რუსეთში Telegram-ი დაბლოკეს
რუსეთის სასამართლომ მესენჯერ Telegram-ის დაბლოკვის დადგენილება გამოიტანა. ეს იმას უკავშირდება, რომ Telegram-ის დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა უარი განცხადა რუსეთის სასამართლოს წინა დადგენილების შესრულებაზე, რომელიც Telegram-ს ავალდებულებდა, მომხმარებელთა მიმოწერა რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა. წინა დღეს დუროვმა თავის იურისტებს სასამართლოში მონაწილეობა აუკრძალა. მან ეს იმ არგუმენტით ახსნა, რომ „აშკარა ფარსის ლეგიტიმაცია“ არ სურდა.
რა არის Telegram?
მსოფლიოში პოპულარობის მიხედვით რიგით მეშვიდე სოციალური ქსელის „ვ კონტაქტეს“ შემქმნელმა პაველ დუროვმა მესენჯერი Telegram 2013 წელს აამოქმედა. როგორც თავად ჰყვება, კავშირის ისეთი არხის შექმნის იდეა, რომელზეც სპეცსამსახურებს წვდომა არ ექნებოდათ, დუროვს მას შედეგ მოუვიდა, რაც 2011 წელს მასთან, სანქ-პეტერბურგის ბინაში, პოლიციელებმა სცადეს შეღწევა.
ორი წლის შემდეგ ამოქმედდა Telegram, რომელიც დუროვმა და მისმა ძმამ შექმნეს. რამდენიმე წელიწადში ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მესენჯერად იქცა. ყველაზე მეტი მომხმარებელი Telegram-ს ირანში ჰყავს. მეორე ადგილზეა რუსეთი – ამ მესენჯერით 10 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ის პოპულარულია ასევე – ბრაზილიაში, იტალიაში, აშშ-ში. მისი მომხმარებლების საერთო რაოდენობა კი 200 მილიონ ადამიანზე მეტია.
კონფლიქტი რუსულ სპეც-სამსახურებთან
2017 წლის ზაფხულში რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა პაველ დუროვს „მიღებული, გადაცემული, მიწოდებული და/ან დამუშავებული ელექტრონული შეტყობინებების დეკოდირებისთვის საჭირო ინფორმაციის“ წარმოდგენა მოსთხოვა. დუროვმა ამაზე უარი განაცხადა. მან მიიჩნია, რომ თუკი რუსეთის სპეც-სამსახურებს Telegram-ის მომხმარებელთა მიმოწერაზე წვდომა ექნებოდათ, მაშინ მისი მესენჯერი აზრს და უნიკალურობას დაკარგავდა.
გასული თვის ბოლოს რუსეთის სასამართლომ უშიშროების ფედერალური სამსახურის მოთხოვნა კანონიერად ცნო და დუროვს მისი შესრულება დაავალა. Telegram-ის შემქმნელმა „ფსბ“-სთვის შეტყობინებების დეკოდირებისთვის საჭირიო ინფორმაციის გადაცემაზე ისევ უარი განაცხადა და სასამართლოს გადაწყვეტილებას ანტიკონსტიტუციური უწოდა.
რა დაემართა Telegram-ს?
არაფერი – არსებითი. Telegram-ის აუდიტორიას იმთავითვე ინტერნეტტექნოლოგიებში გათვითცნობიერებული ახალგაზრდები წარმოადგენდნენ. ძირითადად – ესენი არიან მომხმარებლები, რომლებისთვისაც მათი მიმოწერის კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ამ მომხმარებლებისთვის ძნელი არ იქნება თავიანთ სმარტფონებს VPN-ფუნქციები დაუმატონ, რითაც დაბლოკვას აცდებიან. რუს ინტერნეტ-მომხმარებლებს VPN-ის გამოყენების გამოცდილება უკვე აქვთ, რადგან ხელისუფლება მუდმივად ბლოკავს სხვადასხვა ვებგვერდს.
აი, რას წერენ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუსული Telegram-არხის, „ნეზიგარ“-ის ანონიმური ავტორები:
„ჩვენ Telegram-ში მუშაობას გავაგრძელებთ. სივრცის შეცვლა არ განიხილება, და რუსეთში Telegram-ის დაბლოკვას ჩვენ მუქარად არ აღვიქვამთ. <…>
დღეს სახელმწიფო მოხელეების ნაწილი ჩვენ თვალწინ ქმნის ინფორმაციის გავრცელების დამოუკიდებელ სეგმენტს. ეს სეგმენტი მთლიანად გამოვა სახელმწიფოს კონტროლიდან, ის ოპოზიციური გახდება, და რასაკვირველია, ძალიან სერიოზულ ფაქტორად გადაიქცევა“.