საქართველო: რატომ არ უნდათ სტუდენტებს აუდიტორიებში დაბრუნება?
სტუდენტები ჰიბრიდულ სწავლებას ითხოვენ
ორწლიანი დისტანციური სწავლების შემდეგ, საქართველოს ბევრ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ჰიბრიდული რეჟიმით განახლდა – ანუ სტუდენტს შეუძლია აირჩიოს – ონლაინ გაარძელოს სწავლა თუ აუდიტორიაში. გამონაკლისი ქვეყნის მთავარი სახელმწიფო სასწავლებელი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) აღმოჩნდა, რომელიც 2 მაისიდან სრულად გადავიდა აუდიტორიებში სწავლების რეჟიმზე.
ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ორი წელია ერთმანეთს ეკრანებიდან ეკონტაქტებიან, სწავლის აუდიტორიებში განახლება, წესით, სასიხარულო ამბავი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ასე არ აღმოჩნდა ყველასთვის – სტუდენტების ნაწილი თსუ-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და სწავლების ჰიბრიდულ, ანუ შერეულ რეჟიმს ითხოვს.
საქამე იმაშია, რომ პანდემიის დროს, ვინაიდან სწავლა ონლაინ იყო, რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები დიდი ნაწილი საკუთარ რაონებში დაბრუნდა. თსუ-ში 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი რეგიონების მაცხოვრებლები არიან. ახლა ისინი ამბობენ, რომ ასეთ მოკლე დროში თბილისში დაბრუნება და ბინის დაქირავება გაუჭირდებათ. მით უფრო, რომ უკრაინის ომის შემდეგ, რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსული დიდი რაოდენობით მოქალაქეების გამო, თბილისში ბინის ქირა მნიშვნელოვნად გაძვირდა.
_________________________
20 წლის ანა თურმანიძე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობს, თუმცა აუდიტორიაში ლექციაზე არასდროს ყოფილა.
სტუდენტობა მისი ოცნება იყო, რომელიც პანდემიამ ნაწილობრივ წაართვა. ახლა, როდესაც სწავლა აუდიტორიებში განახლდა, ანას ფინანსური მდგომარეობა აბრკოლებს – ბინის ქირა თბილისში ძალიან ძვირია და მას ანას ოჯახი ვერ გაწვდება.
თუ უნივერსიტეტი გადაწყვეტილებას არ შეცვლის და ჰიბრიდულ რეჟიმს არ დაუშვებს, ანასთვის ერთადერთი გამოსავალი ლექციების გაცდენა, მასალების დამოუკიდებლად დამუშავება და თბილისში მხოლოდ გამოცდებზე ჩამოსვლა იქნება.
● საქართველოს ახალგაზრდა აზერბაიჯანელები – თაობა, რომელიც არ დუმს
● რა ელის ქართულ ენას გალის სკოლებში – რეპორტაჟი კონფლიქტის ორივე მხრიდან
● როგორ ხვდება საქართველო რუსეთიდან და ბელარუსიდან ემიგრანტებს
„თუ მოვახერხე, ამ შემთხვევაშიც შორეულ ნათესავთან უნდა დავრჩე. ძალიან რთულია ვინმეს დააწვე ტვირთად ორი თვის განმავლობაში. ბევრია ისეთი სტუდენტიც, რომელსაც ნათესავიც არ ჰყავს თბილისში“.
ანას სტუდენტობა სხვაგვარად წარმოედგინა, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა:
„ჰიბრიდულ რეჟიმს ვინც ვითხოვთ, არ ნიშნავს რომ აუდიტორიებში მისვლა არ გვინდა. ჩემთვის პირადად უნივერსიტეტი ჯერ კიდევ ახალია, დიდი სურვილი მაქვს მივიდე და გამოვცადო სტუდენტობა – თანაკურსელები გავიცნო, ლექტორებთან პირადად ურთიერთობა მქონდეს“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აუდიტორიებში სწავლა 2 მაისიდან განაახლა. მიზეზად განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ასახელებენ.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში JAMnews-ს უთხრეს, რომ სტუდენტები ორი თვით ადრე გააფრთხილეს.
თსუ ამ ეტაპზე ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელსაც ჰიბრიდული სწავლება არ აქვს. ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, იქ 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.
ანა თურმანიძე ამბობს, რომ ბინა მისთვის მისაღებ ფასად რომც იპოვოს, სემესტრის დასრულებამდე ორი თვეღა დარჩა და არდადეგებზე ისევ ბათუმში უნდა დაბრუნდეს. მეპატრონეები კი ბინებს მინიმუმ 6 თვით აქირავებენ ანუ დამატებით ოთხი თვის ქირა უნდა გადაიხადოს საცხოვრებელში, რომელშიც არ იცხოვრებს.
უნივერსიტეტი სტუდენტებს საერთო საცხოვრებელს სთავაზობს — ლისზე ან ბაგებში. თსუ-ში ამბობენ, რომ ლისის საერთო საცხოვრებელი 320-ადგილიანია, ხოლო ბაგებში 396 სტუდენტის განთავსებაა შესაძლებელი. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ათეული თავისუფალი ადგილი აქვთ. ანას ვკითხეთ, რატომ არ აქვს იქ გადასვლის სურვილი.
„უნივერსიტეტშიც დაინტერესდნენ, რატომ არ ვრეგისტრირდებით სტუდენტები საერთო საცხოვრებელში, როცა თავისუფალი ადგილები დარჩენილია. თქვენ გინახავთ ეს საერთო საცხოვრებლები?” — გვეკითხება ანა.
„რაც აქ ვცხოვრობ, ყოველ კვირა რაღაც იწვის”
ბაგების საერთო საცხოვრებელი საბჭოთა დროინდელი ორი მაღალსართულიანი შენობაა. ზოგიერთ კედელს აქ იმხელა ბზარი აქვს, ეზოს დანახვა შეიძლება. ბათქაში ჩამოვარდნილია, ძველი პარკეტი კი ადგილ-ადგილ აყრილი. კედლებს ელექტროენერგიის გაშიშვლებული სადენები მიუყვება და რამდენიმე ადგილას შავ ლაქებს ტოვებს – ეს მოკლე ჩართვების კვალია, რაც აქ მცხოვრებთა უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
აბაზანა და საპირფარეშო აქ საერთოა, სამზარეულო კი საერთოდაც არ არის. ზოგიერთი სტუდენტი ოთახში ცდილობს საჭმლის მომზადებას, ზოგი ამისთვის აივანს იყენებს.
თსუ-შიც აღიარებენ, რომ ბაგების საერთო საცხოვრებლი არ არის იდეალური ადგილი სტუდენტობის გასატარებლად.
როგორც უნივერსიტეტში გვითხრეს, საერთო საცხოვრებლის ორივე კორპუსი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეამოწმა და დაასკვნა, რომ ეს შენობები „სერიოზულ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს“. თუმცა, რემონტი იმდენად ძვირი იქნება, ახალი შენობების აშენება სჯობს.
უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ კორპუსები წლების მანძილზე მათ ბალანსზე არ იყო, რაც აღდგენითი და სარემონტო სამუშაოებისთვის „მნიშვნელოვან შეფერხებას“ ქმნიდა. მათი ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობის დასაწყებად.
19 წლის მარიამ გულუა ბაგებში დაახლოებით ერთი წელია ცხოვრობს და თვეში 50 ლარს იხდის. მანამდე რამდენჯერმე ბინაც იქირავა, თუმცა აუდიტორიებში სწავლის დაწყების გადაწყვეტილება პანდემიის გამო ხშირად იცვლებოდა და ბინის მეპატრონეებთან პრობლემები შეექმნა, ამიტომ ისევ სახლში, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოუწია დაბრუნება. ბოლოს საერთო საცხოვრებელში გადმოვიდა. ამბობს, რომ საიტზე ფოტოები არ იყო და ლისის კორპუსების მსგავს სიტუაციას ელოდა.
„რაც აქ ვცხოვრობ, ყოველ კვირა რაღაც იწვის. რამდენიმე დღის წინ ნათურა ამიფეთქდა, ასევე, დამტენი დადნა და შუალედურებს ვერ ვესწრებოდი, სანამ კომპიუტერი მეზობელმა არ მათხოვა“.
მარიამი ახლა აქტიურად მონაწილეობს სტუდენტების აქციებში, სადაც თსუ-ს ხელმძღვანელობისგან ჰიბრიდულ სწავლებას ითხოვენ.
მარიამი ამბობს, რომ 18-19 წლის სტუდენტისთვის, რომელიც ხშირად მშობელზე არიან დამოკიდებული, ბინის ქირის გაზრდილი საფასურის გადახდა ფაქტობრივად შეუძლებელია. ამას ემატება კვება, სწავლის გადასახადი და სხვა ხარჯები. მარიამი ითხოვს, უნივერსიტეტმა გაითვალისწინოს სტუდენტების საჭიროებები.
„უნივერსიტეტი არის სტუდენტები. უნივერსიტეტი არ არის რექტორატი, არ არის ჯავახიშვილის ფოტოები ან შენობის ფასადი. ქვეყნის პირველმა უნივერსიტეტმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ სტუდენტებზე მორგებულია, უნდა გაითვალისწინოს მათი მოთხოვნები და საჭიროებები“.
ევროპული სტანდარტის სტუდენტური საცხოვრებელი
თსუ-ს ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მეორე სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც ლისზეა ასენებული, ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
ლისის საერთო საცხოვრებელში მართლაც უკეთესი პირობებია, ვიდრე ბაგებში.
აბაზანა და საპირფარეშო ყველა ოთახს თავისი აქვს, საერთოა სამზარეულო და სამრეცხაო. ჩვენი მასპინძელი, სტუდენტი სოფი მალაშხია გვიყვება, რომ ყოველ დღე დამლაგებელიც მოდის და საერთო სივრცეებს ალაგებს, თუმცა რამდენჯერმე შენიშნეს თაგვი, ერთხელ ოთახშიც.
ინტერვიუს დროს მძაფრი საჭმლის სუნი ვიგრძენით და სოფი გვითხრა, რომ მართალია, სამზარეულოში გამწოვი არის, მაგრამ არ მუშაობს, ამიტომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. ფანჯრის დაზიანებული საკეტის გამო, ოთახში ქარის ხმაც ხშირად შემოდის.
სოფი ზუგდიდიდანაა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს, უკვე ერთი წელია ლისის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს და ყოველთვიურად 150 ლარს იხდის. ამბობს, რომ აქამდე სამი წლის განმავლობაში ბინას ქირაობდა და ასეთი პირობების საცხოვრებელს 150 ლარად ნამდვილად ვერ იპოვიდა.
„თუმცა თსუ-ს განაცხადი, რომ ეს აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, ცოტა გადაჭარბებული მგონია. მაგალითად, ამბობენ, რომ აქ არის ბიბლიოთეკა. ერთი წელია აქ ვცხოვრობ და თვალით არ მინახავს. უნდა იყოს კაფეტერია, ვიცი, რომ არსებობს ოთახიც, მაგრამ ღია არასდროს მინახავს“.
სოფი ამბობს, რომ საცხოვრებლის მესამე კორპუსში, რომელიც 2017 წლიდან დაკეტილი იყო, ახლა ძველი ავეჯი შეიტანეს და ამბობენ, რომ სტუდენტებიც შემოჰყავთ. ოთახების უმეტესობა აქ დაკეტილი დაგვხვდა, თუმცა ერთ-ერთის დათვალიერება შევძელით. სხვა ოთახების ფოტოები სოფიმ მოგვაწოდა.
„ამ ბოლო დროს ბევრს ჰქონდა შემთხვევა, როცა უკვე ნაქირავები ბინიდან გაუშვა მეპატრონემ, რადგან უფრო მეტის გადამხდელი კლიენტი იშოვა. გარდა ამისა, ამ ორი წლის განმავლობაში, ზოგი დასაქმდა რეგიონში, რადგან დისტანციური სწავლების დროს ამას ახერხებდა. შუა სემესტრში ამ ცვლილებით ბევრს ეშლება ხელი“.
სოფი გვიყვება, რომ ცალკეული ლექტორები მზად არიან დამატებით ზუმითაც ჩაატარონ ლექციები იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, თუმცა არ არიან დარწმუნებულები, რომ უნივერსიტეტი ამის უფლებას მათ მისცემს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამბობენ, რომ უკვე გამოაცხადეს აუქციონი მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამი ათას სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით.
„სტუდენტური კამპუსის მშენებლობა გაცილებით ადრე დაიგეგმა, თუმცა მის განხორციელებას ხელი პანდემიამ შეუშალა“, — აღნიშნავენ უნივერსიტეტში.
მეორეკურსელმა ანი ნოდიამ ჯერ არ იცის, როგორ პირობებში იცხოვრებს.
ის აქამდე ლექციებს სახლიდან, ფოთიდან ესწრებოდა. თბილისში ბინას ახლაც ეძებს, თუმცა ამბობს, რომ აუცილებელი ავეჯით და ტექნიკით აღჭურვილი იმდენად ძვირი ღირს, მარტო ვერ გადაიხდის და იმედი აქვს, სხვა სტუდენტთან ერთად შეძლებს ქირაობას.
„ალბათ მოვახერხებ ბინის ქირაობას, მაგრამ ვიცხოვრებ სწავლისთვის შეუფერებელ გარემოში და ორმაგი ხარჯი მექნება. თუ ვერ შევძელი, მომიწევს საიტზე გამოქვეყნებული მასალებით დამოუკიდებლად ვისწავლო და იმ ლექტორებს მოვუსმინო, რომლებიც გამოიჩენენ გულისხმიერებას, ხოლო შემდგომ უკვე მივიდე ფინალურზე“.
რას ამბობენ უნივერსიტეტში
თსუ-ში ამბობენ, რომ 2 მაისს სწავლა განახლდა და აუდიტორიებში სტუდენტების დასწრების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.
თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში გვითხრეს ისიც, რომ „ინდივიდუალურად გაეწევათ დახმარება“ იმ სტუდენტებს, რომლებიც სასწავლო პროცესს სრულფასოვნად სოციალური თუ სხვა სახის პრობლემის გამო ვერ ესწრებიან.
„მათ პროფესორ-მასწავლებლები სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით მიაწოდებენ სასწავლო მასალას, გაუწევენ კონსულტაციებს, რათა შეძლონ გაზაფხულის სემესტრის წარმატებით დასრულება“.
ქეთი ბახტაძე, რომელიც სტუდენტების აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ამბობს, რომ თსუ-ს გადაწყვეტილება არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ განათლების უფლებას. ის საუბრობს სტუდენტებთან კომუნიკაციის პრობლემაზე და მაგალითად მოჰყავს ის ფაქტი, რომ სწავლის აუდიტორიაში გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა ფეისბუკით გაავრცელა.
„უნივერსიტეტი არ იცნობს საკუთარ სტუდენტებს, არ იკვლევს მათ სოციალურ მდგომარეობას, საჭიროებებს, არ ეკონტაქტება მათ ღირსეული გზებით“.
ქეთი ბახტაძე ამბობს, რომ არსებობს 800-ზე მეტი ხელმოწერა იმ სტუდენტების, რომლებიც ჰიბრიდულ რეჟიმს ითხოვენ, თუმცა უნივერსიტეტი არ მიდის დათმობაზე. მისი თქმით, უნივერსიტეტს არ სურს, დაუშვას პრეცედენტი და სტუდენტების სამართლიანმა პროტესტმა გამოიღოს კონკრეტული შედეგი.
„მერე ეს გამოიწვევს სტუდენტური მოძრაობების მოძლიერებას, რაც, რა თქმა უნდა, არ შედის უნივერსიტეტის დღევანდელი მმართველების ინტერესებში. ძალიან გულსატკენია ის, თუ რას დაემსგავსა უნივერსიტეტი მთელი ამ წლების განმავლობაში“.
განათლების ექსპერტი, შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, უნდა ამოდიოდეს განათლების ხელმისაწვდომობის და სტუდენტების ინტერესების პრონციპიდან.
„თუ განათლების ხელმისაწვდომობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თუნდაც მცირე რაოდენობის სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტმა ორიენტირი ამ სტუდენტებზე უნდა გააკეთოს“.
მისი თქმით, თსუ-ს წარმომადგენლები, ნაცვლად იმისა, რომ საუბრობდნენ, რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რატომ არ მოემზადნენ ჰიბრიდული რეჟიმისთვის, აქცენტს აკეთებენ იმაზე, რამდენად უფრო სასარგებლოა აუდიტორიული სწავლება.
„ამას არც არავინ ედავება უნივერსიტეტს. ედავებიან იმას, რატომ არ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ შექმნიდა ხელმისაწვდომობის პრობლემას.“
შალვა ტაბატაძე აღნიშნავს, რომ თსუ-ს აქვს საკმაოდ მაღალი ბიუჯეტი და სწორი მენეჯმენტის პირობებში ჰიბრიდული სწავლების უზრუნველყოფა შესაძლებელი იყო. არასწორი მენეჯმენტის ერთ-ერთ მაგალითად ის ასახელებს ზუმის პლატფორმაზე ხელმისაწვდომობის პრობლემას მოწვეული პროფესორებისთვის.
„პროფესორები ან საკუთარი თანხით იხდიდნენ ამას, ან სხვა მექანიზმებს პოულობდნენ ლექციების ჩასატარებლად. თსუ-ს ბიუჯეტი ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლეოდა და სტუდენტების პრეტენზია სწორია, რომ საუნივერსიტეტო თანხები არ იხარჯებოდა მათი ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც ზუმის პლატფორმის, ისე ჰიბრიდული რეჟიმის კონტექსტში, რათა ხელმისაწვდომობას არ შეჰქმნოდა პრობლემა“.
თსუ-ში გამართული რამდენიმე აქციისა და შენობაში სტუდენტების ნაწილის მიერ ღამის გათევის შემდეგ, განცხადება გაავრცელა განათლების სამინისტრომ. უწყება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, მაქსიმალურად გაითვალისწინოს სტუდენტების მდგომარეობა – უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებელში თავისუფალი ადგილების ათვისება, მათი განთავსება და 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება. ( უნივერსიტეტები საკუთარი ავტონომიურობის ფარგლებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით თავადვე იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს). 11 მაისს სტუდენტებს შეხვდა რექტორი, თუმცა ჯერ უცნობია, შეიცვლება თუ არა უნივერსიტეტის გადაწყვეტილება.
სტუდენტები ჰიბრიდულ სწავლებას ითხოვენ