ამერიკის ელჩი: პრემიერმა 5 ივლისს წამყვანი როლი ვერ ითამაშა
გაზიარება
გაზიარება
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, თბილისში 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ აშშ-მ ბევრი იმუშავა სამართალდამცავ უწყებებთან, რათა გაეუმჯობესებინა მასებთან გამკლავების შესაძლებლობები. მისივე თქმით, ეს დღე “საქართველოსთვის ძალიან სამწუხარო დღეა” და საქართველოს პრემიერმა ვერ ითამაშა ამ დღეს წამყვანი როლი.
“ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მიღებული ცოდნა და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როცა ნათელი გახდა, რომ ამ ხალხში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ძალადობდნენ.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ძალადობას არც ერთ ვითარებაში. რა თქმა უნდა, არ უჭერს მხარს ძალადობრივ ქმედებებს მოქალაქეების ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებდნენ.
ვფიქრობ, ძალიან იმედგამაცრუებელი დღე იყო ქართველებისთვის და ბევრმა თქვა კიდეც, როგორი მოულოდნელობა იყო ქვეყანაში, რომელიც, როგორც წესი, იცავს ადამიანის უფლებებს, ცნობილია ტოლერანტობით, იმის ხილვა, რომ უკან დგამს ნაბიჯებს ამ ღირებულებებისგან”, – თქვა კელი დეგნანმა.
ხოლო კითხვაზე, ხომ არ წაახალისა 5 ივლისს აგრესიული და ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, დეგნანმა უპასუხა:
“პრემიერმინისტრის მოვალეობაა, ითამაშოს წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვისა და აგრესიის შეკავების კუთხით. სამწუხაროა, რომ ასეთი წამყვანი როლი ვერ დავინახეთ”, – განაცხადა ელჩმა.
5 ივლისს, თბილისში, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, იქ სადაც ქვიარ თემსა და მათ მხარდამჭერებს, „Tbilisi Pride”-ის კულმინაცია, „ღირსების მარში“ უნდა გაემართათ, რამდენიმე საათის განმავლობაში ქვებითა და ხელკეტებით შეიარაღებული, აგრესიული ჯგუფების წარმომადგენლები ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს უსწორდებოდნენ.
ისინი მიდიოდნენ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, ძვრებოდნენ აივნებზე, არბევდნენ ოფისებს, წვავდნენ ორგანიზაციების დროშებსა და ბანერებს. დაშალეს და დააზიანეს პარლამენტის წინ პოლიტიკური პროტესტის ნიშნად გაშლილი კარვები.
დაწვეს ევროკავშირის დროშა ერთ-ერთი ოფისის შენობის დარბევისას.
მას შემდეგ, რაც ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, ქუჩა-ქუჩა და სადარბაზოებში სდიეს ჟურნალისტებს, დაარბიეს და გაანადგურეს აქტივისტებისა და ქვიარ თემის ოფისები და ინვენტარი, დაამტვრიეს გადამღები ჯგუფების ტექნიკა, პარლამენტის წინ მუსიკა ჩართეს და იცეკვეს.
5 ივლისს მომხდარს ჟურნალისტები და ექსპერტები აფასებენ როგორც „საპატრიარქოს მიერ ინიცირებული და მთავრობის მიერ წაქეზებული ძალადობრივი აქციას“ და ბრძოლას “სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ“.
სულ ამ დროისთვის პროკურატურის მიერ “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალი რვა ადამიანს წარედგინა.
ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორია. სულ დაშავებულია 55 ადამიანი და აქედან 53 მედიის წარმომადგენელია.
“მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, რა ხდებოდა. ის ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა”, – ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე რომან ხორავამ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის ბრალდებულ 3 პირს და ისინი პატიმრობაში დატოვა.