აფხაზეთში ასლან ბჟანიას ნდობის რეფერენდუმი ჩაიშალა
ასლან ბჟანიას ნდობის რეფერენდუმი
აფხაზეთში ასლან ბჟანიას ნდობის რეფერენდუმი ჩაიშალა, თუმცა ე.წ. პრეზიდენტის ნდობის შესახებ რეფერენდუმის ინიციატორები ამ იდეას მაინც ინარჩუნებენ და ირწმუნებიან, რომ რეფერენდუმისთვის საჭირო 10 000 ხელმოწერა შეგროვდა.
ბჟანიას ნდობის შესახებ რეფერენდუმი ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ორგანიზაცია “აიაირამ” წამოიწყო. მისი ლიდერი, აფხაზეთის გმირი ვიანორ აშბა, წელიწადზე მეტია პრეზიდენტისგან ნებაყოფლობით გადადგომას მოითხოვს, რადგან მან წინასაარჩევნო დაპირებები არ შეასრულა.
ივლისში, ბჟანიას “მშვიდობიანი გზით” წასვლის მოლოდინის გარეშე, აშბამ და “აიაირამ” გადაწყვიტეს პრეზიდენტზე გავლენის მოხდენა მის მიმართ ნდობის შესახებ რეფერენდუმის გზით. მაგრამ სხვა ოპოზიციურმა ორგანიზაციებმა პრაქტიკულად უგულებელყვეს ეს იდეა.
ამასობაში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განცხადება დაარეგისტრირა და საინიციატივო ჯგუფს ხელმოწერების ფურცლები გასცა. ახლა კი „აიააირა“ აცხადებს, რომ რეფერენდუმის ჩასატარებლად საჭირო რაოდენობის ხელმოწერები შეაგროვა, მაგრამ ამ იდეაზე უარს ამბობს, რადგან აფხაზეთს დრო ცოტა აქვს.
„ცესკოში ხელმოწერების ფურცლების შეტანის შემთხვევაში, პროცედურა ასეთია: ხელმოწერების განხილვას და საბოლოო ოქმის მიღებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება, პრეზიდენტს კი ორი კვირა ეძლევა რეფერენდუმის თარიღის დასანიშნად, რომელიც მომავალი სამი თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
თუმცა ბოლო მოვლენები იმაზე მეტყველებს, რომ ეს სამი-ოთხი თვე არ გვაქვს, რადგან ასლან ბჟანიას მხარდაჭერით დაიწყო ოლიგარქიული და მაფიოზური კასტების ველური ექსპანსია – რესურსები დაჩქარებული ტემპით იყიდება. ეს ოთხი თვე საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს ჩვენი ქვეყნის დანგრევის გეგმა“, – ნათქვამია “აიაირას” უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში.
- უაზრო რეკონსტრუქცია თუ ტურიზმის სტიმული? მოსაზრება აფხაზეთის აეროპორტის შესახებ
- ახალი „კანონი ბინების შესახებ“ აფხაზეთში – რას ნიშნავს და რა საფრთხეებს შეიცავს
„რიგშია ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი, კოდორის ხეობის ნაკრძალი. აფხაზეთის მომავლისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ასევე ბინების შესახებ კანონპროექტი, რომელსაც აშკარად ლობირებს პირადად პრეზიდენტი ასლან ბჟანია“, – ამბობენ ოპოზიციური ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში.
ამ პირობებში „აიააირა“ პრობლემის გადაჭრის გზას – გაერთიანებაში და აფხაზეთის გაყიდვის პროცესის შეჩერებაში ხედავს:
„ამიტომ ვაცხადებთ, რომ უარს ვამბობთ რეფერენდუმის ჩატარების იდეაზე და გადავდივართ აქტიურ ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია აფხაზეთის შენარჩუნებისკენ.“
კონკრეტულად რა იგულისხმება „აქტიურ მოქმედებებში“, ორგანიზაცია არ განმარტავს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო