აფხაზეთში ენერგოკრიზისი დასრულდა?
ასლან ბჟანიას მიერ მიცემულ ერთკვირიან ვადაში აფხაზეთის რეგიონების ხელმძღვანელებმა ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება არალეგალური კრიპტოფერმების გამორთვის გზით მოახერხეს. თუმცა არაა გამორიცხული, ანგარიშის ჩაბარების შემდეგ, დენის მოხმარება კვლავ გაიზარდოს.
როგორც აღმოჩნდა, აფხაზ ჩინოვნიკს, თუ მას გადაყენებით დაემუქრებიან, კოსმოსში ფრენა არა, მაგრამ თავისი მოვალეობის ზედმიწევნით შესრულება შეუძლია.
სამი თვის განმავლობაში აფხაზეთის ენერგოსექტორი უბედურების სიგნალს გადასცემდა. ენგურჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგია აფხაზეთს ძლივს ჰყოფნიდა. მთავრობამ კი, რომელმაც კრიპტოვალუტის მაინინგის ლეგალიზება გადაწყვიტა, ენერგეტიკული სისტემა მთლად გაანადგურა.
[აფხაზეთში მაინინგის პოპულარობას ხელს უწყობს ელექტროენერგიის პრაქტიკულად სიმბოლური ფასი 0.4 რუბლი [დაახლოებით 0,5 ცენტი] კილოვატ /საათში. და ასევე ის ფაქტი, რომ თუნდაც ასეთი მცირე თანხის ამოღება პრობლემაა აფხაზეთში მრავალი წლის განმავლობაში – JAMnews].
დეკემბრის დასაწყისში ხელისუფლებამ აშკარად გააცნობიერა კატასტროფის მასშტაბები და მაინინგი ისევ აკრძალა. მაგრამ კრიპტოვალუტის მომპოვებელი ფერმები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდნენ მუშაობას. დროდადრო ზოგი მათგანი კამერების თვალწინ იხურებოდა და ილუქებოდა, მაგრამ როგორც კი შემმოწმებლები წავიდოდნენ, ფერმებიდან ისევ საქმიანი ხმაური ისმოდა.
- მოსაზრება: აფხაზეთს ენერგოსისტემის რუსეთისთვის გადაცემა ან უშუქოდ ცხოვრება მოუწევს
- მოსაზრება: აფხაზეთი უშუქოდ და ბიზნესი სახელმწიფოს ხარჯზე
- უშუქობა. ამბები აფხაზეთიდან
სამართალდამცავი ორგანოები დამრღვევების დაჯარიმების შეუძლებლობის გამო ჩიოდნენ. არაოფიციალურად კი ლანძღავდნენ ენერგეტიკოსებს, რომლებიც ფერმებს ენერგოსისტემაში გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ისევ რთავდნენ, ასევე მაღალჩინოსნებს, რომლებიც თავად მსხვილი კრიპტოფერმერები არიან (აბა ხელფასზე ხომ არ იცხოვრებენ).
სავარაუდოდ, საქმე სწორედ ამ “არაოფორმალიზმშია”, წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელია ახსნა ის ინფანტილიზმი, რომლის დემონსტრირებას ხელისუფლება ენერგოკრიზისის წინააღმდეგ “ბრძოლისას” ახდენდა. სინამდვილეში, ეს წმინდა წყლის პროფანაცია იყო.
შედეგად, თამაშში შესვლა თავად პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მოუწია. მან რეგიონების ხელმძღვანელებს ზუსტად ერთი კვირა მისცა, რომ ელექტროენერგიის მოხმარება 21 პროცენტით შეამცირონ, ანუ 2019 წლის იანვრის დონემდე, წინააღდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა.
ზოგიერთმა ადგილობრივმა მოხელემ პრეზიდენტის ულტიმატუმი თავისებურად გაიგო.
მათ შეიმუშავეს სქემა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ელექტროენერგიის მოხმარების პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული პარამეტრებში ჩატევა (2019 წლის მაჩვენებელი + ხუთი პროცენტი) და ამავე დროს არა მხოლოდ თბილი ადგილების, არამედ კრიპტოფერმების შენარჩუნებაც.
ფაქტობრივად, საჭირო იყო მოხმარების 16% -ით შემცირება. ადგილობრივმა უფროსობამ გადაწყვიტა, რომ სწრაფად და საიმედოდ ამის გაკეთება მხოლოდ დენის გამორთვების გზით შეიძლებოდა. ჩამრთველი მეორე დღესვე ამუშავდა. რაიონებში დენის გამორთვა დღეში ოთხი საათით დაიწყეს და ამით თითქმის 17 პროცენტი დაიზოგა. ანუ გეგმა გადაჭარბებიტც კი სრულდებოდა.
მაგრამ პრეზიდენტს ეს მანევრი არ გამოპარვია და ჩინოვნიკებს აუხსნა, რომ დენის გრაფიკის მეშვეობით მიღწეულ შედეგებს არ მიიღებდა.
შესაბამისად, ამხანაგებს მოუხდათ კრიპტოფერმების არა ქაღალდაზე, არამედ რეალურად გათიშვა და, შესაბამისად, დანიშნულ X საათზე ნორმა შეასრულეს.
ამასთან, ვიცით რა ჩვენი მშობლიური ბიუროკრატიული მანქანის ჩვევები, რიგით მოქალაქეებს დამშვიდებას არ ვურჩევ.
სხვადასხვა სახის საბრძოლო სპორტში, სადაც სპორტსმენები ასპარეზობენ ცალკეულ წონით კატეგორიებში, წესები სპორტსმენის აწონვის სპეციალურ პროცედურას ითვალისწინებს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან თუ სპორტსმენის წონა შესაბამის წონას ასი გრამითაც აცდა, იგი შეჯიბრებაში ვერ მიღებს მონაწილეობას. აწონვის პროცედურა ჩვეულებრივ ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ტარდება და ბევრი სპორტსმენი წონის დაკლებას საგანგებოდ იწყებს.
ეს ძალიან მტკივნეული პროცესია, ზოგი წონაში დაკლების დროს გონებასაც კარგავს.
მაგრამ როდესაც თქვენ ოფიციალურად ჯდებით წონაში, მომავალში თქვენს პარამეტრებზე აღარ ნერვიულობთ- თუ ტურნირის დასრულებამდე 10 კილოგრამსაც მოიმატებთ, ამის გამო არავინ დაგსჯით.
ასე რომ, ასლან ბჟანიას ამოცანაა, რომ ჩინოვნიკებმა, მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ჩაბარების შემდეგ, ისევ “წონაში მატება” არ დაიწყონ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო