კომენტარი: სამხრეთ ოსეთის მილიციაში დაღუპული საქართველოს მოქალაქე - დივერსანტი თუ მსხვერპლი?
ონლაინ პორტალ „ეხო კავკაზას“ პუბლიკაცია
სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის ომის დროს “ოსების გენოციდში” მონაწილეობასა და რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების წინ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დივერსიის მომზადებაში იყო ეჭვმიტანილი.
სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის (КГБ) ცნობით, არჩილ ტატუნაშვილი აღნიშნულმა სამსახურმა ხუთშაბათს, ლენინგორის რაიონში ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების დროს დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, ის ცხინვალში გადაიყვენს.
„ცხინვალის საგამოძიებო იზოლატორში გადაყვანისას მან სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და ბადრაგს იარაღის ბუდიდან პისტოლეტი გამოსტაცა. ტატუნაშვილის განსაიარღებლად და მისი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღსაკვეთად უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რა დროსაც დაკავებულმა ტრავმები მიიღო, წაიქცა და კიბიდან დაგორდა“, – ნათქვამია უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მოგვიანებით ტატუნაშვილს განუვითარდა სუნთქვის უკმარისობა და ის რესპუბლიკურ-სომატურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის ორ საათში გარდაიცვალა.
ა
რჩილ ტატუნაშვილი წარმოშობით სოფელ ყანჩავეთიდან არის, რომელიც ლენინგორიდან 7-8 კილომეტრში მდებარეობს. სულ ცოტა ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას თავის ორ კომპანიონთან – ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად, საქართველოდან სამხრეთ ოსეთში ბოსტნეული ჩაჰქონდა.
22 თებერვალს დილით ბოსტნეულის სამივე გამყიდველი საბაჟო პუნქტზე დააკავეს. გაურკვეველია, რა მოხდა. შესაძლოა, მებაჟეებთან კამათი მოუვიდათ. როგორც ამბობენ, ამ ბოლო დროს ბოსტნეულის გამყიდველებისთვის საზღვარზე ხარჯი ძალიან გაიზარდა – ოფიციალური გადასახადის გარდა, მათ ძველებური არაფორმალური ქრთამის გადახდაც უწევთ. იქნებ რომელიმე მათგანმა თავი ვერ შეიკავა.
ეს ადრეც მომხდარა.
მაგალითად, ლენინგორის რაიონის კიდევ ერთი მაცხოვრებლის, დავით ბაშარულის შემთხვევაში.
ამიტომაცაა, რომ ერთი ტრაგედიის გამოძიების მაგალითზე, სხვა ტრაგედიის შესახებ გაკეთებული ოფიციალური განცხადებები ეჭვს იწვევს. არც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ვერსია გამოიყურება დამაჯერებლად, და აი, რატომ:
პირველი არგუმენტი
უშიროება აცხადებს, რომ ტატუნაშვილი ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების დროს დააკავეს. ეს, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებლად ჟღერს, რადგან ამ ადამიანს არანაკლებ ორი წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთში ბოსტნეული ჩაჰქონდა, მას ჰქონდა საშვი, რომელიც სხვათა შორის, უშიშროებიდან გადასცეს, მას შემდეგ, რაც მისი ვინაობა შეამოწმეს.
პრეს-რელიზში მითითებულია: „დაკავებულის პირადი ნივთების დათვალიერების დროს აღმოჩენილია ყალბი სამხრეთ ოსური დოკუმენტები, ქართული პირადობის მოწმობა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის სავიზიტო ბარათი…“
ანუ, გამოდის, რომ ის ყალბი სამხრეთ ოსური საბუთებით მოგზაურობდა? მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან საზღვარს ვინც კვეთს, ყველას მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით ამოწმებენ. თუ თქვენ სამხრეთ ოსური საბუთი არ მოგცეს, ესე იგი, თქვენ ამ ბაზაში არ ხართ და ეს საბაჟო პუნქტზე მაშინვე ცხადი ხდება.
აშკარაა, რომ ამ ორი წლის განმავლობაში მისი დაკავება არაერთხელ შეეძლოთ, თუ საამისო მიზეზი ექნებოდათ. მით უმეტეს, რომ მას თავის ვინაობა არ დაუმალავს. გარდა ამისა, ძნელად წარმოსადგენია, რომ სამხედრო დანაშაულების ჩამდენმა ადამიანმა, თანაც პატარა რესპუბლიკაში, აი ასე, უბრალოდ გადაკვეთოს სამხრეთ ოსეთის საზღვარი, თან ყოველდღიურად და გამოაშკარავების შიშის გარეშე.
მეორე არგუმენტი:
ის მართლაც მსახურობდა ერაყის ბატალიონში, მაგრამ 2008 წლის ომში მონაწილეობა არ მიუღია. საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ანალიტიკოსი ოლესია ვართანიანი, რომელიც აგვისტოს ომის დროს ჟურნალისტად მუშაობდა, ამბობს, რომ ერაყის ბატალიონის მეომრები, რომლებსაც იგი არაერთხელ შეხვედრია, საქართველოში მხოლოდ საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ გადაისროლეს და ამ ბატალიონის წევრებს უშუალოდ აგვისტოს ომში მონაწილეობა არ მიუღიათ:
„ერაყის ბატალიონის ნაწილი საქართველოში აგვისტოს ომის დროს ჩავიდა, თუმცა უკვე აქტიური საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ქართული ჯარის კონფლიქტის ზონიდან გასვლიდან ორი დღის შემდეგ, როდესაც რუსეთის ჯარი უკვე გორში იყო. ეს ყველაფერი ასე კარგად იმიტომ მახსოვს, რომ თბილისის მახლობლად ამ ბატალიონის ბიჭებს შევხვდი“.
მესამე არგუმენტი
უშიშროების სამსახურის პრეს-რელიზში ნათქვამია:
„ცხინვალის საგამოძიებო იზოლატორში გადაყვანისას მან სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და ბადრაგს იარაღის ბუდიდან პისტოლეტი გამოსტაცა. ტატუნაშვილის განსაიარაღებლად და მისი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღსაკვეთად უშიშროების თანამშრომლებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რა დროსაც დაკავებულმა ტრავმები მიიღო, წაიქცა და კიბიდან დაგორდა“.
ანუ, გამოდის, რომ საშიში დივერსანტი ბადრაგს ბორკილების გარეშე გადაჰყავდა? ეს საინტერესოა. აი, მაგალითად ცხინვალის მაცხოვრებელი დმიტრი კალოევი, რომელიც გადატანილი ოპერაციების შემდეგ ნახევრად ცოცხალ მდგომარეობაში იყო, სასამართლოზე ბორკილებდადებული მიიყვანეს, ღონიერი დივერსანტი კი – უბორკილოდ – და შემდეგ კიბეზე დაგორდა?
რუსეთში უკვე ბერჯერ მაქვს გაგონილი დაკითხვის დროს დაცემის ამბავი. ერთხელ ერთი გამომძიებელი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ ეჭვმიტანილმა ფანქარს ხელი სტაცა და კისერში უკნიდან შეირჭო. მოგვიანებით ამ ეჭვმიტანილმა მიამბო, რომ ელექტროშოკით აწამებდნენ, მაგრამ გაერთნენ და ზედმეტი დენი მოუვიდათ, რისგანაც კანის ქსოვილი გასკდა. მილიციონერებმა ჭრილობა ფანქრით ამოუჩიჩქნეს და ეჭვმიტანილი აიძულეს, ხელი მოეწრა განცხადებისთვის, თითქოს მან ჭრილობა თავად მიიყენა.
რასაკვირველია, პრეს-რელიზის მონაცემების უარყოფისთვის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ ჩვენ არაერთხელ ვყოფილვართ იმის მომსწრე, თუ ამგვარი იძულებითი წერილებით როგორ ამართლებდნენ დაკავებულების ცემას. ტატუნაშვილის სიკვდილის შესახებ ამ ეჭვების გაფანტვა მხოლოდ დამოუკიდებელ ექსპერტიზას შეუძლია. თუკი ცხონვალის უშიშროება არ ცრუობს, მაშინ გარდაცვლილის გვამის საქართველოში მისი ნათესავებისთვის არგადაცემის მიზეზიც არ არსებობს, ამბობს ოლესია ვართანიანი:
„თუკი გარდაცვლილის გვამს საქართველოს გადასცემენ, სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდება და ნებისმიერ შემთხვევაში ყველა გაიგებს, თუ რისგან დაიღუპა ის. სამხრეთ ოსეთის მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გამოძიების ნება გამოავლინოს. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ მაშინვე გაჩნდა თავის მართლების მცდელობა, თითქოს ის ომში მონაწილეობდა, ჩნდება ეჭვი, რომ ცხინვალში ეფექტური გამოძიების ჩატარების ნება არ არსებობს“.
მეოთხე არგუმენტი
ახლა გარდაცვლილის გენოციდში დადანაშაულების შესახებ. უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ დირექტორი კირილ კოროტეევი ამბობს, რომ პრინციპში, გენოციდში ერთი ადამიანის დადანაშაულებაც კი შეიძლება, თუმცა ამის დამტკიცება ძალიან რთულია:
„ასეთი პროცესები ყოფილა. მაგალითად ტეონესტე ბაგასორას, რუანდას ჯარის ყოფილ პოლკოვნიკს, რუანდასთან დაკავშირებული საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი 1994 წელს ტუტსის უმცირესობის მიმართ განხორციელებული გენოციდის გამო. შეიძლება რადოვან კარაჯიჩის საქმეც გავიხსენოთ. ანუ ეს ერთეული შემთხვევა არ არის. სხვა საკითხია, რომ გენოციდის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ერთ-ერთი ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურება. ამის დამტკიცება კი ძალიან რთულია. არარეალურია და შუძლებელია გენოციდში სერიოზული ბრალდების წაყენება მხოლოდ კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის შეიარაღებულ ძალთა რიგებში ყოფნის გამო. აუცილებელია სახეზე იყოს კონკრეტული ქმედებები – თუკი ჩვენ დაბალი რანგის სამხედროებზე ვლაპარაკობთ, ხოლო თუ სარდლობას ვგულისხმობთ – ცოდნა და წინააღმდეგობის არგაწევა.
ანუ უშიშროებას, იმისთვის, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანის მკვლელობის ბრალდება უარყოს, გარდა უშუალოდ გვამისა, მისი ბრალეულობის დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს, შესაძლოა, გენოციდის თემაზე სპეკულაციად იქნას აღქმული, რაც ყველაფრის მიღმა, ოსეთის ტრაგედიის თემასაც აუფასურებს და მას პოლიტიკურ თამაშად აქცევს.
ოდნავ მოგვიანებით გაჩნდა უშიშროების სამსახურის კიდევ ერთი პრეს-რელიზი, რომელშიც ტატუნაშვილის მიმართ ბრალდებებმა იმატა:
„მას აღმოაჩნდა ოთხი ქართული ქვედანაყოფის სია, სადაც 30-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის პირადი მონაცემები, წოდებები და მისი ხელმძღვანელობისა და სამხედრო-სასწავლო ცენტრის კონკრეტული ტელეფონები იყო ჩამოწერილი. თავად ის დივერსიული ჯგუფის პირველ ათეულში ირიცხებოდა. მის ხელთ არსებული საბუთები სამხრეთ ოსეთში პროვოკაციის მომზადების შესახებ გეგმებს ადასტურებს“.
საინტერესოა, ოდესმე თუ მომხდარა, რომ დივერსანტმა დავალებაზე თან ატაროს სამხილების მთელი კომპლექტი, რომელიც შეიძლება ითქვას, მასაც და მთელ მის ჯგუფსაც ააშკარავებს? ალბათ, ასეთი რამ პირველად ხდება.