არჩევანის თავისუფლების გარეშე - როდესაც აზერბაიჯანში მამაკაცებს ძალით აქორწინებენ
“უცოლო კაცს საქმე არ აქვს”
ზრდასრული შვილების ძალით დაქორწინების ჩვეულება ერთ-ერთია იმ აზერბაიჯანული „ტრადიციებიდან“, რომლებსაც უფლებადამცველები ებრძვიან. როგორც წესი, ქორწინებას გოგონებს – პატრიარქალური საზოგადოების უფრო მოწყვლად ნაწილს – აიძულებენ ხოლმე. მაგრამ ზოგჯერ მსგავს პროცესებს შესაძლოა, ვაჟებიც ემსხვერპლონ.
საკმაოდ რთული აღმოჩნდა იმ მამაკაცების ისტორიების მოსმენა, რომლებიც ძალით დააქორწინეს. მათ რცხვენიათ იმ მდგომარეობის, რომელშიც აღმოჩნდნენ; ამიტომ დუმილს ინარჩუნებენ და თავს იმით იმშვიდებენ, რომ ორმაგ ცხოვრებას ეწევიან,
ჯალილი [სახელი შეცვლილია რესპონდენტის თხოვნით. – რედ] – ასეთი ისტორიების ტიპური გმირია.
«რვაშვილიანი ოჯახის უფროსი ვაჟი ვიყავი და ამიტომ სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ ფულის საშოვნელად რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ უხტაში ჩავედი. მძღოლად ვმუშაობდი, ოჯახს ფულს ვუგზავნიდი და თან ადგილობრივი გოგონა შემიყვარდა. მინდოდა, ცოლად მომეყვანა. 1982 წლის ზაფხულში სტუმრად ჩამოვედი. მშობლებმა პირველ დღესვე ქორწილზე ჩამომიგდეს სიტყვა. ოცდახუთი წლის ხარ უკვე, უცოლო კაცი „ავარააო“ [აზერბ. «უსაქმური»], მითხრეს.
მეორე დღეს მეზობელ სოფელში ჩავედით ნათესავების მოსანახულებლად. აღმოჩნდა, რომ რეივა მამიდას უკვე შერჩეული ჰყავდა გოგონა, რომელმაც „შემთხვევით“ ჩაიარა მამიდას სახლის მახლობლად – იმ მომენტში, როდესაც აივანზე ვიჯექი. სარძლო სოფლური ჩვეულების შესაბამისად იყო გამოწყობილი – თავსაბურავი ეფარა და გრძელი კაბა ეცვა. „მოგწონს ეს გოგო?“ – მკითხა დეიდამ. „რავიცი, არც მომწონს, და არც არ მომწონს“, – ვუპასუხე მე. მაშინვე გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ მე ის გოგონა მომეწონა.
იმ გოგონას ოჯახს ესტუმრნენ .ხელის სათხოვნელად და ფაქტის წინაშე დამაყენეს – თუ არ დაქორწინდები, თავსაც შეირცხვენ, და ჩვენც შეგვარცხვენო, მითხრეს.
მშობლის სიტყვა „მძიმეა“. წესით, უარი უნდა მეთქვა, მაგრამ ვერ შევძელი.
მთელი პროცესი – ხელის თხოვნით დაწყებული, და ქორწილით დასრულებული – ერთ კვირაში დასრულდა. ერთი ნათესავიც კი არ მიჭერდა მხარს, ყველა დედაჩემს ემხრობოდა. ქორწილის დღეს იმ აზრით გავიღვიძე, რომ დიდ შეცდომას ვუშვებდი. ქორწილში ის ტანსაცმელი მეცვა, რომლითაც აზერბაიჯანში ჩამოვედი.
ამის შემდეგ სოლმაზი – ჩემი ცოლი – უხტაში წავიყვანე, სადაც ჩემი შეყვარებული ცხოვრობდა, რომელმაც ჯერ არ იცოდა, რა მოხდა. როდესაც ყველაფერი უამბეს, ჩემი მიჯნური სხვა ქალაქში გადაბარგდა.
სოლმაზმა რუსული არ იცოდა და ამიტომ ათი წლის მანძილზე კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და ჩვენი ქალიშვილების აღზრდით იყო დაკავებული. შევეცადე, მისთვის სამსახური მეპოვა, მაგრამ მუშაობა არ უნდოდა.
ამის შემდეგ სოლმაზი და ჩვენი ქალიშვილები ბაქოში ჩამოვიყვანე. ჩვენი განქორწინების პროცესი 20 წლის მანძილზე გრძელდებოდა. 2004 წლიდან 2014 წლამდე ერთხელაც არ ჩამოვსულვარ ბაქოში. როდესაც ჩამოვედი, რამდენიმე თვით დავრჩი, იმიტომ რომ დედაჩემი ძალიან ცუდად გრძნობდა თავს.
ვცდილობდი, რაც შეიძლება ხშირად მესაუბრა მასთან და ერთხელაც ჩემს ქორწინებაზე ჩამოვარდა. როდესაც ვუთხარი, რომ ჩემს ცოლთან ყოფნა მეთაკილებოდა და მისი ფრჩხილებიც კი ზიზღს მგვრიდა, დედა მიხვდა, რომ უბედური ვიყავი.
დედაჩემის სიკვდილის შემდეგ სოლმაზმა საბოლოოდ განმიცხადა თანხმობა და განქორწინება გავაფორმეთ. 57 წლის ასაკში მივიღე თავისუფლება, რომელზეც 30 წელი ვოცნებობდი. ისევ ვიპოვე ის ქალი, რომელიც მიყვარს და ამჟამად მე და ჩემი საყვარელი ქალი ჩვენს საერთო შვილთან ერთად ვცხოვრობთ – ჩემს ვაჟთან, რომელიც ჩემს უბედურ ქორწინებამდე დაიბადა.
არ იტაცებენ, არ აუპატიურებენ, მაგრამ ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ და მანიპულირებენ
სოციოლოგი სანუბარ ჰეიდაროვა ამბობს, რომ მსგავსი ქორწინებების სტატისტიკურ ანალიზს, რა თქმა უნდა, არავინ აწარმოებს, მაგრამ თავად ის ხშირად აწყდება მსგავს შემთხვევებს საკუთარ პრაქტიკაში. თავიდან მამაკაცები ვარაუდობენ, რომ, იძულებითი ქორწინების მიუხედავად, ისინი მაინც შეინარჩუნებენ თავისუფლებას, რადგანაც „პარალელური ცხოვრების“ დაწყების საშუალება ექნებათ. თუმცა, სოციოლოგის თქმით, ამ ტიპის კავშირებს პიროვნების განადგურებამდე,ბავშვების არასწორ აღზრდამდე და ვენერიულ დაავადებებამდე მივყავართ (იმიტომ რომ ქმარი, რომელსაც სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება არ აქვს, უკან აღარაფერზე იხევს).
“ჩვენს დროში მსგავსი ქორწინებები იშვიათად ფიქსირდება – არა იმიტომ, რომ მენტალიტეტი შეიცვალა. ასეთი ფაქტების რაოდენობის შემცირება იმითაა გამოწვეული, რომ ხალხი თანდათან ტოვებს ამ ქვეყანას. ბევრი ემიგრანტი არა ევროპული განათლებას, ან თვითრეალიზაციას, არამედ ოჯახის ზეწოლის გარეშე ცხოვრებას მიელტვის”, – განაცხადა სანუბარ ჰეიდაროვამ.
ფსიქოლოგი აზად ისაზადე ორ გავრცელებულ სცენარს გამოყოფს. პირველის მიხედვით, მშობლები თავად ირჩევენ სარძლოს, მათ ვაჟს კი უარის თქმის უფლება არ აქვს; მეორე შემთხვევაში კი „ურთიერთობების ოფიციალურ გაფორმებას“ წინ ქორწინებამდელი სქესობრივი კავშირი უძღვის. ამ დროს ორივე მექორწილის მშობლები უბრალოდ ქორწილის გადახდისა და ამ საკითხის „ერთხელ და სამუდამოდ დახურვის“ გადაწყვეტილებას იღებენ. ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე არგუმენტი მოქმედებს: „მამაკაცი ხარ და ამიტომ ასე უნდა მოიქცე“. საპატარძლოს იძულებისგან განსხვავებით, სასიძოს იძულება სისხლის სამართლის დანაშაულად არ მიიჩნევა. მამაკაცებს არ იტაცებენ და არ აუპატიურებენ, მაგრამ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ და მათ წინააღმდეგ მანიპულაციის ხერხებს იყენებენ.
“ასეთ შემთხვევებს არა ქორწინების მომენტში, არამედ რამდენიმე წლის შემდეგ ვაწყდებით ხოლმე – იმ პერიოდში, როდესაც მსგავსი წესით შექმნილი ოჯახი ინგრევა,” – ამბობს ფსიქოლოგი. აზად ისაზადე ამბობს რომ დიდ ქალაქებში – როგორიცაა, მაგალითად ბაქო, ან განჯა – მსგავსი შემთხვევები, შესაძლოა, უფრო იშვიათად არც ხდებოდეს, მაგრამ ცალსახად უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ასეთი ფაქტები გასაჯაროვდება.
როდესაც სოციალურ ქსელების მომხმარებლები შეთქმულებით გადახდილი ქორწილების პრობლემას განიხილავენ, ჩაგრული მამაკაცების მიმართ იშვიათად იჩენენ ტოლერანტობას და კიდევ უფრო იშვიათად – თანაგრძნობას. აი, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტიპური კომენტარები: «ჩვენც გვყავს მასეთი ნაცნობები. ასეთ შემთხვევებში კაცისთვის ქალი ინკუბატორია, ქალისთვის კი კაცი ღმერთია», «ასეთ კაცებს დედიკოს ბიჭები“ ჰქვიათ და მათ მხოლოდ ნასუფრალი ერგებათ». «როდესაც ადამიანს დილიდან საღამომდე უბურღავენ ტვინს, არ არის გამორიცხული, რომ ცოლი შეირთოს – თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ თავი დაანებონ». როგორც წესი, ამ კატეგორიის მამაკაცებს მესამე პირში განიხილავენ, იმიტომ რომ არც ისე ბევრი ადამიანი აღიარებს, რომ ძალით შერთეს ცოლი.
« რუფატი მქვია. 27 წლის ვარ. ბაქოში დავიბადე. ჩემი მშობლები ყარაბაღიდან არიან. ადრე წიგნის ჭიას მეძახდნენ, იმიტომ რომ დროის უდიდეს ნაწილს სწავლასა და მუშაობას ვუთმობდი და პირად ცხოვრებაზე საერთოდ არ ვფიქრობდი.თუმცა, ეს მეტსახელი ჩამომშორდა მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში ლეილა გაჩნდა – მისი წყალობით უფრო გულღია გავხდი და საკუთარი თავის რწმენაც მომემატა. ჩვენი ურთიერთობა ორი წლის მანძილზე გრძელდებოდა. დაქორწინებას ვაპირებდით.
მას შემდეგ, რაც ლეილა ჩემი ოჯახის წევრებს გავაცანი, მშობლებმა გადაწყვიტეს, სხვა საცოლე მოეძებნათ ჩემთვის.
ჩემი შეყვარებული ძალიან მორიდებული გოგონა იყო და უფროსებს პატივის სცემდა, მაგრამ ჩემს მშობლებს მაინც არ მოსწონდათ. ჩემი მშობლებისა და ლეილას გაცნობის დღიდან ხუთი თვის შემდეგ იძულებულნი გავხდით, ურთიერთობა დაგვესრულებინა.
ჩემი ნათესავების აზრით, იდეალური სარძლო მდიდარი და არასრულწლოვანი უნდა იყოს. ლეილა ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, მაგრამ სამაგიეროდ დილიარა (ეს გოგონა სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი ოჯახის მეგობრებთან სტუმრობისას) „იდეალურ კანდიდატურად“ მიიჩნეოდა. 17 წლის, მდიდარი მამის შვილი… ყველა მხრიდან შემომიტიეს, მთავარ კატალიზატორად კი დედაჩემი იქცა. შევეგუე.
საქორწინო კოსტიუმის ჩაცმამდე სამზარეულოში შევედი, ბოთლი მოვიყუდე და იმდენი არაყი დავლიე, რამდენიც შემეძლო. როდესაც საქორწინო ზეიმი დაიწყო, ერთ წერტილს მივაჩერდი და ხმას არავის ვცემდი. პატარძალიც დაღონებული ჩანდა.
ერთი წლის შემდეგ გოგონა გაგვიჩნდა. აღარც ცხოვრების გეგმებს ვისახავ, და ვეღარც თვითგანვითარების აზრს ვხედავ. უკვე ორი წელია, ტაქსისტად ვმუშაობ. დედაჩემი კი კვლავაც აქტიურად ერევა ჩემს ცხოვრებაში – მაიძულებს, ჩემს ცოლთან ერთად ვისეირნო და ხშირად მოდის ხოლმე სტუმრად. ლეილასთან კონტაქტი არ გამიწყვეტია, მაგრამ ერთმანეთს აღარ ვნახულობთ – ვხვდებით, რომ უკვე ვეღარაფერს შევცვლით.
დამოუკიდებლობა კონტროლს ასუსტებს
გენდერული საკითხების მკვლევარი, სოციოლოგი უმაი ახუნდზადე:
«სარძლოსა და სასიძოს ოჯახების მიერ ორგანიზებული ქორწინება, რომელსაც მექორწილეების სურვილების გაუთვალისწინებლად იხდიან, პატრიარქალური წყობილების საზოგადოებებში ფართოდ გავრცელებული ტრადიციაა, რომელსაც არამხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ხშირად იცავენ.
და ის ფაქტი, რომ ამ პრაქტიკის მსხვერპლად არამხოლოდ ქალები, არამედ მამაკაცებიც ხშირად ეწირებიან, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პატრიარქატი არამხოლოდ მამაკაცების ქალებზე ბატონობას, არამედ უფროსების მიერ უმცროსების დამორჩილებასაც გულისხმობს.
რაც უფრო ავტონომიური და სოლიდარულია ახალგაზრდა წყვილი, მით უფრო ნაკლები სივრცე რჩებათ უფროსებს იმისათვის, რათა უმცროსების ცხოვრება გააკონტროლონ, რაც, თავის მხრივ, ძირს უთხრის პატრიარქატის იდეას და ამიტომ „ტრადიციული“ მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებისთვის „სიყვარულით ქორწინება“ ხიფათის მატარებელ პრაქტიკად აღიქმება.
თანამედროვე აზერბაიჯანში ოჯახების შეთანხმების საფუძველზე ქორწინება საკმაოდ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ანუ ეს თემა განიხილება. და განიხილება, როგორც პრობლემა.
თუმცა, არსებობს ერთი თავისებურება, რომელსაც გენდერულ საკითხების ზოგიერთი მკვლევარი აღწერს. საქმე ისაა, რომ ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში „აპრობირებული“ პრაქტიკების მოდერნიზაცია ერთმანეთისგან განსხვავებული ტემპებით მიმდინარეობს. და ეს გარემოება ხშირად წინააღმდეგობებსა და კონფლიქტებს წარმოშობს. მაგალითად, ხშირად მშობლები მიესალმებიან იმას, რომ მათი შვილი საზღვარგარეთ მიდის სასწავლებლად, მაგრამ უცხოეთში ქორწინების უფლებას არ აძლევენ.
ანუ არ არის გამორიცხული, რომ ადამიანს სავსებით პროგრესული დამოკიდებულება ჰქონდეს განათლების მიმართ, მაგრამ ოჯახისა და ქორწინების საკითხებში კონსერვატორული მოსაზრებების ერთგული დარჩეს.
პრობლემას ტრადიციული და მოდერნიზებული მოსაზრებების შეჯახების ფაქტორი განსაზღვრავს – ერთი მხრივ, ადამიანი დამოუკიდებელ, თავისუფალ ინდივიდად აღიქმება, მეორე მხრივ კი მას ოჯახისა და გვარის გამგრძელებლად მიიჩნევენ».
ეთნოლოგი და ხელოვნებათმცოდნე საბინა მოვლამოვა:
«პრობლემის საფუძველს ჩვენი წინაპრების მოძველებული ტრადიციები წარმოადგენს. გასული საუკუნის დასაწყისში აზერბაიჯანელი მამაკაცის ოჯახურ სტატუსზე პასუხისმგებლობა მის ნათესავ ქალებს ეკისრებოდათ. ბევრ სოფელში მკაცრად იკრძალებოდა გოგონასა და ვაჟის ნებისმიერი (მ.შ. ყველაზე უფრო უწყინარი) კონტაქტი იმ შემთხვევაში, თუკი ახალგაზრდები ნათესავებად არ ერგებოდნენ ერთმანეთს. ამას გარდა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქალის ტრადიციული კაბა მისი აღნაგობის გარჩევის საშუალებას არ იძლეოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარძლოს შერჩევა ქალის მოვალეობად იქცა – ისინი კანდიდატებს ქორწილებში აკვირდებოდნენ და ჰამამებში ამოწმებდნენ. ხელის სათხოვნელად მხოლოდ ქალები მიდიოდნენ და დაგეგმილი ქორწილის შესახებ სასიძო მხოლოდ „პოსტფაქტუმ“ იგებდა.
ქორწინების იძულების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ერთბაშად არ გაქრება – მშობლები თავისუფლებას არ აძლევენ საკუთარ შვილებს და, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, მორალურად „ტეხენ“ ახალგაზრდებს. ეს „გატეხილი“ და უფლებაწართმეული ადამიანები სამომავლოდ ძალადობრივი ქორწინებების მორჩილ ობიექტებად მოგვევლინებიან».