პოლიტპატიმარი თუ დამნაშავე? რა ვიცით სოსო გოგაშვილის საქმეზე
რა ვიცით სოსო გოგაშვილის საქმეზე
18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების პოზიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
საქმეში მასალები გრიფით საიდუმლო დოკუმენტებსა და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, რის გამოც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სხდომა დახურა.
სოსო გოგაშვილი 15 ივლისს, ღამით დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო მისმა ცოლმა გაავრცელა – ვიდეოში ჩანს, როგორ შედის სპეცრაზმი სახლში, გოგაშვილს იატაკზე აწვენს და აკავებს.
გოგაშვილის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, 13 ივლისს, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ტელეწამყვანმა გიორგი გაჩეჩილაძემ [უცნობი] გაავრცელა “სკანდალური ჩანაწერი”, რომელიც ასახავს “მთავარი არხის” გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” სარედაქციო ჯგუფის საუბარს და ერთ-ერთი სიუჟეტის დაგეგმვას.
ჩანაწერის ფიგურანტი ჟურნალისტები – გიორგი გაბუნია, ლაშა კვესელაძე, გიორგი გვიშიანი და ეკა სარია – ვარაუდობენ, რომ მათი საუბარი უკანონოდ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაიწერა.
ჩანაწერში საუბარია არჩევნების გაყალბების სქემის შესახებ, რომელზე ინფორმაციაც, ჟურნალისტების თქმით, მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა მიაწოდა.
გოგაშვილის საქმიანობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. მაღალჩინოსანი 2017 წელს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.
ამ საქმეზე გოგაშვილი პროკურატურაში 2019 წლის ოქტომბერში გამოკითხეს, თუმცა 2020 წლის 25 იანვარს, საქართველოს პროკურატურამ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. თემირლანის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი გოგაშვილს შვილის საქმის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ ამ დრომდე მიიჩნევს.
სოსო გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა.
სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს 3 ბრალდება აქვს წარდგენილი:
- მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია;
- პირადი ინფორმაციის უკანონოდ შენახვა-მოპოვება-გავრცელება;
- ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
გოგაშვილის დაცვის მხარე სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ გაიზიარა.
რას ამბობს ადვოკატი
სოსო გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის თქმით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთის მოქალაქის, კონსტანტინ რომანოვსკის საჩივარია, რომელიც ამტკიცებს, რომ გოგაშვილმა მის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა და გაავრცელა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, არ არსებობს საქმეში მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სოსო გოგაშვილმა რომანოვსკის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რაიმე მატერიალური დოკუმენტაცია მოიპოვა. თუმცა, ადვოკატი აღნიშნავს, რომ არის საქმეში ერთი ეპიზოდი, სადაც სოსო გოგაშვილი ერთ-ერთ პიროვნებას ეკითხება, ნამდვილად გადმოკვეთა თუ არა საზღვარი ამა და ამ პირმა.
“რომანოვსკი საკმაოდ საინტერესო ფიგურა ჩანს, ვინაიდან საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით 54-ჯერ არის ეს პირი გადამოწმებული. ამ 54-დან შესაძლებელია სოსო გოგაშვილმა ვიღაცას ჰკითხა, მითხარით, არის თუ არა ნამდვილად შემოსული საქართველოში ეს პიროვნებაო, რაც დანაშაულს არ წარმოადგენს”, – ამბობს ჩინჩალაძე.
თავად კონსტანტინ რომანოვსკი ამტკიცებს, რომ მისი პირადი მონაცემების გაჟღერებით მორალური ზიანი მიადგა. ადვოკატის თქმით, გოგაშვილის საქმეში სხვა დაზარალებული არ არსებობს.
რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებას. ამასთან დაკავშირებით დაცვის მხარე ამბობს, რომ ჯამში 5 იარაღზეა საუბარი:
“აქედან 2 ცეცხლსასროლი იარაღი სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ჩაუდეს, 3 კი გოგაშვილის დაცვის წევრს ეკუთვნის და მათზე ოფიციალური დოკუმენტაცია არსებობს.”
ადვოკატს გრიფით საიდუმლო დოკუმენტებზე საუბრის უფლება არ აქვს, მაგრამ ამბობს, რომ ეს დოკუმენტი არ შეიცავდა საიდუმლო ინფორმაციას.
მისი განმარტებით, “არანაირად ეს არ არის პირადი ცხოვრების ამსახველი”, რადგან არ არის მოსმენები, არ არის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. ჩინჩალაძის თქმით, ერთადერთი თემა, რაც მისთვის ცნობილია, არის “რაღაც საკითხები” და კვლევა უკავშირდება არჩევნებს.
რას ამტკიცებს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, საქმეში დევს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები. საქმის პროკურორის, მაია სილაგაძის თქმით, გამოძიება დაახლოებით ერთი წლის წინ, 2021 წელს დაიწყო და საგამოძიებო მოქმედებები თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სილაგაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი გაირკვევა, რომ დანაშაულში გოგაშვილთან ერთად სხვებიც მონაწილეობდნენ, მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება:
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მტკიცებულებების მოპოვების შემდგომ უკვე შეგვიძლია ამაზეც გავაკეთოთ კომენტარი.”
წამება და არაადამიანური მოპყრობა – რას ამბობს თავად გოგაშვილი
“ჩემდამი იყო არაადამიანური, არასათანადო მოპყრობა, ოჯახის წევრების წამება. არასრულწლოვანი ბავშვების უდიდესი სტრესის ქვეშ ყოფნა. 4 საათი სასწრაფო არ გამოიძახეს და მომექცნენ, როგორ უკანასკნელ ტერორისტს. ადვოკატის უფლებაც არ მომცეს, არც ადვოკატთან დამარეკინეს და აბსოლუტურად ყველა ტელეფონი ჩამომართვეს და ბოლო შეურაცხყოფა, რაც მე ვიგრძენი, იყო აქ, როდესაც მე მომიყვანეს ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა კრიმინალებთან ერთად, რაღაც სოროში შემიყვანეს, სადაც არც ჰაერი იყო და კედლებზე ეწერა “ჟიზნ ვარამ” [ქურდებს სიცოცხლე] და რაღაც უბედურებები. ასე არ უნდა ხდებოდეს და სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ”, – თქვა პროცესზე გოგაშვილმა.