებში კი ათას დოლარზე მეტს ვერ იყიდით.
ბევრი ადამიანი ბანკის თანამშრომლებთან ნაცნობობით სარგებლობს. „უკვე რამდენიმე დღეა, რაც მეგობრები და ნათესავები მირეკავენ და მთხოვენ, რომ ფული ოფიციალური კურსით გადავუცვალო, _ ამბობს ფარხადი, ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი. მუშაობის ნაცვლად, მე და ჩემს თანამშრომლებს ჩვენი ახლობლების ფული დოლარებში გადაგვყავს; თანაც, გამოცხადებული კურსით, მხოლოდ განსაზღვრული თანხის გადაყვანა შეგვიძლია, რაც ყველა ნათესავს არც ჰყოფნის.
არაოფიციალური კურსი
ქალაქში მაინც ამუშავდა ვალუტის გადამცვლელი ზოგიერთი პუნქტი, ოღონდ ყიდვისა და გაყიდვის კურსები ნომინალურზე მაღალია.
ცენტრალური ბანკი კი აცხადებს, რომ მორიგი დევალვაციის შესახებ ჭორები უსაფუძვლოა. ჩვენსავე გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, უნდა ვივარაუდოთ, რომ უსიამოვნებები ჯერ კიდევ წინაა.