თურქეთმა ფეტულაჰ გიულენის დაპატიმრების ორდერი გასცა. მას სამუდამო პატიმრობა ელის
ანკარაში სასამართლომ განაჩენი გამოიტანა თურქი განმანათლებლის, ფეთულაჰ გიულენის დაპატიმრების შესახებ, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის ივლისში, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მცდელობაში სდებს ბრალს. ამჯერად მას 2016 წლის დეკემბერში თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის ორგანიზებისთვის აქვს ბრალი წაყენებული.
გიულენის გარდა, ბრალდება წაყენებული აქვს კიდევ შვიდ ადამიანს, – წერს თურქული გაზეთი „Yeni Şafak“. როგორც თურქეთის მთავრობა ირწმუნება, ყველა მათგანი ტერორისტული ორგანიზაცია „FETÖ“-ს წევრია, რომელსაც ვითომდა ფეტულაჰ გიულენი ხელმძღვანელობს. თავად გიულენი ამას ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა.
76 წლის ფეტულაჰ გიულენი აშშ-ში ცხოვრობს და ათწლეულების განმავლობაში ისლამის იმ ნაირსახეობებს ქადაგებს, რომლებიც მშვიდობის, დემოკრატიისა და სამეცნიერო ცოდნის პრინციპებს ეფუძნება. მისმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ „ჰიზმეტი“ („მსახურება“) თურქეთსა და სხვა ქვეყნებში საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი შექმნა, მათ შორის 120 სკოლა აშშ-ში. ორგანიზაცია ასევე ფარავდა ამერიკელი პოლიტიკოსების თურქეთში გამგზავრების ხარჯებსაც.
გიულენის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი ამ ორგანიზაციისთვის მხოლოდ პროპაგანდისტურ საფარს წარმოადგენდა, რადგან ის მიზნად მთავრობის დამხობას ისახავდა.
2016 წელს, თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ ეს სასწავლო დაწესებულებები, არამხოლოდ თურქეთში, არამედ რიგ სხვა ქვეყნებშიც დაიხურა, მათ შორის – აზერბაიჯანსა და საქართველოშიც.
ყველა, ვინც ფონდ „ჰიზმეტ“-თან და მის სასწავლო დაწესებულებებთან არის დაკავშირებული, თურქეთში „FETÖ“-ს (თურქულიდან თარგმანში – ფეტულაჰისტების ტერორისტული ორგანიზაცია) წევრებად არიან გამოცხადებულები. „FETÖ“-ს მიერ ორგანიზებულ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით“ ათეულ ათასობით ადამიანია დაპატიმრებული.
ახლა რუსი ელჩის მკვლელობაშიც ოფიციალურად ეჭვმიტანილია „FETÖ“.
თ
ურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი 2016 წლის 19 დეკემბერს ანკარაში, ჩანაკალეს მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენაზე მოკლეს. პოლიციელმა მევლიუტ მერტ ალტინტაშმა ელჩს სიტყვით გამოსვლის დროს, საზოგადოებისა და მედიის თვალწინ ესროლა. თავად ალტინტაში ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა მოკლეს.
ალტინტაში მკვლელობის დროს არაბულ ენაზე რელიგიურ ლოზუნგებს იძახდა; სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მკვლელი რადიკალური ისლამური დაჯგუფებების წევრი იყო. სირიული ისლამისტური დაჯგუფების „ალ ნუსრას“ მხრიდან ამ ტერაქტის ვითომ აღიარებაც კი გამოქყვეყნდა, მაგრამ მოგვიანებით ეს თავად „ალ ნუსრამ“ უარყო.
გამოძიების პირველი და ერთადერთი ვერსია „FETÖ“-ს უკავშირდებოდა.
გამოძიება ასევე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ალტინტაშის „ალ ნუსრასთან“ კავშირის შესახებ ხმები „FETÖ“ წევრებმა საგანგებოდ გაავრცელეს, რათა საკუთარი თავიდან ყურადღება მათზე გადაეტანათ. რვა ადამიანიდან, რომელთა დაპატიმრებაზეც ორდერი გაიცა, ერთ-ერთს ბრალად სწორედ ის ედება, რომ „ალ-ნუსრას“ მიერ ტერაქტის აღიარებასთან დაკავშირებით „ტვიტერში ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და ამით მკვლელობის ნამდვილი ორგანიზატორების დამალვას შეეცადა“.