რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სასურსათო ომი გრძელდება
რუსეთმა აზერბაიჯანიდან პომიდვრის, კარტოფილისა და ალუბლის დიდი პარტიის შეტანა აკრძალა. ბევრი ამბობს, რომ რუსეთის საზღვრებზე მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ მსგავსი ზომები პოლიტიკურად მოტივირებულია. აზერბაიჯანელი ექსპერტის აზრით, რუსული მხარის ოფიციალური განცხადებების გულწრფელობის დაჯერება არც შეიძლება, მაგრამ, ასეც რომ იყოს, ამით რუსეთი პირველ რიგში საკუთარ თავს აზიანებს.
რა მოხდა?
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (Россельхознадзор) აზერბაიჯანიდან რუსეთის ფედერაციაში 530,6 ტონა მცენარეული პროდუქტის იმპორტის აკრძალვის შესახებ განაცხადა.
როგორც ინტერფაქსი იუწყება, 2022 წლის ივნისში აზერბაიჯანიდან რუსეთში არ დაუშვეს 30 პარტია ტვირთი: 320,9 ტონა ახალი პომიდორი, 99,8 ტონა კარტოფილი და 109,9 ტონა ახალი ალუბალი.
პროდუქციის დაბრუნების ოფიციალური მიზეზი იყო „საკარანტინო მავნებლების იდენტიფიცირება – სამხრეთ ამერიკული პომიდვრის ჩრჩილი (Tuta absoluta Povolny), კარტოფილის ჩრჩილი (Phthorimaea operculella (Zeller) და აღმოსავლური კოდლი (Grapholitha molesta)“.
წინაისტორია
რუსული მხარის მიერ აზერბაიჯანული სოფლის მეურნეობის პროდუქტების უკან მიბრუნების ამბავი 2020 წლის დეკემბერში, თითქმის ყარაბაღის მეორე ომის დასრულებისთანავე დაიწყო.
მას შემდეგ რუსეთი პერიოდულად კრძალავს თავის ტერიტორიაზე აზერბაიჯანში წარმოებული ახალი პომიდვრისა და ვაშლის იმპორტს. საინტერესოა, რომ ასეთი აკრძალვები თითქმის ყოველთვის ემთხვეოდა მოსკოვსა და ბაქოს შორის მზარდ დაძაბულობას.
მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საოკუპაციო ომის დაწყების და უპრეცედენტო საერთაშორისო სანქციების გამოყენების შემდეგ მოსკოვმა შეარბილა დამოკიდებულება უცხოეთიდან ბოსტნეულისა და ხილის იმპორტის მიმართ.
2022 წლის 5 მარტიდან რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა გააუქმა ადრე დაწესებული შეზღუდვები კულტურული პროდუქტების მიწოდებაზე ხუთი ქვეყნიდან.
„დაშვებულია აზერბაიჯანიდან ვაშლის, ბოსნია და ჰერცოგოვინიდან მსხლის, ჩინეთიდან თხილის, მოლდოვადან და სერბეთიდან კურკოვანი ბოსტნეულის, ბანგლადეშიდან კარტოფილის შემოტანა“, – ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
რა მოხდა ამჯერად, რა არის რუსეთში აზერბაიჯანული პროდუქციის მორიგი აკრძალვის მიზეზი? ამ კითხვით JAMnews-მა ექსპერტ ასიმ კერიმოვს მიმართა.
კომენტარი
კერიმოვის აზრით, აზერბაიჯანული წარმოების პროდუქციის დაბრუნების ამჟამინდელი ინციდენტი წინა შემთხვევებისგან არაფრით განსხვავდება:
„ღიად რომ ვილაპარაკოთ, თავად მწარმოებლების გარდა, რომლებიც ბუნებრივია, ასეთი ფაქტების გამო დიდ ზარალს განიცდიან, რუსეთის ფიტოსანიტარული სამსახურის ოფიციალურ ანგარიშებს, სადაც მითითებულია პროდუქტებში ვითომდა აღმოჩენილი მავნებლების აბსტრაქტული სახელები, სერიოზულად არავინ უყურებს.
გაუგებარი მხოლოდ ისაა, რატომ მუშაობენ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები ასე ფრაგმენტულად. ბოლოს და ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მალე ბაქოს უნდა ეწვიოს და ყველა საკითხი შეიძლება გადაწყდეს დიპლომატიური გზით, იმავე პომიდვრის აკრძალვის გარეშე.
რაც შეეხება ოფიციალურ ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებს, ისინი 2020 წლის ბოლოს გაუარესდა, როდესაც რუსეთმა თითქმის იძულებით შეაჩერა ყარაბაღის მეორე ომი და თავისი ჯარი გაგზავნა ყარაბაღის იმ ნაწილში, სადაც აზერბაიჯანის სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. სწორედ ამ დროს დაიწყო ეს პომიდორ-ვაშლის იდილია.
რუსული არმიის უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე შესვლით, ურთიერთობები მხოლოდ გაუარესდა. საიდუმლო არ არის, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და დავების გადაწყვეტისას ყოველთვის საერთაშორისო სამართლის მომხრეა.
მოსკოვში ზოგს არ მოსწონს ეს მიდგომა. ამ ხუთი თვის განმავლობაში ჩვენ უკვე გავხდით საინფორმაციო საიტების აკრძალვის მოწმე. იყო ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეც კი. და მარტო ეს არ არის.
ახალ მაგალითს მოვიყვან. უკვე ორი დღეა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყარაბაღის რუკებიდან ქალაქი ხანქენდი (სტეფანაკერტი) გაქრა. ის უბრალოდ არ არის სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის რუკებზე. როგორ ფიქრობთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაავიწყდა ამ ქალაქის სახელის დაწერა რუკებზე? არა, ის ყოველთვის იქ იყო. ეს ალბათ ერთგვარი გამოწვევაა ერევნისადმი მოსკოვიდან.
ეს ის მეთოდებია, რომლებსაც კრემლში იყენებენ. ზოგისთვის ქალაქის არარსებობის მინიშნება, ზოგისთვის პომიდვრის იმპორტის აკრძალვა.
საინტერესოა ისიც, რომ უცხოეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვით რუსეთი საკუთარ თავს აყენებს ზიანს. ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სანქციების პერიოდში, როცა ქვეყანას აკლია ყველაფერი, რაც საჭიროა, პროდუქციის იმპორტის აკრძალვა, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე ჭკვიანურია“.