მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერი ჩამოინგრა. დაშავებულია 14 ადამიანი
თბილისში მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დღეს ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის შესახებ შეტყობინება სამაშველო სამსახურში დაახლოებით 10:40-ზე შევიდა.
პირველი კადრები ფეისბუკზე თვითმხილველებმა გაავრცელეს:
დაშავებულები ოთხ სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, სადაც 4 დაზარალებული მკურნალობს, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათ გულ-მკერდის, ქვედა კიდურისა და თავის ტვინის ტრავმები აქვთ. ორ მათგანს კიდურებზე ოპერაცია დასჭირდება, ამბობენ კლინიკაში.
მეტროსადგურ “ვარკეთილის” სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 თვის წინ, აგვისტოში დასრულდა. სექტემბერში მეტროსადგური უკვე ექსპლუატაციაში შევიდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “მმართველობის მონიტორინგის ცენტრის” მედიაპროექტი “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს ინფორმაციას, რეაბილიტაციაზე კომპანია “ყვარელმშენი” მუშაობდა და ამ საქმისთვის კომპანიამ ბიუჯეტიდან 347 ათას 852 ლარი მიიღო. შპს “ყვარელმშენმა” სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი, მამუკა კობახიძე ამბობს, შემოწმდება ყველა მეტროსადგური, რომლებსაც რეაბილიტაცია ბოლო პერიოდში ჩაუტარდა.
თბილისის მერმა კახი კალაძემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა, განაცხადა, რომ “ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება ამ კონკრეტულ ფაქტს და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე. თუ ვისი პასუხისმგებლობაა დღეს მომხდარ ამბავში, ამას დაადგენენ შესაბამისი სამსახურები“, – აღნიშნა კალაძემ, რომელიც თბილისის მერის პოსტს გასული წლის ოქტომბრიდან იკავებს.
შემთხვევას უკვე გამოეხმაურა თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია. სწორედ ნარმანიას მერობის დროს მოხდა მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაცია.
ნარმანია აცხადებს, რომ სარემონტო სამუშაოები, თავის დროზე, წესების დაცვით ჩატარდა.
რაც შეეხება ობიექტის ჩაბარების პროცესს, თუ როგორ განხორციელდა ეს, ნარმანიას განმარტებით, ”დეტალებზე სატრანსპორტო კოპმპანიას უნდა ვკითხოთ, ვინაიდან საკუთრივ სატენდერო კომისიასაც და შესაბამისად, ობიექტთან დაკავშირებულ საკითხებს ზედამხედველობას უწევდა თბილისის სატრანსპორტო კომპანია”.
თემას აქტიურად განიხილავენ ფეისბუკზეც:
“მეტროს ჩამონგრევის ამბავი კიდევ ერთი და იმედია ბოლო მაგალითია, რომ ჩვენი სახელმწიფო შესყიდვების სისტემა არაფრად არ ვარგა და სერიოზულ რეფორმას საჭიროებს. ელექტრონული ტენდერები უბრალოდ ფასადია, რომლის იქით გვაქვს უსუსტესი სისტემა ხარისხის კონტროლის ყველანაირი მექანიზმის გარეშე”.
“ჩემი მეგობარი წამებში აცდა რომ შიგნით არ მოყოლილიყო. ეს მეტროსადგური ახლახანს გარემონტდა. მანამდე 30 წელი ფუნქციონირებდა ისე, რომ არაფერი მოსვლია. “რუსთაველი” და სხვა სადგურები თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც აშენებულია და არც იქ ყოფილა პრობლემა არასდროს. სამარცხვინოა ეს სახელმწიფო, რომელიც არსად არაფერს აკონტროლებს და გაურკვეველ კომპანიებს თუ მშენებლებს აძლევს უფლებას, ასე ფეხებზე დაიკიდონ უსაფრთხოების ნორმები და ადამიანების სიცოცხლე!” – წერენ ფეისბუკ-მომხმარებლები.