ბაქოში ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის გამო სიკვდილით დაემუქრნენ
აზერბაიჯანში ჟურნალისტს, მისი პროფესიული საქმიანობის გამო, უცნობი მამაკაცი მოკვლით დაემუქრა. დაზარალებული აიტენ მამედოვა ამბობს, რომ მამაკაცმა მას ყელზე დანა მიაბჯინა და მოსთხოვა, რომ რომელიღაც [უცნობია რომელ] სასამართლო პროცესზე არაფერი დაეწერა.
რა მოხდა?
2022 წლის 8-9 მაისის ღამეს, ბაქოში, სახლში დაბრუნებისას, ჟურნალისტ აიტენ მამედოვას ლიფტში თავს დაესხნენ. უცნობმა კაცმა, რომელიც ლიფტში ჟურნალისტის შემდეგ შევიდა, ჟურნალისტს ყელზე დანა მიადო და დაემუქრა. მოსთხოვა, “ჭკვიანად მოქცეულიყო” და რაღაც სასამართლო პროცესის შესახებ არაფერი დაეწერა
„კისერში ხელი წამავლო და მტკივნეულად მომიჭირა, დანა მომაბჯინა. მეუბნებოდა, რომ არ დამეწერა სასამართლო პროცესზე. მემუქრებოდა, ჩემს ქალიშვილს მახსენებდა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რომელ საქმეს გულისხმობდა”, – განუცხადა ჟურნალისტმა შემთხვევის ადგილზე მისულ კოლეგებს.
აიტენ მამედოვა იმ სასამართლო პროცესებს აშუქებს, რომელთა მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. ასევე, ის ცნობილია სასამართლო განხილვისას სისხლის სამართლის საქმეების ფარული დეტალების გამოძიებით. ამ ინფორმაციას ჟურნალისტი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზეც აზიარებს და საზოგადოების ყურადღებას სკანდალური სასამართლო პროცესების საეჭვო ასპექტებზე ამახვილებს.
ბოლო დროს აიტენ მამედოვა ტოვუზის რაიონის სოფელ დონდარ გუშჩუში მცხოვრები, ათი წლის ნარმინ გულიევას მკვლელობის სასამართლო პროცესებზე წერდა. ჟურნალისტი და მისი ახლო გარემოცვა დარწმუნებულია, რომ თავდასხმა სწორედ ამ საქმეს უკავშირდება.
ათი წლის ნარმინის მკვლელობა
არასრულწლოვანი ნარმინი 2019 წლის ნოემბერში გაუჩინარდა. 2020 წლის იანვარში, სოფელში, სადაც ის ცხოვრობდა, გოგონას დამწვარი ცხედარი აღმოაჩინეს. მკვლელობის ბრალდებით ადგილობრივი მცხოვრები, 1973 წელს დაბადებული ილკინ სულეიმანოვი დააკავეს.
გასული წლის მაისში ილკინ სულეიმანოვმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ ის აწამეს და აიძულეს მკვლელობა ეღიარებინა.
პროცესის განმავლობაში მოწმეთა ჩვენებებში ბევრი არათანმიმდევრულობა იყო. ამ საქმეში რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის სახელი იკვეთება, მათ შორის ტოვუზის რაიონის პოლიციის ყოფილი უფროსის.
მას შემდეგ, რაც ნარმინის მკვლელობა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული წინააღმდეგობები საჯარო გახდა, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვნა. საქმე ჩვეულებრივ დანაშაულს გასცდა.
ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
თავდასხმისთანავე ჟურნალისტი პოლიციას დაუკავშირდა. შემთხვევის ადგილზე სწრაფად მისულმა სამართალდამცავებმა აიტენ მამედოვას ჩვენება ჩამოართვეს, მეორე დილით მას სამედიცინო გამოკვლევაც ჩაუტარდა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტს ყელზე დანის წვერის კვალი აღენიშნებოდა.
აზერბაიჯანის შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 134-ე მუხლით (მკვლელობის ან მძიმე დაზიანების მიყენება) მუხლით არის აღძრული.
საზოგადოება სამართლიან სასამართლოს ითხოვს
უფლებადამცველმა ორგანიზაცია „დაცვის ხაზმა“, ჟურნალისტებთან ერთად, აიტენ მამედოვაზე თავდასხმის ფაქტზე პრესკონფერენცია გამართა.
„იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ფუნდამენტურ თავისუფლებებს ზურგი აქცია, ეს საქმე აზერბაიჯანში იმ პროცესის გაგრძელებად მიმაჩნია, რომელიც ელმარ ჰუსეინოვის მკვლელობით დაიწყო. [ჟურნალ “მონიტორის” რედაქტორი ელმარ ჰუსეინოვი 2005 წელს მოკლეს, დანაშაული ამ დრომდე არ გახსნილა_ JAMnews].
აზერბაიჯანულ ჟურნალისტიკაში პირველი ტყვია ელმარ ჰუსეინოვის საქმეზე გაისროლეს, შემდეგ რაფიგ თაგი და რასიმ ალიევი მოკლეს. ეს დანაშაულები ჯერ არ აგახსნილა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყველა ეს საქმე არის პოლიტიკური დაკვეთა მედიის გასაჩუმებლად. თუ აიტენ მამედოვაზე თავდასხმა, ისევე როგორც დასახელებული დანაშაულები არ გაიხსნება, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ილჰამ ალიევის მთავრობას, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს პრესის თავისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის“, – განაცხადა ჟურნალისტმა შამშად აღამ პრესკონფერენციაზე.
ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და ქვეყნის გენერალურ პროკურორს ღია მიმართვა მიმართა. მიმართვაში ნათქვამია:
„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ აიტენ მამედოვაზე თავდასხმა არის თავდასხმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. მის კისერზე მიბჯენილი დანა ყველა ჟურნალისტს აწვება. ვთხოვთ სახელმწიფოს მეთაურს და სამართალდამცავ უწყებებს, უზრუნველყონ ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება, დამნაშავე და მის უკან მყოფი პირების დაუყონებლივ გამოვლენა და დასჯა ჟურნალისტების მიერ პროფესიული საქმიანობის უსაფრთხოდ გაგრძელებისთვის“.