ახალი წელი განვადებით
ყველა ოჯახმა ზარზეიმით უნდა აღნიშნოს ახალი წელი,მაშინაც კი – თუ ამის საშუალება არ აქვს! ეს, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო და, სინამდვილეში, კატეგორიულად მცდარი აზრი ისეა გამჯდარი სომხეთის მოსახლეობის ცნობიერებაში,რომ ამით ზოგმა გამორჩენაც ნახა – არა, კრედიტის გამცემ ბანკებზე არ ვამბობთ, სუპერმარკეტების ქსელზეა ლაპარაკი.
‘სუპერმარკეტების ქსელში ‘ერევან სითი’, რომელიც ყველაზე ‘გაჭირვებულ’ მეწარმეს, დეპუტატ სამველ ალექსანიანს ეკუთვნის, უკვე რამდენიმე დღეა, აქცია ‘საახალწლო კრედიტი’ დაიწყო’,– იტყობინება ვებგვერდი hraparak.am.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, კრედიტის გაფორმების გარეშე, დატოვოს პასპორტი და 200 ათასი დრამის (დაახლოებით 415 დოლარი) ღირებულების პროდუქტი შეიძინოს. ვალის დაფარვა ერთი წლის განმავლობაში შეიძლება, რის შემდეგაც მოქალაქეს პასპორტს დაუბრუნებენ.
‘გასულ წელს დეპუტატმა უფრო ცივილიზებული გზა აირჩია და დაბალი, 21%-იანი კრედიტების გაცემა დაიწყო. როგორც ჩანს, ოცდაერთპროცენტიანი კრედიტი მისთვის შემოსავლიანი არ გამოდგა და ამიტომ ალექსანიანიანი ძველ მეთოდს დაუბრუნდა’,–ვკითხულობთ იმავე ვებგვერდზე.
იმ ადამიანებს, ვინც თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ მათ საახალწლო სუფრას,თუნდაც ვალის აღების ფასად,ჩიტის რძეც არ აკლდეს,’საახაწლო კრედიტი’ ბედის ნამდვილ საჩუქრად მიაჩნიათ, ალექსანიანი კი – ლამის ქველმოქმედად.
თუმცა ხელისუფლების 1998 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით (821), აკრძალულია პასპორტის ჩამორთმევა ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რაიმე დანაშაულში ეჭვმიტანილები, ან ბრალდებულები არ არიან;ასევე, პასპორტის ჩამორთმევის უფლება მხოლოდ სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ. ამავე დადგენილების მიხედვით,იკრძალება პასპორტის ვინმესთვის თვითნებურად გადაცემა,ან თავდებში დატოვებაც.
სუპერმარკეტების ქსელ ‘ერევან-სითის’ აქციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება. ბევრ ერევნელს აინტერესებს,თუ რამდენად კანონიერი,მართებული და მისაღებია ასეთი რამ.აი,რამდენიმე კომენტარიც:
მარიანა სარქისიანი:’პასპორტის ჩამორთმევის უფლება თუ აქვთ საერთოდ? გასაგებია, რომ ამ გზით სუპერმარკეტი საშუალებას აძლევს მოსახლეობას, რომ ახალ წელს ხელცარიელი არ შეხვდეს. ბევრ ქვეყანაში არსებობს სუპერმარკეტები,სადაც ადამიანებს პროდუქტების შეძენა კრედიტითაც შეუძლიათ, მაგრამ ეს მხოლოდ საახალწლოდ არ ხდება ხოლმე. მხოლოდ სომხეთში ცდილობენ,ფუფუნების ატმოსფერო შეიქმნან ახალ წელს.სომხებმა უნდა მოიშალონ ამ უზარმაზარი,საჩვენებელი სუფრების გაშლა, რადგან ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილი ამისთვის ვალს იღებს.სუპერმარკეტებს რაც შეეხება, კარგი იქნება, თუ სხვა ქვეყნების გამოცდილებით დაინტერესდებიან, სადაც ადამიანებს არც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ართმევენ, და არც ამხელა საპროცენტო სარგებელს იღებენ მათგან,ვისაც პროდუქტის შესაძენად კრედიტის აღება უწევს’.
არტურ მარგარიანი:’ეს ხალხისთვის კარგი საქმეა. სიწმინდით ქრისტეს შემდეგ ალექსანიანი დგას. მაგრამ, რატომ იტოვებს პასპორტებს? ბინის ჩადება აჯობებდა _ ნაკლებად წაგებიანია’.
ამასობაში კი წინასაახალწლო შოპინგის ციებ-ცხელება ჯერ მხოლოდ იწყება.