აკვარიუმი და ჯადოსნური ღილაკი
ეს ვიდეო ხადიჯას დაპატიმრების დღეს – 2014 წლის 5 დეკემბერსაა გამოქვეყნებული. ბაქოს საბაილის რაიონულმა სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიყენა თავისუფლების 2 თვის ვადით აღკვეთის ზომა, მას შემდეგ, რაც ბრალი დასდო მუხლით ‘თვითმკვლელობამდე მიყვანა’. ეს ვიდეო დაპატიმრების დღეს არის გამოქვეყნებული. ვიდეოზე ადვოკატი ელტონ გულიევი ამბობს, რომ ხადიჯა დაპატიმრებას თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და რომ ისინი აპირებენ გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილება. შემდგომში ეს ბრალდება მოიხსნა, მაგრამ გაჩნდა სხვები…
ბაქოს სააპელაციო სასამართლომ განიხილა ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას საჩივარი, რომელსაც მისჯილი აქვს 7,5 წელი უკანონო მეწარმეობის, გადასახადებისაგან თავის არიდების, მითვისების, სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ისმაილოვა ბრალს უარყოფს და მიიჩნევს, რომ დაპატიმრებისა და გასამართლების მიზეზად იქცა მის მიერ ჩატარებული გამოკვლევა ალიევების ოჯახის ქონების შესახებ.
სააპელაციო საჩივრის განხილვა მოსამართლე ილგარ მურგუზოვის თავმჯდომარეობით მიმდინარეობდა.
თავად ხადიჯა ისმაილოვამ სულის მხნეობა შენარჩუნა – პროცესის დროს იღიმებოდა. სხდომის დაწყებისა და დასრულების დროს ყველა ნაცნობს ხელს უქნევდა, ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა, და დაბადების დღეც კი მიულოცა დარბაზში მჯდომ მეგობარს.
ხადიჯა ისმაილოვას პროცესზე დასასწრებად სააპელაციო სასამართლოს შენობასთან ორმოცდაათზე მეტი ადამიანი შეიკრიბა – ჟურნალისტი ქალის ახლობლები, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აშშ-სა და გერმანიის საელჩოს თანამშრომლები. შენობაში 30-მდე კაცი შეუშვეს, მათ შორის – უცხოელი დიპლომატები. დანარჩენები სხდომის დასრულებამდე ბაქოს სააპელაციო სასამართლოს ეზოში დარჩნენ.
დასწრების მსურველები ჯერ კიდე ერთხელ შეიყვანეს ბაქოს სააპელაციო სასამართლოს ერთ დარბაზში, შემდეგ გადაიყვანეს სხვა შენობაში, სადაც ხადიჯა ისმაილოვა უკვე იმყოფებოდა მინის გალიაში – ‘აკვარიუმში’.
პროცესის დასაწყისში ადვოკატმა ფარიზ ნამაზლიმ შუამდგომლობა შეიტანა, რათა ხადიჯა ისმაილოვასათვის ნება დერთოთ დამჯდარიყო დამცველთა გვერდით. თუმცა, პროკურორი აბას აბასლი ამის წინააღმდეგ გამოვიდა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მიზეზად ‘საერთაშორისო პრაქტიკა’ და, ასევე, ‘თავად ისმაილოვას უსაფრთხოების’ მოსაზრება დაასახელა.
თავის მხრივ ხადიჯა ისმაილოვამ ითხოვა, მიეცათ მისთვის ადვოკატებთან კონფიდენციალური საუბრის საშუალება და თან ისე, რომ ბადრაგს არ მოესმინა მათთვის.
მოსამართლემ 10-წუთიანი შესვენება გამოაცხადა.
როდესაც ადვოკატები ფარიზ ნამაზლი, ჯავად ჯავადოვი და ფახრადდინ მეხტიევი მინის გალიაში შევიდნენ, სერჟანტის წოდების მქონე სასამართლო აღმასრულებელი ‘აკვარიუმის’ კართან შიგნიდან დადგა. ხადიჯა ისმაილოვას შენიშვნის შემდეგ ლეიტენანტის წოდების მქონე აღმასრულებელმა სერჟანტს უთხრა: ‘იქით იყურე, მაგრამ არ მოუსმინო მათ’. ამან აუდიტორიაში სიცილი გამოიწვია.
ხადიჯა ისმაილოვა დაჯილდოვებულია ბარბარა გოლდსმიტის 2015 წლის პრემიით ‘წერის თავისუფლება’
სხდომის განახლების შემდეგ ხადიჯა ისმაილოვამ განაცხადა, რომ სააპელაციო საჩივარზე ზეპირი დამატება ჰქონდა. ‘სასამართლოს განაჩენში ნათქვამია, რომ, ვინაიდან ჩემს სახელზე არავითარი ქონება არ ირიცხება, ამიტომ არაფრის კონფისკაცია არ ხდება. მართალი გითხრათ, ამან ცუდად გამხადა. ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, ნავთობზე ფასები დაეცა, ამიტომ გადავწყვიტე, ნებაყოფლობით გაცნობოთ ჩემი ქონების შესახებ, რომელიც შეიძლება კონფისკაციას დაექვემდებაროს’, – სარკაზმით თქვა ბრალდებულმა.
შემდეგ მან აღნიშნა, რომ ფლობს სახლს ლონდონის პრესტიჟულ უბანში. მაგრამ მოსამართლემ შეაწყვეტინა ისმაილოვას და მოითხოვა, ესაუბრა არსებით საკითხებზე. როდესაც ბრალდებული შეეცადა გაეგრძელებინა თემა, მსამართლემ მიკროფონი გამოურთო და დარბაზს აღარ ესმოდა ისმაილოვასი. ‘თქვენთან დაკავშირებით ქონების კონფისკაცია არ არის. ამიტომ ისაუბრეთ საქმეზე. ნუ მოაწყობთ შოუს’, – განაცხადა მოსამართლე მურგუზოვმა.
შემდეგ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი სცენარით წარიმართა. ისამილოვას ადვოკატები ლაპარაკობდნენ ძიების მსვლელობისას დაშვებულ დარღვევებზე და ბრალდების აბსურდულობაზე. მათ ხადიჯა ისმაილოვას გათავისუფლება მოითხოვეს. როცა სიტყვას ხადიჯას აძლევდნენ, მოსამართლე აქტიურად იყენებდა ‘ჯადოსნურ’ ღილაკს, უთიშავდა მას მიკროფონს და ითხოვდა ‘ელაპარაკა საქმეზე’.
ხადიჯა ისმაილოვამ განაცხადა სასამართლო გამოძიების არაობიექტურობაზე ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოში. ‘უნდა დადგენილიყო, იყო თუ არა მომხდარი დანაშაული. ჭეშმარიტება ისაა, რომ მე დამაპატიმრეს რედაქტორული საქმიანობისათვის, ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესის გამოძიებისათვის. ეს რომ მაშინვე ეთქვათ, სააპელაციო საჩივარს არ შევიტანდი’, – თქვა ისმაილოვამ.
ევროპული თამაშები ბაქოში პატიმარ-ჟურნალისტებზე ყურადღების გამახვილების კიდევ ერთ საბაბად იქცა
მოსამართლემ კვლავ შეაწყვეტინა საუბარი და მოითხოვა, საქმეზე ელაპარაკა. ჟურნალისტმა უპასუხა, რომ სწორედ საქმეზე ლაპარაკობს. ’16-ტომიან საქმეში, მართალია, წერია მითვისების შესახებ, მაგრამ არ არის დადგენილი, რა მივითვისე’, – განაცხადა ისმაილოვამ; და დაიწყო განმარტება, რომ უძრავი ქონება ლონდონში მას კი არა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის უფროს ქალიშვილს ლეილას ეკუთვნის. მოსამართლემ გააწყვეტინა ჟურნალისტს და შემდეგ მისთვის სიტყვა აღარ მიუცია.
სახელმწიფო ბრალმდებელმა აბას აბასლიმ განაცხადა, რომ ისმაილოვას ბრალდება დამტკიცებულია და მოითხოვა, ძალაში დარჩენილიყო პირველი ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტი.
საჩივრი აიცილეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დარჩა ძალაში.
მომზადებისას გამოყენებული იყო ვებ-გვერდის, ‘კავკასიური კვანძის’ მასალები.