აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელშეკრულების ტექსტი გამოქვეყნდა. რა წერია ისტორიულ დოკუმენტში - სრულად
აზერბაიჯანი–სომხეთის ხელშეკრულების ტექსტი
გამოქვეყნდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების ტექსტი.
მშვიდობის ხელშეკრულების მიხედვით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა შეუძლიათ დადონ ცალკეული შეთანხმებები შესაბამის სფეროებში, რომლებიც წარმოადგენს ურთიერთ ინტერესს – სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის დასამყარებლად, მათ შორის ეკონომიკაში, ტრანზიტსა და ტრანსპორტში, გარემოს დაცვაში, ჰუმანიტარულ სფეროსა და კულტურაში.
შეთანხმების მიხედვით, მხარეები გმობენ ნებისმიერი ფორმის შეუწყნარებლობას, რასობრივ სიძულვილსა და დისკრიმინაციას, სეპარატიზმს, ძალადობრივ ექსტრემიზმსა და ტერორიზმს, იბრძოლებენ ამ მოვლენების წინააღმდეგ თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში და დაიცავენ ამ მხრივ საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს.
ტექსტის თანახმად, მხარეებიდან არცერთი არ მოიყვანს არგუმენტად საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას, როგორც ამ შეთანხმების შეუსრულებლობის გამართლებას.
მხარეები არ განახორციელებენ ერთმანეთის წინააღმდეგ მტრულ ნაბიჯებს დიპლომატიურ, საინფორმაციო და სხვა სფეროებში, არ წაახალისებენ ასეთ ქმედებებს და არ ჩაერთვებიან ასეთ საქმიანობაში რაიმე ფორმით; ამისთვის ისინი რეგულარულ კონსულტაციებს ჩაატარებენ.
მშვიდობის ხელშეკრულება შედგება 17 მუხლისგან და, როგორც ითქვა, ცვლილებები მასში არ შევა.
შეთანხმების სრული ტექსტი
აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა (შემდგომში – მხარეები), აცნობიერებენ რა რეგიონში სამართლიანი, ყოვლისმომცველი და მყარი მშვიდობის დამყარების გადაუდებელ საჭიროებას და ისწრაფვიან რა ამისკენ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების გზით,
ხელმძღვანელობენ გაეროს ქარტიით, „დეკლარაციით საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის თაობაზე სახელმწიფოებს შორის გაეროს ქარტიის შესაბამისად“ (1970 წ.),
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის დასკვნითი აქტით (1975 წ.) და 1991 წლის 21 დეკემბრის ალმა-ატას დეკლარაციით, ასევე ისწრაფვიან ამ დოკუმენტებში გამყარებული ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე ურთიერთობების განვითარებას,
გამოხატავენ ურთიერთნებას კეთილმეზობლობის დამყარებისკენ და
თანხმდებიან დაამყარონ მშვიდობა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები შემდეგი საფუძვლების მიხედვით:
მუხლი I
მხარეები ადასტურებენ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის არსებული საზღვრები გადაიქცა შესაბამისი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საერთაშორისო საზღვრებად და აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ; მხარეები აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.
მუხლი II
მუხლი I-ის სრული შესაბამისობით, მხარეები ადასტურებენ, რომ არ აქვთ და მომავალშიც არ ექნებათ ტერიტორიული პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ;
მხარეები არ განახორციელებენ რაიმე ქმედებას, მათ შორის – დაგეგმვას, მომზადებას, წახალისებასა და მხარდაჭერას, რომელიც მიმართული იქნება მეორე მხარის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური ერთიანობის სრული ან ნაწილობრივი დარღვევისკენ.
მუხლი III
მხარეები ურთიერთობაში თავს შეიკავებენ ძალის გამოყენებისა და ძალით მუქარისგან, რომელიც მიმართულია ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან რაიმე სხვა ფორმით, რომელიც შეუთავსებელია გაეროს ქარტიასთან.
მუხლი IV
მხარეები თავს შეიკავებენ ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან.
მუხლი V
ხელშეკრულების რატიფიკაციის სიგელების გაცვლის შემდეგ […] დღეში, მხარეები დაამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ვენის კონვენციების შესაბამისად (1961 და 1963 წლების) დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ.
მუხლი VI
მუხლი I-ის ვალდებულებების სრული შესაბამისობით, მხარეები კეთილსინდისიერად აწარმოებენ მოლაპარაკებებს შესაბამის სასაზღვრო კომისიებს შორის, შეთანხმებული რეგლამენტის მიხედვით, რათა დადონ ხელშეკრულება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის შესახებ.
მუხლი VII
მხარეები არ განათავსებენ საერთო საზღვრის გასწვრივ მესამე ქვეყნის ძალებს. დელიმიტაციისა და დემარკაციის დასრულებამდე, მხარეები განახორციელებენ ურთიერთშეთანხმებულ უსაფრთხოების და ნდობის განმტკიცების ზომებს, მათ შორის სამხედრო სფეროში, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოება და სტაბილურობა სასაზღვრო რეგიონებში. არ დაუშვებენ მათი ტერიტორიების გამოყენებას მესამე ქვეყნის მიერ ძალის გამოყენებისთვის მეორე მხარის წინააღმდეგ გაეროს ქარტიის დარღვევით.
მუხლი VIII
მხარეები გმობენ და იბრძოლებენ თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში შეუწყნარებლობის, რასობრივი სიძულვილისა და დისკრიმინაციის, სეპარატიზმის, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ. დაიცავენ ამ კუთხით მოქმედ საერთაშორისო ვალდებულებებს.
მუხლი IX
მხარეები მიიღებენ ვალდებულებას, იმუშაონ შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარის მონაწილეობით დაკარგული და იძულებით გაუჩინარებული პირების საქმეებზე, ამ ადამიანებზე არსებული ყველა ინფორმაციის ერთმანეთთან გაცვლის ჩათვლით ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
მხარეები აღიარებენ ამ პირების ბედის დადგენის მნიშვნელობას, მათ შორის – მათი ნეშტის მოძებნის და, საჭიროების შემთხვევაში, დაბრუნების მნიშვნელობას. ასევე – სამართლიანობის აღდგენას შესაბამისი გამოძიების გზით, როგორც შერიგებისა და ნდობის განმტკიცების საშუალებას.
შესაბამისი მექანიზმები განისაზღვრება ცალკე შეთანხმებით.
მუხლი X
იმ სფეროებში, რომლებიც ურთიერთინტერესის საგანია, მათ შორის ეკონომიკაში, ტრანზიტსა და ტრანსპორტში, გარემოს დაცვაში, ჰუმანიტარულ სფეროსა და კულტურაში, მხარეებს შეუძლიათ დადონ შეთანხმებები.
მუხლი XI
ეს შეთანხმება არ ეხება მხარეთა მიერ გაეროს სხვა წევრ სახელმწიფოებთან დადებული ხელშეკრულებების უფლებებსა და ვალდებულებებს. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მოქმედი საერთაშორისო ვალდებულებები მესამე მხარეებთან არ ეწინააღმდეგებოდეს ამ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.
მუხლი XII
მხარეები თავიანთ ორმხრივ ურთიერთობებში იხელმძღვანელებენ საერთაშორისო სამართლითა და ამ შეთანხმებით.
არც ერთი მხარე არ მიმართავს შიდა კანონმდებლობას, როგორც არგუმენტს შეთანხმების შეუსრულებლობის გასამართლებლად; მხარეები, ვენის 1969 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებების სამართლის კონვენციის შესაბამისად, შეიკავებენ თავს ქმედებებისგან, რომლებიც აზრს დაუკარგავდა შეთანხმების ობიექტსა და მიზანს, სანამ ის ძალაში შევა.
მუხლი XIII
მხარეები უზრუნველყოფენ შეთანხმების სრულ შესრულებას და შექმნიან ორმხრივ კომისიას მისი შესრულების მონიტორინგისთვის. კომისია იმუშავებს მხარეთა მიერ შეთანხმებული წესების შესაბამისად.
მუხლი XIV
საერთაშორისო სამართლისა და სხვა ხელშეკრულებების ფარგლებში არსებული უფლებებისა და ვალდებულებების დაუზიანებლად, მხარეები შეეცდებიან, ამ შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა მოაგვარონ პირდაპირი კონსულტაციებით, მათ შორის XIII მუხლით განსაზღვრული კომისიის ფარგლებში.
თუ ასეთი კონსულტაციები არ გამოიღებს შედეგს 6 თვის განმავლობაში, მხარეები მიმართავენ დავების მშვიდობიანი მოგვარების სხვა საშუალებებს.
მუხლი XV
XIV მუხლის დაუზიანებლად, მხარეები ერთი თვის განმავლობაში, შეთანხმების ძალაში შესვლიდან, გააუქმებენ, შეწყვეტენ ან სხვა გზით მოაგვარებენ ყველა სახელმწიფოთაშორის სარჩელს, პროტესტს, საჩივარს, სამართლებრივ დავას, რომელიც არსებობდა მხარეთა შორის შეთანხმების ხელმოწერამდე, და მომავალში არ წამოიწყებენ ასეთ პროცესებს და არ ჩაერთვებიან მათში, მათ შორის — მესამე მხარის მიერ ინიცირებულში, მეორე მხარის წინააღმდეგ.
მხარეები არ განახორციელებენ, არ წაახალისებენ და არ ჩაერთვებიან ერთმანეთის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებში, რომლებიც ეწინააღმდეგება შეთანხმებას, დიპლომატიურ, საინფორმაციო და სხვა სფეროებში; ამისთვის ჩაატარებენ რეგულარულ კონსულტაციებს.
მუხლი XVI
შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მხარეები გაცვლიან დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ დასრულებულია შიდა პროცედურები ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. შეთანხმება დარეგისტრირდება გაეროს ქარტიის 102-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი XVII
შეთანხმება შედგენილია აზერბაიჯანულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე; სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. თუ რომელიმე დებულების გაგებაში განსხვავება იქნება, უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
კონტექსტი:
- 2020 წლის შემოდგომაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის მოხდა 44-დღიანი მეორე ყარაბაღის ომი. შედეგად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილისა და შვიდი მიმდებარე რაიონის მიმართ.
- 2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში ჩაატარა ლოკალური სამხედრო ოპერაცია.
- 2023 წლის 28 სექტემბერს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა რესპუბლიკის დაშლის შესახებ ბრძანებას.
- 2023 წლის 15 ოქტომბერს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხანკენდიში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტის სრული აღდგენის, ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტისა და კონფლიქტის დასრულების შესახებ.
- ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანის ციხეებში ამჟამად იმყოფება 23 ადამიანი, მათ შორის — თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტები არკადი ღუკასიანი, ბაკო სააკიანი, არაიკ არუთიუნიანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაბაიანი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით იშხანიანი, გენერლები ლევონ მნაცაკანიანი და დავით მანუკიანი. ბაქოში მიმდინარეობს მათი სასამართლო პროცესები.
- აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ხელშეკრულება ჯერ არ არის ხელმოწერილი.