აშურა ბაქოში
დღეს ბაქოში შიიტები აშურას, იმამ ჰუსეინის გლოვის დღეს აღნიშნავენ. წინა წლებში მორწმუნე ახალგაზრდობა მიმდებარე სოფლებიდან მთავარი სიწმინდისკენ, სოფელ ნარდარანისკენ ხმაურიან მსვლელობებს მართავდა, სადაც შიიტების მერვე იმამის დის საფლავი მდებარეობს. გასული წლის დეკემბრის მოვლენების (ნარდარანში მომხდარი ამბოხება და მისი შედეგები) შემდეგ მათ ხმაური აუკრძალეს. მეჩეთის მიკროფონი კი მინიმალურ ხმაზე დააყენეს. ყველაფერი პოლიციის მკაცრი ზედამხედველობით ჩატარდა.
სამგლოვიარო ღონისძიებები ქალაქის სხვა მეჩეთებშიც გაიმართა. ქუჩებში ყველა მსურველს ჩაითა და მსუბუქი საჭმლით უმაპინძლდებოდნენ.
რაც შეეხება აშურას ისტორიას, ეს ამბავი 680 წელს მოხდა, როდესაც არაბეთის სახალიფოში ჰაშიმიტებსა და ომაიედებს შორის ხელისუფლებისათვის ბრძოლა იყო გაჩაღებული. მანამდე ნომინალურ ხალიფად მუჰამად წინასწარმეტყველის ბიძაშვილი და სიძე, ალი იბნ აბუ თალიბი მიიჩნეოდა. მაგრამ მისი წინამორბედის, ხალიფ უსმანის მკვლელობის შემდეგ უმაიედების საგვარეულოს ლიდერმა ალი ხალიფად არ აღიარა. მცირე ხნის შემდეგ ალი მოკლეს. მის ადგილზე პრეტენზიას მისი ვაჟი, წინასწარმეტყველის შვილიშვილი ჰუსეინ იბნ ალი აცხადებდა. მაგრამ ტახტი მუავიის ვაჟმა, იაზიდმა დაიკავა. ჰუსეინმა 72 ერთგული მომხრე შემოიკრიბა და იაზიდის წინააღმდეგ გაილაშქრა. ქერბალაში (ეს ადგილი ამჟამად ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობს) ყოფნისას ისინი ალყაში აღმოჩნდნენ. ათი დღის განმავლობაში წყურვილი ტანჯავდათ. მაგრამ არ დანებდნენ.
მუჰარრამის თვის მეათე დღეს მათ რაზმზე იერიში მიიტანეს. თავად ჰუსეინი და მისი მცირეწლოვანი ვაჟი ალი აქბარი მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულნენ. ამის შემდეგ ისლამური სამყარო ორ ბანაკად, შიიტებად და სუნიტებად დაიყო. შიიტები ამ სისხლიან მოვლენებს ყოველ წელს აღნიშნავენ. ამასთან, ბევრ ქვეყანაში დღემდე ატარებენ ცერემონიას სახელწოდებით “შაჰსეი-ვაჰსეი” (შაჰ ჰუსეინ, ვაჰ ჰუსეინ). ამ ცერემონიის რიტუალის შესრულებისას ფანატიკოსები დასისხლიანებამდე ირტყამენ ჯაჭვებს. როგორც წესი, აშურას წინა დღეებში აზერბაიჯანელი სასულიერო პირები მრევლს მოუწოდებენ, თვითდასახიჩრების ნაცლად, სისხლი საავადმყოფოებში ჩააბარონ.
ოფიციალურად, აშურა აზერბაიჯანში სამუშაო და სასწავლო დღეა, მაგრამ იმის გამო, რომ აშურას ღამეს მუსლიმები მეჩეთებში დადიან, ამ დღეს ქალაქის ინფრასტრუქტურა “იძაბება”. ქალაქის ცენტრში მაღაზიების უმრავლესობა ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა, მაგრამ ბაქოს გარეუბნებში ორ საათამდე ყველა მაღაზია დაიკეტა. მხოლოდ ახალ სურახანიში მდებარე “ვალეჰი” არ დამორჩილდა არსებულ ტენდენციას და ორ საათამდე მთელი თვის ნავაჭრის ტოლფასი შემოსავალი მიიღო.
გამოქვეყნდა: 12.10.2016