ადრეული სექსი - რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანში
სქესობრივი ცხოვრების დაწყებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანში არც რაიმე ოფიციალური აკრძალვა არსებობს და არც ასაკობრივი ცენზი დაუწესებია ვინმეს. სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებულია რეგულაციები, რომლებიც საშუალებას იძლევა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ერთი მხრივ მოზარდების მიმართ გარყვნილი ქმედებები და ძალადობა, და მეორე მხრივ – ნებაყოფლობითი სექსი.
მაგრამ რას ფიქრობს ხალხი? რა პასუხი აქვთ აზერბაიჯანელებს შეკითხვაზე – „როდის ჯობია დაწყება“?
დ
აახლოებით ერთი თვის წინ მესენჯერ WhatsApp-ის აზერბაიჯანულ სეგმენტში გავრცელდა მოზარდების ინტიმური კავშირის ამსახველი ვიდეორგოლი, რომელიც ბაქოს ერთ-ერთი სკოლის გასახდელშია ჩაწერილი. ვიდეომასალამ უკიდურესად მძაფრი რეაქცია გამოიწვია. გოგონა მხოლოდ 12 წლისაა. საქმეში პოლიცია ჩაერია. ცალსახად ვერ განსაზღვრეს, თუ რა მუხლით უნდა აღიძრას საქმე – მოზარდების გარყვნის მუხლით თუ მომხდარს პორნოგრაფიის გავრცელების კვალიფიკაცია მიენიჭოს.
იურიდიული თვალსაზრისით ყველაფერი მეტ-ნაკლებად გასაგები იყო. თანხმობის ასაკი 16 წელია. თუკი არც ერთი მოზარდია 16 წლის, და არც – მეორე, მაშინ გამოდის, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.
სოციალური ქსელების მომხმარებლებს სხვა საკითხი აღელვებდათ. ისინი ამ სკანდალურ ფაქტს არა სისხლის სამართლის კოდექსის, არამედ ღირსების კოდექსის დაუწერელი ნორმების თვალსაზრისით განიხილავენ და იმას არჩევენ, თუ ვის ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა.
კომენტარები Facebook-იდან:
“უნდა უხაროდეთ, რომ მოციქულის ეპოქაში არსებული წესები არ მოქმედებს და ჩაქოლვით სიკვდილი არ მიუსაჯეს”.
“სკოლის მასწავლებლებს არაფერი აინტერესებთ ქრთამის აღების გარდა, და ასეთ პირობებში ვინ უნდა აღზარდოს ბავშვები? ნუთუ ვერ ამჩნევდნენ, რა გაფუჭებული გოგოც იყო?”
“რატომ მიესიეთ მასწავლებლებს? რა მასწავლებლის ბრალია, თუკი გაკვეთილზე ოჯახში გაფუჭებული ბავშვები მიდიან? ის მოზარდი კი უბრალოდ ქუჩის გოგოა და ამ საკითხთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს!”.
“ბებიაჩემს დაქალმა დაურეკა და უთხრა, რომ ეს ვიდეორგოლი ნახა. მისი თქმით, ვიდეოში აშკარად ჩანს, რომ გოგონაა დამნაშავე. ზოგადად, ჩვენთან სექსი ისეთ მოვლენად მიიჩნევა, რომელშიც ყოველთვის ვიღაცაა დამნაშავე”.
როდის შეიძლება?
“მოზარდებს შორის ინტიმური კავშირი ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა. ასეთი შემთხვევები ადრეც მომხდარა სკოლებში და ახლაც ხდება. მთელს მსოფლიოში ასეა. უბრალოდ ადრე არ არსებობდა ტელეფონები, რომლებიც ასეთი აქტების გადაღების საშუალებას იძლევა”, – ამბობს ფსიქოლოგი აზად ისაზადე.
მეორე მხრივ კი უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოზარდი მზად არ არის სექსუალური ცხოვრების დასაწყებად. დიდია იმის ალბათობა, რომ ნაადრევი ორსულობა ლეტალური შედეგებით დასრულდეს, ინტიმური ცხოვრების მსგავს მყიფე სფეროებში გამოვლენილი მოზარდული მაქსიმალიზმი, ემოციური უმწიფარობა და ამ ასაკის ადამიანებს შორის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სისასტიკე, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს ადამიანისთვის.
ფსიქოლოგის თქმით, არ არსებობს მკაცრი კრიტერიუმები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავდა იმას, თუ რამდენად მზადაა ესა თუ ის ადამიანი სექსუალური ცხოვრების დასაწყებად. არსებობს ძალიან პირობითი რიცხვები, რომლებიც სამედიცინო და იურიდიული ფაქტორების გათვალისწინებით იქნა მიღებული:
13 წლამდე – ადამიანი ბავშვია და ამ ასაკში ინტიმურ ცხოვრებაზე საუბარიც არ შეიძლება.
13-14 წელი – მოზარდობის საწყისი ფაზა, როდესაც ბიჭები და გოგონები სქესობრივი მომწიფების პერიოდს გადიან და, ამავდროულად, სექსუალური ინტერესი უჩნდებათ .
16 წელი – თანხმობის ასაკი, ქვედა ზღვარი, როდესაც ადამიანს საკანონმდებლო და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უფლება ეძლევა, სქესობრივი ცხოვრება დაიწყოს.
და ბოლოს, 18 წელი – სრულწლოვანება. ასაკი, როდესაც ადამიანს ხმის მიცემისა და ალკოჰოლის შეძენის უფლებასთან ერთად, სექსუალური ცხოვრების სრული და შეუზღუდავი უფლება ეძლევა.
სარხანი, 29 წლის. სჯობს გვიან, მაგრამ უკეთ
ს
არხანი სასკოლო ასაკის მიღწევამდე ერთი წლით ადრე შევიდა სკოლაში და არამხოლოდ ასაკით, არამედ სიმაღლითა და ფიზიკური განვითარებითაც ჩამორჩებოდა თავის თანაკლასელებს. შვიდი წლის იყო, როდესაც თანაკლასელებისგან შეიტყო, თუ საიდან და როგორ ჩნდებიან ბავშვები, მაგრამ არც შოკში ჩავარდნილა, და არც ცნობისმოყვარეობა გაღვიძებია.
ზოგადად, სარხანის სექსუალური ზრდა მის თანატოლებზე ნელა მიმდინარეობდა – სანამ ხატვას სწავლობდა და რეპის სტილის კომპოზიციებს ქმნიდა, მისი თანაკლასელები და მათზე უფროსი ბიჭები საკმაოდ მრავალფეროვან ექსპერიმენტებს ატარებდნენ. თუმცა, საწყის ეტაპზე, პარტნიორების გარეშე მოქმედებდნენ.
“ჩემ თანასკოლელ ბიჭებს ბანქოს დასტა ჰქონდათ, რომელზეც პორნოგრაფიული სურათები იყო გამოსახული. როგორც ვიცი, ბევრი მათგანი მასტურბირებას სწავლობდა და მიღებულ გამოცდილებას თანატოლებს უზიარებდა. მათი ქცევები ნამდვილად არ მიმაჩნდა სამარცხვინოდ, მაგრამ მე პირადად სხვა ინტერესები მქონდა”.
ოც წლამდე უბიწო იყო და ამის სულაც არ რცხვენოდა. მისი პირველი პარტნიორი დაახლოებით მისი თანატოლი იყო. იმ გოგონას უკვე მიღებული ჰქონდა პირველი სექსუალური გამოცდილება.
“ზღვის ხედის მქონე კარგი ბინა ვიქირავე, რომლის კედლებიც ნახატებით იყო მორთული. მინდოდა, ძალიან ლამაზად გამოსულიყო ყველაფერი. თანაც ზიზღიანი ადამიანი ვარ და ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ სად მოხდებოდა… ამას გარდა, უზარმაზარი პიცაც მოვიმარაგე შესვენებისთვის – ვიცოდი, რომ დიდხანს გაგრძელდებოდა. მართლაც დიდხანს გაგრძელდა. ხანგრძლივი, ლამაზი და საინტერესო პროცესი იყო. ყველაზე მეტად ჩემი პარტნიორის შესწავლა მინდოდა – ის ხომ პირველი „ნამდვილი“ შიშველი ქალი იყო, რომელსაც ვხედავდი. ამის შემდეგ კიდევ ორი თვის მანძილზე ვხვდებოდით ერთმანეთს. ერთხელ მითხრა, რომ ჩემთან სექსი მოსწონდა, რადგანაც ამ საქმეს „შემოქმედებითად ვუდგებოდი“.
სარხანის აზრით, მისი გამოცდილება ახალგაზრდების ქცევის ტრადიციულ მოდელს არ შეესაბამება. იგი ფიქრობს, რომ მისი შემთხვევა ბედნიერ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს.
“როგორც წესი, აზერბაიჯანში სექსუალური განვითარება დაახლოებით ასეთი სქემით მიმდინარეობს: ბიჭები პორნოფილმებით იღებენ ცოდნას, რის შემდეგაც მეძავებთან მიდიან და მათთან გადასწავლების კურსს გადიან. საბოლოოდ კი ქალებს ასწავლიან იმას, რაც მეძავებთან ისწავლეს (თითქმის ყველაფერს, რაც პროსტიტუტებისგან შეითვისეს). ჩემი აზრით, ძალიან სულელური სქემაა. ასე რომ კმაყოფილი ვარ იმით, რომ ასეთი გამოცდილება მივიღე. გვიან დავიწყე, მაგრამ ხარისხიანად”.
ბიჭები მარცხნივ, გოგონები – მარჯვნივ
ამ მოსაზრებას აზერბაიჯანში მცხოვრები ბევრი ადამიანი იზიარებს, რასაც ორი ფაქტი ცხადჰყოფს: დღემდე არსებობს „ქალწულობის დამოწმების“ ჩვეულება, რომელსაც ქორწილის შემდეგ ოჯახის ასაკოვანი ქალები ასრულებენ ხოლმე. ამას გარდა, ქვეყანაში ჰიმენოპლასტიკა ყვავის. ცხადია, ყველა აზერბაიჯანელი ქორწინებამდელი უბიწოების ადეპტად არ გვევლინება, მაგრამ უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალს ქორწინებამდე სექსი არ უნდა ჰქონდეს.
ეს წესი მამაკაცებზე არ ვრცელდება, მაგრამ გარკვეულწილად, მათზეც ახდენს გავლენას. აზად ისაზადეს თქმით, მეტწილად სწორედ ამ ტრადიციით შეიძლება აიხსნას ის, რომ აზერბაიჯანში მცხოვრები ჭაბუკები მეძავებთან კავშირით იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას.
მურადი, 35 წლის. მეორე სართულზე მცხოვრები შავგვრემანი ქალი.
მ
ურადის მოზარდობის ხანა 90-იანი წლების შუა პერიოდს დაემთხვა. მის სექსუალურ განათლებაზე მხოლოდ და მხოლოდ ქუჩა ზრუნავდა. ამასთან, ეს ქუჩა ბაქოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რაიონში მდებარეობდა. იგი ისეთ ეზოში გაიზარდა, სადაც სკამების მახლობლად ნახმარი შპრიცები ეყარა, „უბანი უბანზე“ ჩხუბი ყოველდღიურობის ჩვეულებრივი ნაწილი იყო, ბიჭები კი საქმიანად, ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე „ვაჟკაცდებოდნენ“.
“13 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა მეგობრებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს ტრაბახი იმით, რომ „ვაჟიშვილობა დაკარგეს“ და მეც მივხვდი, რომ სიტუაცია მომწიფდა. ჩემს თანატოლ გოგონებს სექსუალურ ობიექტებად ვერ აღვიქვამდი და თან ვხვდებოდი, რომ ჩემზე უფროსი გოგონების ყურადღების მიპყრობის შანსი არ მქონდა. მხოლოდ ერთი გამოსავალი მრჩებოდა – ჩემი უბნელი ბიჭების უმრავლესობის მსგავსად, მეც მეძავთან უნდა მივსულიყავი”.
ივნისის ერთ თბილ საღამოს უფროსმა ამხანაგმა „შედარებით ნორმალურ“ ბორდელში წაიყვანა.
სამსართულიან, ძველებურ სახლში შევიდნენ. ბაქოს ცენტრში ბევრი ასეთი შენობა დგას. მაღალი, დაკბილული საფეხურების მქონე კიბით მეორე სართულზე ავიდნენ და ჩვეულებრივი ბინის ვიწრო შემოსასვლელში აღმოჩნდნენ. ჩვეულებრივი საცხოვრებელი ოთახისგან არც ის „ნომერი“ გამოირჩეოდა, რომელშიც ყმაწვილს ტანმორჩილი, ლამაზი, შავგვრემანი გოგონა ელოდებოდა. მურადზე დაახლოებით 10 წლით უფროსი იქნებოდა. ბიჭს არც წითელი მარმაში დახვედრია საწოლის თავზე და არც მინის ჭერი. სამაგიეროდ, პრეზერვატივები ჰქონდათ.
“სავარაუდოდ, საშხაპეც ჰქონდათ, მაგრამ მე არ გამომიყენებია. იმ ოთახში მაქსიმუმ ოცი წუთი დავყავი და გამოსვლისას განსაკუთრებული ცვლილებები არ მიგრძვნია. უბრალოდ ვგრძნობდი, რომ სავსებით ბუნებრივი და ნორმალური იყო ის, რაც გავაკეთე”.
მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე პერიოდულად აკითხავდა ხოლმე საროსკიპოებს, თუმცა, ხშირად არ დადიოდა. წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ სტუმრობდა. უფრო ხშირი ვიზიტებისთვის ფული არ ჰყოფნიდა. სამაგიეროდ თავისი მეგობრები აიყოლია, რომლებსაც საკუთარი უბიწოებოს რცხვენოდათ.
“ახლა კი ვხვდები, რომ იმ პერიოდში ფიზიკურად კი ვიყავი მზად, მაგრამ გონებრივად არ ვიყავი მომწიფებული. და შესაძლოა, სწორედ ასეთმა დასაწყისმა განაპირობა ის, რომ დღეს სექსის მიმართ ძალიან პრაქტიკული და, ოდნავ ცინიკური დამოკიდებულება მაქვს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე ჯანსაღი პოზიციაა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, იმ პერიოდში სხვა ვარიანტები არ მქონდა. ახლა კი სხვა დროებაა და თანამედროვე ბიჭებმა სხვანაირად უნდა დაიწყონ – ასე ადრე არ უნდა შეუდგნენ სექსუალურ ცხოვრებას, პარტნიორებად თანატოლები უნდა აირჩიონ და უშუალოდ აქტის დაწყებამდე რომანტიკული ატმოსფეროს შექმნაზე იზრუნონ”.
სხვათა შორის, პირველი სექსის შემდეგ 4 წელი იყო გასული, როდესაც მურადმა პირველად აკოცა გოგონას (თანაკლასელ გოგონას).
სექსუალური რევოლუცია, რომელსაც არ იმჩნევენ
ქორწინებამდელი სექსის აკრძალვაზე საუბრისას სოციოლოგი სანუბარ ჰეიდაროვა აღნიშნავს, რომ მსგავსი ჩვეულება ყველა პატრიარქალური მუსლიმური ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი.
“პარადოქსული სიტუაციაა შექმნილი: ქალისთვის არამხოლოდ ქორწინებამდელი და სხვა სახის „არაოფიციალური“ სექსი, არამედ საკუთრივ სექსუალური სურვილებიც კი შეუფერებლად მიიჩნევა. „წესიერ“ აზერბაიჯანელ ქალს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს სქესობრივი კავშირის დამყარების სურვილი და სექსით მხოლოდ ქმრისთვის და შვილების გაჩენისთვის უნდა კავდებოდეს. მეორე მხრივ, მამაკაცისთვის აქტიური სქესობრივი ცხოვრება აუცილებლად მიიჩნევა და თუკი გარკვეულ ასაკში ჯერ კიდევ უბიწოა, თანატოლები აუცილებლად დასცინებენ. ეს ყველაფერი მთლიანობაში ქმნის იმ ტრადიციებს, რომლებსაც ასე გავეშებით იცავს ჩვენი საზოგადოება. მაგრამ ჩვენ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც მოზარდს 12-13 წლის ასაკშიც კი შეუძლია, ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიიღოს ინტიმური ცხოვრებისა და საკუთარი სხეულის შესახებ. ისინი თავისუფლების სიყვარულით გამოირჩევიან და ძველი წესებით ცხოვრება არ სურთ”.
[su_pullquote align=”right”]აზერბაიჯანში უკვე დაიწყო სექსუალური რევოლუცია, მაგრამ საზოგადოება არ იმჩნევს[/su_pullquote]
სანუბარ ჰეიდაროვა დარწმუნებულია, რომ ამის იგნორირება არ შეიძლება. თანამედროვე მოზარდების ემანსიპაციამ, შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიღოს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი შესაბამის აღზრდა-განათლებას ვერ მიიღებენ.
„წესით, პატრიარქალური ტრადიციების ადგილი განათლებამ და აღზრდამ უნდა დაიკავოს, მაგრამ ჩვენთან ადათ-წესები აბორტებითა და მოზარდთა ძალადობით ნაცვლდება. მოზარდებმა გადაწყვიტეს, რომ სურთ, სექსით დაკავდნენ და თავისუფლად იცხოვრონ. თუმცა, მათ ჯერ ვერავინ უხსნის, რომ ეს ყველაფერი ადამიანურად, საკუთარი თავისთვის და სხვა ადამიანებისთვის ზიანის მიყენების გარეშე უნდა კეთდებოდეს. აზერბაიჯანში უკვე დაიწყო სექსუალური რევოლუცია, მაგრამ საზოგადოება ამას არ იმჩნევს”.
აითიანი, 38 წლის. „დაგლეჯილი ფარდის მიღმა დავანებული გაზაფხული“
ა
ითიანი მკაცრ, კონსერვატიულ ოჯახში გაიზარდა, სადაც მშობლები ბავშვებს ოთახიდან აგდებდნენ იმ მომენტებში, როდესაც ტელევიზორში წყვილი ერთმანეთს კოცნიდა. დაახლოებით 13 წლამდე გულწრფელად სჯეროდა, რომ გოგონები იზრდებიან, ინსტიტუტს ამთავრებენ და ამის შემდეგ თავისით ეზრდებათ მუცლები, საიდანაც ბავშვები ჩნდებიან.
მიუხედავად ამისა, პირველი სექსუალური სცენა სახლში, ტელევიზორის ეკრანზე ნახა.
“გამჭოლი, ერთმანეთთან კარებით დაკავშირებული ოთახები გვქონდა, რომლებიც ზოგჯერ ღამითაც კი არ იკეტებოდა. ერთხელ ჩემი ოთახიდან შევამჩნიე, რომ მამაჩემი სასტუმრო ოთახში იჯდა და გერმანულ პორნოფილმს უყურებდა. მაშინ 14 წლის ვიყავი. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მოუხდენია ჩემზე შთაბეჭდილება იმას, რაც იმ ღამეს ვნახე ”.
პირველად ბიჭს სკოლის დამთავრების შემდეგ, 17 წლის ასაკში აკოცა.
“მომწონდა ის ბიჭი და მასთან კოცნაობა მინდოდა, მაგრამ მაინც მეგონა, რომ რაღაც ცუდს ვაკეთებდი და მასე მოქცევა არ შეიძლებოდა. ამიტომ ვკოცნიდი და თან ხელით ვიშორებდი ხოლმე. ახლა ვხვდები, რომ ძალიან სასაცილოდ ვიქცეოდი”.
პირველი სექსი აითიანს 21 წლის ასაკში ჰქონდა, როდესაც პირველი ბოიფრენდი გაიჩინა. გოგონამ ბაქოს ერთ-ერთ „მივარდნილ“ უბანში ერთი თვით იქირავა ბინა, სადაც წყვილი ყოველდღე, ლექციების შემდეგ ხვდებოდა ერთმანეთს.
დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად ავტობუსის გაჩერებაზე უნდა ჩამოსულიყო და ორმოებიან, დანგრეულ დაღმართზე დაშვებულიყო.
“ბინა ისეთ რაიონში მდებარეობდა, სადაც შუა საუკუნეები ჯერაც არ იყო დასრულებული. ვცდილობდი, რაც შეიძლება უღიმღამო, არაფრით გამორჩეული ტანსაცმელი მცმოდა, რათა ვინმეს ყურადღება არ მიმეპყრო და ვერავინ მიმხვდარიყო, სად მივდიოდი და რა გეგმები მქონდა. კონსპირაციული ბინა და თვალთვალის იდეა სტერეოტიპულ ჯაშუშურ ფილმების ატმოსფეროს ქმნიდა. ყველა ჯერზე გამალებით მიცემდა გული. ხელები მიკანკალებდა და მხოლოდ რამდენიმე ცდის შემდეგ ვახერხებდი გასაღების საკეტში შერჭობას. ცალკე უნდა აღინიშნოს ის მძიმე კარი, რომელიც დიდხანს და ძალიან ხმამაღლა იღებოდა”.
პატარა, ძალიან მოკრძალებულად მოწყობილი ოთახი იყო, სადაც ერთადგილიანი საწოლი იდგა, რომელზეც ნაცრისფერი ქვეშაგები ეფინა. ძნელი სათქმელია, ჭუჭყისგან ჰქონდა იმ ზეწარს ასეთი ფერი, თუ უბრალოდ ძველი იყო. ამას გარდა, საიდუმლო სავანეში მაგიდა და შიფონიერიც ჰქონდათ. ერთხელ, როდესაც მიჯნურებმა მოულოდნელი კაკუნი გაიგონეს, აითიანი იმ შიფონიერში დაიმალა, მისი ბოიფრენდი კი კარის გასაღებად გაემართა.
“ელექტროენერგიის დავალიანების ამკრეფი, თუ ვიღაც მასეთი გამოგვეცხადა. რამდენიმე წუთი ლაპარაკობდნენ, მე კი კარადაში ვიჯექი. ერთი მხრივ, ძალიან მეშინოდა, რომ მიპოვიდნენ და ყველაფერს მშობლებს მოუყვებოდნენ, მაგრამ მეორე მხრივ – ადრენალინის საოცარ მოზღვავებას ვგრძნობდი”.
ფანჯარას, რომელიც მეზობლად მდებარე ხუხულას გადაჰყურებდა, ნახევრად დაგლეჯილი ფარდა ფარავდა, მაგრამ ამ ფანჯრიდან არამხოლოდ ქოხმახების, არამედ გაზაფხულის დანახვაც შეიძლებოდა.
“და არა მხოლოდ ფანჯრიდან… ჩემს გონებაში და ნესტის სუნით გაჟღენთილ იმ ბინაშიც გაზაფხული იდგა. დროისა და სივრცის აღქმის უნარს ვკარგავდი და მთლიანად სექსუალურ გზნებას ვემორჩილებოდი. მანამდე მსგავსი არაფერი განმიცდია. რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ჩემთვის უბიწოების დაკარგვა დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. თუმცა, ჩემი ოჯახისთვის ქორწინებამდე სამყაროს განადგურების ტოლფასი იყო. ამ ყველაფერს ასე მსუბუქად ალბათ იმიტომ აღვიქვამდი, რომ ძალიან მიყვარდა ის ბიჭი და მჯეროდა, რომ ვიქორწინებდით. თუმცა, შესაძლოა, ეს ყველაფერი უბრალოდ მოზარდობის პერიოდიდან გამოყოლილი „მეამბოხე“ ბუნების გამოძახილია”.
ნაადრევი სექსი მხოლოდ ქორწინებაში
აზერბაიჯანში ზოგადად, ადრეული სექსის მიმართ ბევრად უფრო ტოლერანტული დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე ქორწინებამდელი სქესობრივი კავშირის მიმართ, რასაც ადრეული ქორწინებების ტრადიციაც ცხადყოფს. ჩვენს ქვეყანაში ჯერაც არ გამქრალა 14-15 წლის ასაკის მოზარდის გათხოვების ჩვეულება. თუმცა, ამ მოვლენას მხოლოდ პირობითად ჰქვია „გათხოვება“ – 16 წლამდე მოზარდები ოფიციალურად არ ქორწინდებიან.
ასეთი ქორწინებების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და ამიტომ სიმართლის დასადგენად შობადობის სტატისტიკა გამოიყენება. ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს აზერბაიჯანში დაახლოებით სამი ათასი ბავშვი 17 წლამდე ასაკის გოგონებმა გააჩინეს. პედიატრი ემილია რაჰიმოვა, რომელმაც ბავშვთა პოლიკლინიკაში არაერთი წელი იმუშავა, აცხადებს, რომ საავადმყოფოში მოყვანილი ახალშობილების დედების ასაკი ხშირად 16 წელს არ აღემატებოდა.
“თითქმის არც ერთ მათგანს არ ჰქონდა ქორწინების მოწმობა, იმიტომ რომ ასაკი არ უწყობდათ ხელს. ხოლო როდესაც ვუცხადებთ რომ 15-16 წლის ასაკში ოჯახის შექმნა და მშობიარობა ნაადრევია, ხელის აქნევით გვეუბნებიან, რომ ჩვენი ბებიებიც ასე იქცეოდნენ”.
როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?
აზად ისაზადე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში მცხოვრები მოზარდები არამხოლოდ სექსუალურ, არამედ იურიდიულ განათლებასაც არ იღებენ და, მაგალითად, არ იციან, რომ თანაკლასელების სქესობრივი აქტის გადაღება და ინტიმური კავშირის ამსახველი ვიდეორგოლის გავრცელებაც დანაშაულია და სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს სპეციალური მუხლი, რომელიც ამ გადაცდომას შეეხება.
იმ მშობლებს, რომლებსაც არ სურთ, რომ მათი შვილები ადრეულ ასაკში გაეცნონ ზრდასრული ადამიანის ცხოვრების თანმდევ „სიკეთეებს“, ფსიქოლოგი ურჩევს:
- არ დააჯერონ საკუთარი თავები, რომ ამის ალბათობა საერთოდ არ არსებობს;
- არ ამოეფარონ ფარისევლურ სირცხვილსა და ტრადიციებს;
- ამ პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა სკოლას არ დააკისრონ;
- თავი შეიკავონ მუქარისა და აკრძალვებისგან.
ამ ყველაფრის ნაცვლად მშობელმა თავისი შვილის სექსუალური განვითარების პროცესს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს და სქესობრივი აღზრდის ისეთი მეთოდი უნდა შეარჩიოს, რომელიც მოზარდს უარყოფით ემოციებს არ გაუჩენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღმზრდელმა რბილად და მსუბუქად უნდა ჩააგონოს, რომ აჩქარება არ ღირს.
ისაზადეს თქმით, მოზარდების სექსუალური ქცევების ნორმალურობასა და პათოლოგიურობას შორის არსებული ზღვარი თითქმის არაფრით განსხვავდება იმ ნორმებისგან, რომლებიც მოზრდილებისთვისაა დადგენილი.
ანუ ნორმად უნდა ჩაითვალოს ყველაფერი, რაც თვითდაზიანებასთან, სხვებისთვის ზიანის მიყენებასთან, ძალადობასთან, ან ავადმყოფურ აკვიატებასთან არ არის დაკავშირებული.
და თუკი თქვენი შვილის სქესობრივი განვითარების პროცესში ეს ნიშნები არ ფიქსირდება, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, იმიტომ რომ ნერვიულობის საფუძველი არ გაქვთ.