არჩევნები 2016: რა დევს სასწორზე?
როგორც წესი, არჩევნებმა პასუხი უნდა გასცეს გარკვეულ კითხვებს. 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მთავარი კითხვა, ცხადია, არის “ვინ იქნება ქვეყნის სათავეში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში?” 2013 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო მოდელი ახლოს დგას მმართველობის საპარლამენტო მოდელთან. ამრიგად, არჩევნების შედეგები იმასაც განსაზღვრავს, თუ რა შემადგენლობის იქნება მინისტრთა კაბინეტი.
საკმაოდ მაღალია იმ ამომრჩეველთა რიცხვი, რომელსაც არა აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას. ასევე ბევრმა უარი თქვა, გაემხილა ინტერვიუერისთვის, თუ ვის ანიჭებს უპირატესობას (სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, ასეთია 30-დან 55 პროცენტამდე). ამ ფონზე, ნებისმიერი პროგნოზი, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს, არასარწმუნო იქნება. თუმცა, შეგვიძლია მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარები ჩამოვთვალოთ.
ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, ყველაზე მეტ მანდატს (150-დან მინიმუმ 76-ს) მმართველი პარტია “ქართული ოცნება” მოიპოვებს. ამ შემთხვევაში, გაგრძელდება ის სიტუაცია, რომელიც ახლა გვაქვს: ქვეყნის განვითარების ძირითად მიმართულებას მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს, ხოლო ქვეყნის ყოველდღიური მართვის რუტინულ სამუშაოს მის თანაშემწეებს- მაგალითად, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გადააბარებს. თუმცა, მოვლენების ამგვარმა განვითარებამ, შესაძლოა, ხელისუფლების ლეგიტიმურობა მაინც დააზარალოს. ის, რომ “ქართული ოცნების” მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა საკმაოდ დაბალია, ეს მთავრობისადმი მეგობრულად განწყობილი ტელევიზიის “იმედის” ყველაზე ოპტიმისტური გამოკითხვის მიხედვითაც ჩანს. “იმედის” კვლევაში “ოცნების” რეიტინგი 36 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება უფრო სარწმუნო კვლევებს, მაგალითად, აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ს დაკვეთით ჩატარებულ გამოკითხვას, იქ ეს მაჩვენებელი 17% შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” პარლამენტში ადგილების უმრავლესობის მოპოვებას მაინც შეძლებს, სავარაუდოდ, ეს ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე მოხდება. მაჟორიტალული წესით პარლამენტის 73 წევრის არჩევა ხდება (დანარჩენი პარტიული სიების მიხედვით გადანაწილდება).
მაჟორიტარული არჩევნების შედეგების მიმართ, ტრადიციულად, ყოველთვის არსებობს კითხვები. მაჟორიტარების შემთხვევაში, ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უფრო მეტი შანსი აქვს. აქედან გამომდინარე, მათ ნაკლებად სამართლიანად მიიჩნევენ. 2012 წელს, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა, “ქართული ოცნება” ერთმანდატიანი კომპონენტის რეგიონული პარტიული სიების სასარგებლოდ გაუქმების პირობას დებდა. თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ დანაპირებზე უარი თქვა და ამით 2016 წელს არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტი დაიტოვა.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ როგორც მოქმედი ხელისუფლება, ისე მისი მთავარი ოპონენტი – პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც” არასაკმარისად პოპულარულია საზოგადოებაში (საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა კვლევის მიხედვით ნაციონალური მოძრაობა “ქართულ ოცნებას” რამდენიმე პროცენტით ჩამორჩება), ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ არჩევნებს ერთპიროვნული გამარჯვებული ჰყავდეს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, მოუწევს კოალიციური მთავრობის შექმნა. ფორმალურად, “ქართული ოცნების” წინა მთავრობასაც ექსვპარტიიანი კოალიცია უჭერდა მხარს. თუმცა, ეს კოალიცია ბიძინა ივანიშვილის პირადი სიმპათიებით იყო ფორმირებული და არა არჩევნების შედეგების საფუძველზე. თუ გავითვალისწინებთ პარტიებს შორის არსებულ დაძაბულობას, ჭეშმარიტი კოალიციის შექმნა, შესაძლოა, ძალიან მძიმე პროცესი აღმოჩნდეს.
საბოლოო ჯამში, კოალიცია მხოლოდ ორი ძირითადი მოთამაშიდან ერთ-ერთის გარშემო შეიძლება ჩამოყალიბდეს. დიდი კოალიცია ორივეს [ანუ ნაციონალებსა და ოცნებას] შორის წარმოუდეგენელია. მმართველი პარტიისთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამარცხება საკმარისი არ არის. მისთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანად რჩება ამ ოპოზიციური პარტიის განადგურება. ცოტა ხნის წინათ, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე მხარდამჭერებს დაჰპირდა, რომ არჩევნების შემდეგ “ნაცმოძრაობა” აღარ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში”. ანალოგიურად, “ნაციონალური მოძრაობის” მიმდევრებსაც მსგავსი მიზანი აერთიანებთ – “ქართული ოცნების” გაძევება ხელისუფლებიდან. ორივე ძირითადი პარტია “მესამე ძალებს” მათ ოპონენტებთან ფარულ გარიგებაში ადანაშაულებს. მაგალითად, “ქართული ოცნება” პაატა ბურჭულაძის პარტიას “სახელმწიფო ხალხისთვის” “ნაციონალებთან” კავშირში სდებს ბრალს, “ნაციონალური მოძრაობა” კი პირიქით – მმართველ ძალასთან კავშირში.
იმ პარტიებს შორის, რომელთაც 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ, არიან: ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატები”, შალვა ნათელაშვილის პოპულისტური “შრომის პარტია” და ორი ღიად ანტი-დასავლური ორგანიზაცია – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” და ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო”. თითოეულს შეუძლია წარმატების მიღწევა, თუმცა არც ერთს აქვს ამის გარანტია. კოალიციის შექმნა ამ მოთამაშეებს რომ მოუწიოთ, ეს პროცესი არცთუ ისე კარგი სანახაობა იქნება.
გარდა ამისა, არის კიდევ ორი უფრო მნიშვნელოვანი კითხვა, რომლებზეც ამ არჩევნებმა პასუხი უნდა გასცეს. პირველი – გაგრძელდება თუ არა ქართული პოლიტიკის ძირითადი პრო-დასავლური კურსი? „მიუხედავად საწყისი ეჭვებისა [იგულისხმება, რომ სხვებს ჰქონდათ მათ მიმართ ეჭვები] და ქართული ოცნების ზოგი წარმომადგენლის არცთუ თანმიმდევრული რიტორიკისა [გვარებს არ დავასახელებ], ამ მთავრობამ მაინც მოახერხა წინამორბედთა პროდასავლური პოლიტიკის შენარჩუნება. მას გარკვეული მნიშვნელოვანი მიღწევებითაც შეუძლია იტრაბახოს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა კვლავ შორეული და ბუნდოვანია, უკვე მოეწერა ხელი ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, მალე საქართველოს მოქალაქეებისთვის საბოლოოდ დამტკიცდება უვიზო რეჟიმი შენგენის ქვეყნებთან; მოხდა თანამშრომლობის გაღრმავება ნატო-სთან. თუმცა, ამის პარალელურად, ქართულ საზოგადოებაში დასავლეთის მიმართ გარკვეული იმედგაცრუება გაჩნდა. რუსეთმა ქართულ პოლიტიკურ კლასში, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში შეაღწია, რამაც ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციის იდეას მხარდამჭერები გაუჩინა. ხოლო ღია თუ ფარულად პრორუსულ პარტიებს, როგორიცაა “ქართულ პატრიოტთა ალიანსი” და “დემოკრატიული მოძრაობა – ეთიანი საქართველო”, პირველად გაუჩნდათ შანსი, შევიდნენ პარლამენტში.
იქონიებს თუ არა ეს გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე? თუ მხედველობაში მივიღებთ ორი წამყვანი მოთამაშის ევრო-ატლანტიკური კურსისადმი ერთგულებას, ეს ალბათ ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, მოვლენათა განვითარების ყველაზე უარესი ვარიანტიც არ უნდა გამოირიცხოს. ვიცით, რომ არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, კოალიციის შექმნის რთული პროცესი დაიწყოს. რა მოხდება, თუკი ზემოაღნიშნული ანტი-დასავლური პარტიებიდან ერთ-ერთი კოალიციის პარტნიორად იქნება არჩეული და თავისი დღის წესრიგს მთავრობას უკარნახებს? ქართველები თავს ვერც იმით დაიმშვიდებენ, რომ ევროსკეპტიციზმი და ანტი-დასავლური განწყობა (თანდაყოლილიც და რუსეთის მიერ მხარდაჭერილიც) სულ უფრო და უფრო ძლიერდება თვით ევროკავშირის ფარგლებშიც კი. ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით საქართველო ხომ ბევრად უფრო დაუცველია.
და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნები უნდა პასუხობდეს კითხვას: ქვეყანა უფრო დემოკრატიული ხდება თუ ნაკლებად დემოკრატიული? წინა საპარლამენტო არჩევნები ნამდვილ გარღვევად იყო მიჩნეული, ვინაიდან პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. თუმცა, ვერ ვიქნებით დარწმუნებული იმაში, რომ ამგვარი პრაქტიკა წესად იქცევა. ოპოზიციის არსენალში ყოველთვის ვერ იქნება მორიგი მილიარდერი, რომლის პირადი ქონება ქვეყნის წლიურ მშპ-ზე მხოლოდ ორჯერ ნაკლებია (ბ-ნ ივანიშვილის გარეშე ხელისუფლების შეცვლა 2012 წელს შეუძლებელი იქნებოდა). თუ “ქართული ოცნება”, რომელმაც თავისი პოპულარობა გაფლანგა, შეელევა ხელისუფებას ოქტომბერში, ეს საშუალებას მოგვცემს დავასკვნათ, რომ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა ახალ ნორმად იქცა, და რომ დემოკრატია, ხუან ლინცისა და ალფრედ სტეფანის ცნობილი ფორმულისა არ იყოს, “ამიერიდან ერთადერთი თამაში იქნება ჩვენს ქალაქში.”
მაგრამ ოპოზიციის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობისა და შერჩევითი სამართლის ხშირი შემთხვევები; მედიაზე, მათ შორის “რუსთავი 2:-ზე, (ყველაზე პოპულარულ ოპოზიციურ არხზე), გავლენის მოხდენის მცდელობა; გახშირებული ინფორმაციები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მედიის წარმომადგენლების, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ შანტაჟისა და მუქარის შესახებ; მართველი პარტიის დაუფარავი უარი, აღიაროს ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია თავის ლეგიტიმურ მეტოქედ და არა ჯგუფად, რომელიც გაძევებული უნდა იყოს პოლიტიკური ასპარეზიდან – ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი აქვს სხვა სახის სახელისუფლებო თამაშებს, რომლებიც საკმაოდ შორსაა დემოკრატიული ნორმებისგან. საქართველოში, კვლევ პოპულარულია მოსაზრება, რომ ხელისუფლება, რომელმაც დაკარგა ხალხის ნდობა, მაინც მოახერხებს არჩევნების მოგებას სწორედ ამგვარი “თამაშების” ხარჯზე.
მაგრამ შეძლებს კი? სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი მალე გაეცემა.
გია ნოდია, “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარე
* სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის ხედვას და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.
* სტატია დაიწერა ინგლისურ ენაზე
გამოქვეყბებულია: 19.09.2016