საქართველოს კონტრდაზვერვა: აღკვეთილია თავდასხმები თურქეთსა და საქართველოში საელჩოებზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 21-22 ნოემბერს, თბილისში, გაბრიელ ბერის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული და დაკავებული პირები თურქეთისა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმებს გეგმავდნენ.
ამ დასკვნამდე სამართალდამცავები მას შემდეგ მივიდნენ, რაც სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა და დაღუპულთა ტექნიკურ მოწყობილობები შეისწავლეს.
კომპიუტერებსა და მობილურებში აღმოჩენილი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ტერორისტებს ჰქონდათ სამალავი, საიდანაც სუს-მა იარაღები, რაციები, დურბინდები, რუკები და სხვა მასალა ამოიღო.
აღნიშნული ინფორმაცია დღეს სუს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ითქვა.
ბრიფინგს წინ უძღვოდა რამდენიმესაათიანი ანტიტეტორისტული სპეცოპარაცია პანკისის ხეობაში, რომელიც დღეს გამთენიისას – დილის 4 საათზე დაიწყო და რომელიც თბილისის სპეცოპერაციის გაგრძელება იყო. პანკისში სპეცოპერაციის შედეგად 5 ადამიანი დააკავეს, ერთი მძიმედაა დაჭრილი. სპეცოპერაცია პანკისის ხეობის ორ სოფელში – დუისსა და ომალოში ჩატარდა და მასში 50 სპეცრაზმელი მონაწილეობდა.
ცნობილია პანკისში დაკავებულთა ვინაობაც: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. მაჩალიკაშვილი შუბლის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ყველა მათგანი პანკისის მკვიდრია. სუს–სი ცნობით, მათ წინააღმდეგ გამოძიება სსკ–ს 331 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას გულისხმობს.
სამართალდამცავთა ინფორმაციით, პანკისში დაკავებულები გაბრიელ ბერის გამზირზე ლიკვიდირებულ პირებთან – ჩატაევთან და მისი მეგობრებთან იყვნენ კავშირში – ისინი დაეხმარნენ მათ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთასა და ბინის მოძებნაში, ასევე მოამარაგეს იარაღით.
შეგახსენებთ, რომ 21–22 ნოემბერს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი მოკლეს, ერთი კი დააკავეს. მოგვიანებით, სუს-მა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი მოკლული აჰმედ ჩატაევი იყო – ჩატაევს სტამბოლის აეროპორტში ტერაქტის ორგანიზება ედება ბრალად.
სუს-ის დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული სხვა ტერორისტების ვინაობაც დასახელდა. ჩატაევთან ერთად, თბილისის სპეცოპერაციის დროს მოკლულია რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტით საქართველოში 2010–2012 წლებში იმყოფებოდა და ასევე, ასლანბეგ სოლტახმადოვი.
თბილისში დაკავებული პირის ვინაობაც დასახელდა – ის შოაიფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლით იძებნება.
• პანკისის ხეობა თბილისიდან 150 კილომეტრით, ხოლო ჩეჩნეთიდან 30 კილომეტრითაა დაშორებული. 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის თანახმად, ხეობაში 5700 ქისტი ცხოვრობს. ქისტები ეროვნებით ჩეჩნები არიან, რომლებიც მე-19 საუკუნეში ჩეჩნეთიდან პანკისში ხეობაში დასახლდნენ. პანკისელი ქისტები ერთ-ერთი ყველაზე კარგად ინტეგრირებული ეროვნული უმცირესობაა საქართველოში – თითქმის ყველამ, მშობლიურ ჩეჩნურთან ერთად, კარგად იცის ქართული ენა.
• 2000-იან წლებში ჩეჩნეთის ომის დროს პანკისში ათასობით ჩეჩენი დევნილი აფარებდა თავს. დევნილების გარდა, აქაურობა რუსეთის ფედერალურ ძალებს გამოქცეული ჩეჩენი მებრძოლებისთვისაც მთავარი თავშესაფარი გახდა. პირველად სწორედ მაშინ შეიძინა პანკისის ხეობამ “სახიფათო ზონისა” და ტერორისტების თავშესაფრის რეპუტაცია, რომელსაც წლებია თავი ვერ დააღწია.
• სირიის კონფლიქტის დაწყებასთან და “ისლამური სახელმწიფოს” აღორძინებასთან ერთად პანკისის ხეობა კვლავ აქტუალური გახდა. სხვადასხვა მონაცემით, ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ბოლო ორი წლის განმავლობაში 40-დან – 50-მდე ახალგაზრდა იბრძოდა პანკისის ხეობიდან. აქედან ოთხი საველე მეთაური გახდა, მათ შორის იყო ომარ ალ შიშანიც, “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ცნობილი ლიდერი.