იჩაგრება თუ არა რუსული ენა აფხაზეთში? მოსაზრება
რუსული ენის დისკრიმინაცია აფხაზეთში
ანა უბირია აფხაზეთიდანაა და 5 წლისაა. დედამისი ინა აპირებს გოგონა 2023 წლის შემოდგომაზე სკოლაში მიიყვანოს – რუსულ სკოლაში.
„მეხუთე კლასამდე აფხაზურ სკოლაში ყველა საგანი ისწავლება აფხაზურად, მათ შორის მათემატიკა, შემდეგ კი უცბად იწყებენ ყველაფრის რუსულად სწავლას. წარმოგიდგენიათ ეს რა არის? ჯერ ერთი, ბავშვისთვის სტრესი და მეორეც – ან აფხაზურს საფუძვლიანად ვერ ისწავლის, ან მოგვიანებით როგორმე რუსულს შეისწავლის – ამბობს ქალი – ეს არის ყველაფერი, რაც მე ვიცი. და მე არ მინდა ასეთი მომავალი ჩემი შვილისთვის.“
მასწავლებლები არ იზიარებენ ასეთ კატეგორიულ პოზიციას, მაგრამ მაინც ურჩევენ ბავშვის მიყვანას აფხაზურ სკოლაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ/კი ბავშვი უნაკლოდ ფლობს მშობლიურ ენას.
დაწყებითი კლასების მასწავლებელს თამარა ვიქტოროვნას არ სურს თავისი ნამდვილი ვინაობის გამხელა, რადგან ეშინია, რომ პროფესიულ წრეებში გაკიცხავენ მის აზრს აფხაზური ენის მომავალზე:
„ჩვენი ენა მალე მოკვდება, მოგვწონს თუ არა ეს. საქმე ისაა, რომ ის უკვე თითქმის მკვდარია – აფხაზური ენა ბაზრისა და სოფლის ენაა. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში აფხაზი ბებიები უკვე ქალაქელ შვილიშვილებთან რუსულად საუბრობენ. თუ ლიტერატურული შედევრები არ იწერება ენაზე, ფილმები არ კეთდება, ის კვდება. აფხაზურ ენაზე რეკლამის გაკეთებაც კი შევწყვიტეთ.“
- რა ელის ქართულ ენას გალის სკოლებში – რეპორტაჟი კონფლიქტის ორივე მხრიდან
- კავკასიის კონფლიქტების ტრანსფორმაცია: დასავლური სამყაროდან რუსულისკენ
ქალის თქმით, რუსული ენა და რუსული სამყარო დიდი ხანია შემოვიდა აფხაზეთში და ყველა განცხადება, რუსული ენის შესაძლო დისკრიმინაციის შესახებ, პოლიტიკური სპეკულაციებია.
„რუსულ სამყაროს სურს ჩვენზე გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ კულტურულად, არამედ პოლიტიკურადაც, ამიტომ ისინი წერენ მითებს, ისევე როგორც უკრაინაში“, – ამბობს თამარა ვიქტოროვნა.
დაწყებითი სკოლის მასწავლებელი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ლეონიდ კალაშნიკოვის ბოლო განცხადებას გულისხმობს, რომელმაც აფხაზეთის სახალხო კრების დეპუტატების არჩევნების შესახებ კანონს დისკრიმინაციული უწოდა. კანონში ნათქვამია, რომ დეპუტატობის კანდიდატად წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ აფხაზეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საუბრობენ აფხაზურ ენაზე.
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების კონტექსტში, ასეთი განცხადება შესაძლოა მუქარად ან მინიშნებად ჟღერდეს, რადგან ყველას კარგად ახსოვს რუსი პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მედიის რიტორიკასთან ანალოგიები უკრაინაში რუსული ენის სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ.
„აფხაზეთში რუსული ენის დისკრიმინაციის საკითხი და თუნდაც ასეთი შესაძლებლობა უახლოეს მომავალში შეიძლება დადგეს ადგილობრივი რეალობის საერთო გააზრების გარეშეც. რუსული ენის დისკრიმინაცია აფხაზეთში მითია“, – ამბობს კამა კვიცინია, ენის შემსწავლელი პროექტის “ადზიხის” ავტორი
ცოტა ხნის წინ, ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, “ადზიხმა” გამართა ფართომასშტაბიანი მხატვრული კითხვა აფხაზურ ენაზე. აფხაზეთში ეს მოვლენა არაჩვეულებრივია – ბავშვებისა და მოზარდების მხატვრული კითხვის საღამოები აქ ისეთივე პოპულარულია, როგორც მთელ მსოფლიოში, მაგრამ ისინი ძირითადად რუსულ ენაზე ტარდება, ისევე როგორც როგორც ყველა სხვა ღონისძიება.
მისასალმებელი ან შესავალი სიტყვები აფხაზურ ენაზე ჟღერს ნებისმიერი დღესასწაულის დასაწყისში, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გადადის რუსულ ენაზე – იქნება ეს პარლამენტის სხდომა, სასამართლო თუ დღესასწაული ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად. ასე რომ, სოხუმში აფხაზურ ენაზე მხატვრულ კითხვებს მხოლოდ “ადზიხური” ენის იმერსიული კლუბი ატარებს.
საქმე ისაა, რომ დღეს აფხაზეთში დიდი პრობლემაა აფხაზური ენის აფხაზურ ენაზე შესწავლა. არიან ბავშვები ეთნიკურად აფხაზი ოჯახებიდან, რომლებიც არ საუბრობენ მშობლიურ ენაზე. ძირითადად, სწორედ მათთვის იყო ჩაფიქრებული ენის შემსწავლელი პროექტი “ადზიხი”, სადაც მთელი დრო, როცა ბავშვი იქ არის, მხოლოდ აფხაზური მეტყველება ესმის, რადგან ასეთი გარემოს ბუნებრივი გზით შექმნა შეუძლებელია.
სოფლებშიც კი არის ტელევიზიები, სადაც რუსული ტელეარხები თითქმის ყოველთვის ჩართულია – აფხაზეთის ერთადერთი სახელმწიფო ტელევიზია არ მაუწყებლობს ღამის საათებში. ასევე მცირეა გასართობი შინაარსის გადაცემები აფხაზურ ენაზე, ფილმები და მულტფილმები კი თარგმნილია მშობლიურ ენაზე ინტერნეტ პროვაიდერის Sistema-ს მიერ, მაგრამ კონტენტზე წვდომისთვის, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ Sistema-ს და შეიძინოთ სატელევიზიო არხი, რომლის ღირებულება 5000 რუბლია ($90).
აფხაზური კონტენტი ასევე არ არის YouTobe-ზე, რომელიც პოპულარულია აფხაზ ბავშვებსა და მოზარდებში. ყველაფერი საინტერესო ახალი თაობისთვის არის გადაღებული რუსულ და ინგლისურ ენებზე. ირკვევა, რომ აფხაზეთის მცხოვრებლები მსოფლიოს ამბებს თითქმის ყოველთვის რუსულად ეცნობიან. პერიოდული გამოცემები, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა, ტელევიზია, ინტერნეტი – მიღებული ინფორმაციის თითქმის მთელი რაოდენობა რუსულ ენაზეა.
კამა კვიცინიას თქმით, ამ პირობებში აფხაზურ ენას განსაკუთრებული დაცვა სჭირდება:
„რუსული ენის პოზიციები ცხოვრების ყველა სფეროში ძალიან ძლიერია და ინიციატივები, რომლებიც მიმართულია აფხაზური ენის გამოყენების შენარჩუნებასა და გაფართოებაზე, ვერ შეარყევს ამ პოზიციებს. აფხაზური ენა ეროვნული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.“
მისი თქმით, აფხაზი საზოგადოების განვითარება იზოლაციის პირობებში შეუძლებელია და რუსული ენის მიმართ დისკრიმინაცია შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ერთ შემთხვევაში – “თუ ჩვენ გადავწყვეტთ დაბრუნებას გამოქვაბულში.”
“აფხაზეთში ეს ნათელია მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისთვის. თუმცა, უპასუხისმგებლო განცხადებები ამ თემაზე შესაძლოა გამოყენებულ იქნას საზიანოდ და არა კეთილმეზობლური ურთიერთობების ნორმალური განვითარების სასარგებლოდ“, – ამბობს კამა და იხსენებს კალაშნიკოვის ბოლო განცხადებას.
საინტერესოა, რომ კალაშნიკოვის განცხადების შემდეგ ოფიციალური პროტესტი თითქმის არ ყოფილა. ჯერ ძალიან დიპლომატიურად ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, შემდეგ კი დეპუტატმა ინარ გიცბამ.
მაგრამ რუს და კაზაკთა საზოგადოებების კავშირის რეაქცია ყველაზე დამაჯერებელი იყო, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ თემის წარმომადგენლები ექსკლუზიურად რუსულენოვანნი არიან. მათი განცხადებიდან ირკვევა, რომ ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ კანონში შეიცვლება ეთნიკური რუსების კვოტები.
მაგრამ რა არის საყურადღებო: საკანონმდებლო შეზღუდვის გარეშეც, რუსები ზედიზედ მესამე მოწვევის აფხაზეთის პარლამენტში არ აირჩევიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ საკუთარი კანდიდატურა მაინც წამოაყენეს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო