არჩევანი, რომლის გაკეთებაც არავის სურს
აზერბაიჯანის facebook-ის სივრცეში ეს კითხვა დიდად არ აღელვებთ. მომხმარებლები, ძირითადად, იმაზე მსჯელობენ, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. თურქული დროშების სურათების სიმრავლე თავისთავად მეტყველებს. რაც უნდა ენატრებოდეთ საბჭოთა კავშირი ცალკეულ მოქალაქეებს, თურქეთი – აზერბაიჯანის ყველაზე ახლოს მდებარე სახელმწიფოა, ხოლო კულტურის, მენტალიტეტისა და ენის მსგავსების გამო, უბრალო აზერბაიჯანელისთვის თურქეთი საყვარელი მეზობელია.
ასი წელი იცოცხლოს თურქეთის საჰაერო ძალებმა
ისინი, ვინც რუსეთს დესპოტ ‘უფროს ძმად’ მიიჩნევს, აღფრთოვანებულები არიან თურქი სამხედროების მიერ რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდებით. გამოჩნდა კომენტარები ასეთი სულისკვეთებით: ‘ახია მათზე!’ ‘თურქებმა ისინი დასაჯეს და სწორადაც მოიქცნენ!’
თურქეთისა და რუსეთის მხრიდან რაიმე სერიოზული ნაბიჯების გადადგმის ხალხს, თითქოს, არ სჯერა. და ბევრს არ ჰგონია, რომ ეს შეიძლება აზერბაიჯანსაც შეეხოს.
‘მტყუან-მართლის შესახებ კამათს აზრი არა აქვს. თურქეთს უნდა სჯეროდეს, რომ მართალია, რუსეთსაც ასევე – თავის მხრივ. კონფლიქტი გარდაუვალია, თავად გაარკვიონ. ჩვენ მათთან არაფერი გვესაქმება’.
‘ჯერ ერთი, ჩემი აზრით, ომი არ იქნება, რადგან ეკონომიკურად ორივე ქვეყანა დამოკიდებულია ერთმანეთზე. ვფიქრობ, პუტინსა და ერდოღანს ეს მშვენივრად ესმით, ამიტომაც არ მიმართავენ ასეთ კრიტიკულ ქმედებებს. და თუ ომი მაინც დაიწყება, აზერბაიჯანს მოუწევს ზოგიერთ შემთხვევაში ამ ორ სახელმწიფოს შორის არჩევანის გაკეთება. მეორე მხრივ, გეოგრაფიული მდებარეობით ჩვენ თურქეთის მეზობლები ვართ და მორიგი სამხედრო კონფლიქტი ამ ‘ცხელ’ რეგიონში სულაც არ გვაძლევს ხელს. მით უფრო, რომ თურქეთის, როგორც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, დასუსტება ჩვენს ინტერესებსაც დააზარალებს. კერძოდ, საუბარია ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე’.
‘ ჰო, თუ რუსეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირება იქნება, მოგვიწევს არჩევანის გაკეთება, როგორც 1914-18 წლებში… და არჩევანი ალბათ თურქეთის სასარგებლო ვერ იქნება – ყარაბაღის, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების, რუსეთის ეკონომიკაში ინვესტიციების, რუსეთის მოსაზღვრე რაიონების მოსახლეობასთან შესაძლო პრობლემების გამო და ა.შ. უმჯობესია, თუ ერთმანეთთან ურთიერთობას, როგორმე, მშვიდობიანად მოაგვარებენ.’
ოფიციალურმა პირებმა, კარგა ხნის დუმილის შემდეგ ბოლოსდაბოლოს იგივე აზრი გამოხატეს – ‘თავად გაარკვიონ ურთიერთობები.’ საშიშ და არაპროგნოზირებად რუსეთსა და მოძმე თურქეთს შორის ლავირების პერსპექტივას ბაქოში არავინ გაუხარებია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურის მოადგილემ ნოვრუზ მამედოვმა ‘Twitter’-ის თავის გვერდზე დაწერა, რომ ორივე ქვეყანასთან აზერბაიჯანი ისტორიულად არის დაკავშირებული:
‘ჩვენ ორივე სახელმწიფოსთან უმაღლესი დონის ურთიერთობა გვაქვს. აზერბაიჯანს ძალიან სურს, რომ მის მეგობრებს შორის კონფრონტაცია არ იყოს და მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობის განმუხტვაში.’