ქართულმა ავიაკომპანიამ გადახდის სისტემებში რუსული “Мир”-ი დაამატა
ავიაკომპანიამ გადახდის სისტემებში რუსული “Мир”-ი დაამატა
ქართული ავიაკომპანიის, “ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე გადახდის სისტემაში მასტერქარდისა და ვიზას გვერდით რუსული “Мир”-იც გაჩნდა. კომპანიის დირექტორი, თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ მისთვის მთავარია ბილეთი გაყიდოს.
“თუ რამე შეიძლება, რომ ბილეთი გაიყიდოს, ყველა სისტემა იმუშავებს. მე სანქციებს არ ვუერთდები და არანაირი ვალდებულება არ მაქვს [შევუერთდე], სახელმწიფო არ ვარ, კერძო კომპანია ვარ. მე მაინტერესებს ბილეთი გავყიდო, რით გაიყიდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს. სამტრედიაში რომ რკინიგზა გააჩერეს*, მე ამ სისტემით ვერ ვიმუშავებ”, – უთხრა თამაზ გაიაშვილმა “რადიო თავისუფლებას” და დაამატა, რომ თუკი შეუკვეთენ, რუსეთიდან პირდაპირ რეისებზეც არ იტყვის უარს.
თუმცა, გაიაშვილის ამბობს იმასაც, რომ კომპანიას რუსული “Мир”-ი აირზენას საიტის გადახდის სისტემებში თავად არ ჩაურთავს, მისი ვარაუდით, ეს იმ ბანკების გადაწყვეტილებაა, ვისთანაც ავიაკომპანია თანამშრომლობს.
კომპანიის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სპეციალურ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ კომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” რუსულ საგადასახადო სისტემაში ჩართვით ხელს უწყობს რუსეთს, დასავლური ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს გვერდი აუაროს. მისივე თქმით, ავიაკომპანია კომერციულ ურთიერთობებს ამყარებს იმ რუსულ საგადასახადო სისტემასთან, რომელიც უკანონოდ საქმიანობს ოკუპირებულ აფხაზეთში და არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
ქართული ავიაკომპანიის Мир-ში ჩართვას გამოეხმაურა “ევროპული საქართველოც.” პარტიაში ამბობენ, რომ “საქართველო რუსეთის ხვრელი არ არის”.
“რუსეთის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების მაქსიმალური ეფექტურობა ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა – ოკუპანტისთვის სანქციების შემსუბუქება კი საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი!” – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ МИР-ის სისტემაში ჩართვა ქართულ სახელმწიფოსაც მოსთხოვა. დეპუტატ ფრინდონ ინჯიას თქმით, თუ “ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, შეიძლება ხორბლის გარეშე დავრჩეთ.”
“ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვაძლევთ ხმას რუსეთის წინააღმდეგ, კი ბატონო, მაგრამ ეს არის ბიზნესი და ეს არის ფული, რომლითაც შეიძლება ჩვენი მოსახლეობა ფეხზე დადგეს და ის გადარიცხვები, რაც მოდის იქიდან, რომ შევინარჩუნოთ და ხორბალი, რომელიც 2 თვის მარაგიაო, გავიგე, ოქროს ფასი არ დაგვიჯდეს და ის ნავთობი, რომლის 40% რუსეთიდან მოდის, გადავიდეთ და დავიწყოთ ამ მხრივ მოლაპარაკება, რომ ფეხზე დავდგეთ და რაღაცა მოგება მივიღოთ”, – თქვა ინჯიამ.
● „პუტინმა გვითხრა, რომ უნდა მოგკლათ“. როგორ დევნიან რუსეთში ომის მოწინააღმდეგეებს
● ხანგრძლივი ომი, დიპლომატია, გადატრიალება. უკრაინაში ომის ხუთი სცენარი BBC-ის ანალიტიკოსისგან
● ელიან თუ არა საკუთარი ქვეყნიდან გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში?
რა არის “Мир”-ი
“Мир”-ი რუსეთში და რუსული ბაზრისთვის შექმნილი სპეციალური საბანკო სისტემაა, რომელიც ქვეყნის გარეთაც მუშაობს. საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, სადაც “Мир”-ი ოფიციალურად გამოიყენება.
რუსული საბარათე გადახდის სისტემა გამოიყენება თურქეთში, ვიეტნამში, სომხეთში, უზბეკეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომლებიც რუსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქვს აღიარებული.
“Мир”-ზე მუშაობა რუსეთმა 2014 წელს მას მერე დაიწყო, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ დასავლეთმა მოსკოვისთვის ფინანსური სანქციების დაწესებაზე დაიწყო მსჯელობა. დღეს, როცა უკრაინაში ომის დაწყების გამო “VISA”-მ და “Mastercard”-მა რუსეთი დატოვეს, “Мир”-ს უკვე გაცემული აქვს 100 მილიონზე მეტი ბარათი და ფარავს რუსეთის ფედერაციის ყველა რეგიონს.
2021 წლის ივლისიდან საბიუჯეტო თანხების გასაცემად რუსეთის ხელისუფლება მხოლოდ “Мир”-ს იყენებს, მათ შორის საჯარო მოხელეების ხელფასების, პენსიისა და სტიპენდიის გასაცემად.
28 თებერვალს, უკრაინაში რუსული სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან მეოთხე დღეს, “Мир”-ის სისტემა დაბლოკა ისრაელის ავიაკომპანია EL AL-მა, რისთვისაც კომპანიას მადლობა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ ტვიტერით გადაუხადა.