თურქეთი: ქალების მკვლელობა და მათზე ძალადობა გრძელდება
26
წლის დილეკ იარდიმი ორი გოგონას დედა იყო. უფროსი ჯერ ოთხი წლისაც არ იყო, უმცროსს კი ორი წელი ახლახან შეუსრულდა. რატომ – წარსულ დროში? იმიტომ, რომ მისმა ქმარმა, რომელთანაც ის გაყრის პროცესში იმყოფებოდა და მისი გოგონების ღვიძლი მამა იყო, ჯერ გოგონები დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.
ეს საშინელი მოვლენა 3 იანვარს სტამბოლში, მალტეპეს რაიონში, 29 წლის ალი იარდიმის ნაქირავებ ბინაში მოხდა.
ალისა და დილეკის გაყრის პროცესი ზაფხულიდან გრძელდებოდა. გაყრაზე განცხადება დილეკმა შეიტანა, რადგან ქმარი მას ქორწინების პირველი დღიდანვე სცემდა, ერთხელი კი დანითაც დაჭრა.
[su_pullquote align=”right”]2017 წელს თურქეთში 238 ქალი და 4 გოგონა მოკლეს[/su_pullquote]
შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა დილეკი დაცვის ქვეშ აიყვანეს, ალის კი მასთან მიახლოება აუკრძალეს. დილეკი მოითხოვდა, რომ დაცვის ქვეშ ყოფილიყვნენ მისი ქალიშვილებიც, თუმცა სახელმწიფო მას არ დაეთანხმა. მეტიც, სასამართლომ ალის კვირაში ერთხელ, თავის სახლში, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ და დილეკის გარეშე, შვილებთან შეხვედრის უფლება მისცა.
დილეკმა ვერავის დარწმუნება ვერ შეძლო – ვერც სახელმწიფო სტრუქტურების და ვერც საკუთარი ნათესავების – რომ ეს შეიძლებოდა გოგონებისთვის სახიფათო ყოფილიყო. ყველა ამტკიცებდა, რომ მამას შვილებთან შეხვედრის უფლება აქვს.
ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს, ალიმ გოგონები თავისთან წაიყვანა, რამდენიმე ხანში კი დილეკს დაურეკა და უთხრა: „შენი ქალიშვილები დავხოცე, ახლა ბედნიერი ხარ?“
დილეკმა ეს მაშინვე პოლიციას შეატყობინა, თვითონ კი დაუყოვნებლივ ალის ნაქირავებ ბინაში გაემართა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. ალიმ იარაღიდან გასროლით ჯერ გოგონები დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
დილეკის ისტორია თურქეთისთვის ერთდროულად სახასიათო შემთხვევაცაა და არასახასიათოც. იმ ქალებზე ძალადობა, რომლებმაც გაყრა გადაწყვიტეს, ამ ქვეყნისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. არადამახასიათებელი კი ის არის, რომ გაყრის წინააღმდეგმა ქმარმა, დასჯის მიზნით, ცოლი კი არა, თავის ღვიძლი შვილები დახოცა.
ქ
ალებზე ძალადობა, რომელიც უმეტესად ლეტალურად სრულდება, თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემაა. მხოლოდ 2017 წელს 238 ქალი და 4 გოგონა მოკლეს. ამგვარი შემთხვევები წლიდან წლამდე მატულობს და სულ უფრო შემაშფოთებელ ფორმებს იღებს.
ქალების დაცვით დაკავებულმა რამდენიმე საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ შექმნა ვებგვერდი www.kadincinayetleri.org (თარგმანში „ქალების მკვლელობა“), სადაც წარმოდგენილია ქვეყანაში ქალების მკვლელობის სტატისტიკა, მკვლელების ვინაობა, და ასევე მიმდინარეობს ამ მკვლელობების მიზეზების გამოძიება.
CNN Türk ამ ვებგვერდზე დაყრდნობით წერს, რომ 2010-იდან 2017 წლამდე ქვეყანაში 1,915 ქალი მოკლეს. ქალების 62 პროცენტი (1,193) ქმრის ან შეყვარებულის მიერ არის მოკლული. კიდევ 213 ქალი მამებმა, ვაჟიშვილებმა ან ძმებმა მოკლეს, 114 ქალი კი მამრობითი სქესის სხვა ნათესავების ხელით არის მკვდარი.
მკვლელობების მიზეზები ცალკე აღწერას იმსახურებს. სულ ცოტა, 395 მკვლელობა ჩადენილია მას შემდეგ, რაც ქალი გაყრის ან დაშორების სურვილს გამოთქვამს. დანარჩენ შემთხვევებში უფრო ხშირია სავარაუდო ღალატი ან ეჭვიანობა, თუმცა ასევე სახელდება ამგვარი მიზეზებიც: „საჭმელს ტომატის პასტას ამატებდა“, „მამაკაცური ღირსება შეულახა“, „ქმარზე ჩიოდა“ და „ტელეფონის პაროლის დასახელება არ სურდა“.
მოკლული ქალების უმეტესობა – 751მსხვერპლი – 26-დან 40წლამდე ასაკის იყო. მეორე ადგილზე 40-დან 55 ასაკამდე ქალები არიან.
2018
წლის იანვარში თურქეთში გახსნენს მკვლელობა, რომელიც 2017 წლის მარტში ვანის ოლქში მოხდა. მაშინ 18 წლის გ. ა.-ს გვამი, რომელსაც დანით 32 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, უდაბურ ადგილას აღმოაჩინეს. გოგონას ახლობლებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ მას ყოფილი შეყვარებული ემუქრებოდა. ახალგზარდა მამაკაცი დააკავეს, მაგრამ სამი თვის შემდეგ გამოძიებამ ის უდანაშაულოდ ცნო.
15 იანვარს ვანის სამართალდამცველებმა ეს ადამიანი და მისი სამი მეგობარი ისევ დააკავეს. ამჯერად მკვლელმა დანაშაული აღიარა.
მისი ნაამბობით, ის და გ. ა. უდაბურ ადგილას სეირნობდნენ, როდესაც მან გოგონას ხუმრობით სილა გააწნა. პასუხად გოგონამ მას გარდაცვლილი დედა შეაგინა, რამაც ახალგაზრდა მამაკაცი წყობიდან გამოიყვანა და მან ახალგაზრდა ქალს დანით ჭრილობები მიაყენა; შემდეგ შემთხვევის ადგილას თავის სამი მეგობარს სთხოვა მისვლა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ის მართლაც მკვდარი იყო. ამის შემდეგ მათ იქაურობა დატოვეს.
2017
წლის 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის ლიკვიდაციისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თურქეთის ფსიქიატრიის ცენტრმა განცხადება გააკეთა:
„ძალადობა გარდაუვალი არ არის, მისი აღკვეთა შესაძლებელია, და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გოგონების სიცოცხლისთვის“.
ცენტრში მიაჩნიათ, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად მთელი საზოგადოება და სახელმწიფო უნდა გაერთიანდეს. მათი აზრით, მედია და რეკლამის შემქმნელები სექსიზმის პროპაგანდას ეწევიან, და რომ, რელიგია მამაკაცების მიერ ქალებზე ძალადობის გასამართლებლად გამოიყენება.
„სახელმწიფოები ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებს არ ასრულებენ. არადა, საზოგადოების ყველა ფენა უნდა გაერთიანდეს. უნდა ჩატარდეს სქესთა შორის თანასწორობის კამპანიები, სკოლებში კი ტრენინგები – მოსწავლეებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც. უნდა განხორციელდეს ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელის შემწყობი პროექტები“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
„პრობლემის გადაწყვეტის გავრცელებული ფორმაა – მოძალადესა და ძალადობის მსხვერპლ ქალს შორის ქორწინება და ხშირად ეს არასრულწლოვანი გოგონაა ხოლმე. ასეთ შემთხვევაში, მოძალადეს სასჯელი უმსუბუქდება. თუმცა, ეს არავითარ ლოგიკასა და მორალს არ შეესაბამება!“ – ამბობს ცნობილი თურქი ფსიქიატრი არიფ ვერიმლი.
თურქეთის ფსიქიატრიის ცენტრი დღეს საზოგადოებას სთავაზობს, მხარი დაუჭიროს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მის ინიციატივას. შეთავაზებული ცვლილებებიდან მთავარია შემდეგი:
• ქალების მკვლელობის დროს „შემარბილებელ გარემოებად“ არ მიიღებოდეს ისეთი მიზეზი, როგორიცაა „უსამართლო პროვოკაცია“;
• გაუქმდეს სასჯელის შერბილება მოძალადის მსხვერპლზე დაქორწინების შემთხვევაში;
• მუფტებს ჩამოერთვათ ოფიციალური ქორწინების გაფორმების უფლება.