მოსაზრება: მოპარული გამარჯვების დღე
პუტინი და გამარჯვების დღე
უკრაინაში მიმდინარე სისხლიანი ომის მიუხედავად, რუსეთში წელსაც, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამხედრო აღლუმით აღინიშნება.
ეს თარიღი რუსეთის მთავარი სახელმწიფო დღესასწაულია, რომელიც დიდი ხანია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირად ბრენდად გადაიქცა.
ამასთან, მათ, ვინც საბჭოთა კავშირს მოესწრო, თუნდაც მხოლოდ ბავშვობაში, კარგად ახსოვს, რომ იმ დროს 9 მაისი საკმაოდ მოკრძალებული დღესასწაული იყო – ვეტერანებს ულოცავდნენ, ბავშვები გამოსვლებს ამზადებდნენ, ტელევიზიით საზეიმო გადაცემები გადიოდა.
მეორე მსოფლიო ომი, ან როგორც მას სსრკ-ში უწოდებდნენ, დიდი სამამულო ომი, მაშინ ფაქტობრვად სულ ჩვენს გარშემო იყო – ფილმები ომის შესახებ ტელევიზიით თითქმის ყოველდღე, სატელევიზიო გადაცემები, წიგნები, თითქმის მთელი უფროსი თაობა ცოცხალი ვეტერანები და ომის მოწმეები იყვნენ.
“ომობანას” თამაშის დროს “ჩვენებად” და “გერმანელებად” ვიყოფოდით. ათწლეულების წინ დასრულებული ომი მაშინ ჩვენი ყოველდღიური რეალობის ნაწილი იყო.
მაგრამ ისეთი ვულგარულობა, რომელიც მთელ რუსეთს ყოველწლიურად 9 მაისის წინ მოიცავს ხოლმე, არ ყოფილა.
არ ყოფილა სტიკერები მანქანებზე “ბერლინისკენ”, არ ყოფილა ტანკის ფორმის საბავშვო ეტლები და ჩუსტები, მოლარეებსა და კონდუქტორებს სამხედრო ქუდები არ ეხურათ, სხეულის ყველა ნაწილზე ბაფთებს არავინ იკეთებდა.
იმ დღეს სამხედრო აღლუმები არ ტარდებოდხა (სსრკ-ში სამხედრო აღლუმები ოქტომბრის რევოლუციის წლისთავზე, 7 ნოემბერს იმართებოდა).
არ არსებობდა აბსურდული და ამავე დროს დანაშაულებრივი ლოზუნგი „შეგვიძლია გავიმეოროთ“ (ნაცვლად „მეტი აღარასდროს“).
რა უნდა გაიმეოროთ? ათობით მილიონი ადამიანის სიკვდილი? საძირკველამდე დანგრეული ქალაქები? ამ კითხვაზე პასუხი 2022 წლის 24 თებერვალს მივიღეთ – დიახ, სწორედ ასეა.
რუსეთის მიერ ახალი ფართომასშტაბიანი აგრესიული ომის დაწყება მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დიდწილად შესაძლებელი გახდა რუსული რეჟიმის მილიტარისტული პროპაგანდის წყალობით, რომელშიც უზარმაზარი როლი 9 მაისის პომპეზურმა აღნიშვნამ შეასრულა.
ვლადიმირ პუტინის დროს გმირების ხსოვნის, სიამაყისა და მადლიერების დღე თანდათან გადაიქცა სახალისო კარნავალად და იმავდროულად სამხედრო ძალის დემონსტრირების დღედ.
პროპაგანდა კი საზოგადოებისთვის ომს არა მილიონობით ადამიანის ტრაგედიად, არამედ სახალისო თავგადასავლად და მხიარულ სანახაობად წარნმოაჩენდა.
რატომ აირჩიეს პუტინის დროს 9 მაისი რუსეთის სახელმწიფოს მთავარ დღესასწაულად – ომში გამარჯვების დღე, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დასრულდა? იმის გათვალისწინებით, რომ რაც უფრო შორსაა ის ომი და რაც უფრო ნაკლები რჩება ცოცხალი ვეტერანი, მისი აღნიშვნის მასშტაბები მით უფრო დიდია?
რატომ არ გამოაცხადა რუსეთმა, ისევე როგორც სხვა ქვეყნებმა, თავის დღესასწაულად თუნდაც დამოუკიდებლობის დღე? “რუსეთის დღე”, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება – რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიის სუვერენიტეტის დეკლარაციის მიღების თარიღი, რომელიც რუსეთის, როგორც სსრკ-სგან დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის დასაწყისი გახდა, დღეს მოკრძალებულად და შეუმჩნევლად აღინიშნება.
მაგალითად, საფრანგეთი აღნიშნავს ბასტილიის აღების დღეს – დღეს, როდესაც ხალხმა თავისუფლება მოიპოვა.
მაგრამ რუსეთმა ასეთი თარიღი ვერ იპოვა. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებები კი სულც არაა ის, რისი პროპაგანდაც სურს კრემლს თავის მოქალაქეებში.
იმის ნაცვლად, რომ დაეფასებინათ ახლად მოპოვებული თავისუფლება – საკუთარი საქმის და ბიზნესის კეთების, მთელს მსოფლიოში მოგზაურობის შესაძლებლობა და ა.შ., პროპაგანდა საზოგადოებაში დიდი ხნის განმავლობაში ნერგავდა დამარცხებულის კომპლექსს სსრკ-ს დაშლის გამო და წყენას დასავლეთის მიმართ, რომელმაც თითქოს ის დაშალა.
გარდა ამისა, ფაშიზმზე გამარჯვება ერთადერთი მოვლენაა სსრკ/რუსეთის ისტორიაში, რომელიც არ იწვევს კამათს და ცალსახად აღიქმება, როგორც ბოროტებაზე გამარჯვება.
ახლნდელმა რეჟიმმა საკუთარი ლეგიტიმაციისთვის უკეთესი ვერაფერი მოიფიქრია, გარდა იმისა, რომ ეს მოვლენა ლამის პუტინის პირად დამსახურებად გამოაცხადოს.
შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს დასკვნა – თუ ჩვენ დავამარცხეთ ფაშიზმი, მაშინ იმთავითვე მტყუანები ვერ ვიქნებით.
გამარჯვების დღე კრემლისთვის მოსახერხებელია, როგორც კიდევ ერთი საბაბი დასავლეთთან დაპირისპირებისთვის. პროპაგანდა მიანიშნებს იმაზე, რომ ნაცისტური გერმანია 1945 წელს მთელ დასავლეთს, დასავლურ ცივილიზაციას განასახიერებდა, რომელიც იმთავითვე მტრულად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ.
მოსახერხებელია, როდესაც შეგიძლია ფაშისტის და ნაცისტის იარლიყი მიაწებო ყველას, ვინც არ მოგწონს, თანაც ყოვლად უმიზეზოდ. და ხალხი, რომელიც ამაყობს ფაშიზმის დამარცხებით, გულწრფელად შეიძულებს მას.
როგორც დღეს, რუსეთის საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს მიაჩნია, რომ მათი ქვეყანა სწორად იქცევა, როდესაც ბომბავს უკრაინის ქალაქებს, კლავს უკრაინელ ჯარისკაცებს და სამოქალაქო პირებს, რადგან „ნაციზმს“ ებრძვის. ამ ბრალდების აბსოლუტური აბსურდულობის მიუხედავად.
და რაც მთავარია, რატომ აღვივებდა ყოველწლიურად მილიტარისტული ფსიქოზს რუსეთის ხელისუფლება? რუსეთის მოსახლეობა მზად უნდა ყოფილიყო ახალი დიდი ომისთვის. ახლა ჩვენ ვიცით, რომ პუტინი და მისი რეჟიმი მიიჩნევდნენ, რომ ის გარდაუვალია და ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ.
ამის გულისთვის ფაშიზმზე გამარჯვების დღე მოპარეს ვეტერანებს, სსრკ-ს მაშინდელ დასავლელ მოკავშირეებს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, უბრალოდ ადამიანებს, რომლებიც ფაშიზმზე გამარჯვების გმირებს გულწრფელად პატივს მიაგებენ.