საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები არხზე არსებულ ცენზურაზე და "შავ სიებზე"
“შავი სიები” საზოგადოებრივ მაუწყებელზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა “ახალი კვირის” ჟურნალისტები ამბობენ, რომ არხზე არსებობს რესპონდენტების ე.წ. შავი სია, რომელთა ჩაწერა და ეთერში გაშვება ჟურნალისტებს ეკრძალებათ.
ამ სიაში შედიან არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, კულტურის მოღვაწეები.
გადაცემა “ახალი კვირა” სამი თვეა ეთერში აღარ გადის. ამ არხიდან წასული სამი ჟურნალისტი – იმედა დარსალია, სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ოფისში გამართულ ბრიფინგზე არხზე არსებულ ცენზურაზე საუბრობენ.
როგორც “ახალი კვირის” ყოფილმა წამყვანმა, იმედა დარსალიამ განაცხადა, “შავ სიაში” იყო რონდელის ფონდის ყველა ექსპერტი, მათ შორის, განსაკუთრებით ზურა ბატიაშვილი. ასევე საერთაშორისო ექსპერტი ეკა აკობია, ყოფილი მინისტრი ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ბუკა პეტრიაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში ლევან ჯეჯელავა, საერთაშორისო ექსპერტი ბათუ ქუთელია, ასევე “ატლანტიკური საბჭოს” ქართული წარმომადგენლობა სრული სემადგენლობით.
დარსალიას განმარტებით, გადაცემაში ასევე დაბლოკილი იყო გარკვეული თემები.
“დაიბლოკა საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე სიუჟეტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა გუნდში. დაიბლოკა ბელარუსში აქციები – არხის მენეჯმენტს არ უნდოდა ლუკაშენკოს რეჟიმისადმი კრიტიკული ყოფილიყო, რაც არის კატასტროფა. ასევე, ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა და პარალელი გაავლო ამერიკასთან – ‘როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, არ უნდა დავწეროთ რუსეთზე, რადგან ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია’. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია”, – თქვა დარსალიამ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “ახალი კვირის” ჟურნალისტი თამთა ჯანაძე ასევე ადასტურებს, რომ სიუჟეტებზე მუშაობის დროს არხის მენეჯმენტი მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული კომენტარების შემოკლებას ან ამოღებას ითხოვდა.
პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ კვირის მთავარ პოლიტიკურ თემაზე მუშაობისას ბევრ ხელოვნურ დაბრკოლებას აწყდებოდნენ. ყოფილა შემთხვევები, პოლიტიკურ თემაზე მომზადებული მასალები “ქრონომეტრაჟის სიმცირის” გამო გადაცემიდან ამოუღიათ.
“გარდა ამისა, ძალიან გვიჭირდა კვირის მთავარ პოლიტიკურ თემებზე მუშაობა იმ მიზეზით, რომ გვეუბნებოდნენ, კვირის განმავლობაში “მოამბე” გადაღეჭავდა და აღარ იქნებოდა საინტერესო – ვგულისხმობ ლუკა სირაძის, დათუნა სარალიძის საქმეებს, უზენაესი სასამართლო მოსამართლეების საქმეს, ოპოზიციის აქციებს”, – თქვა ჯანაძემ.
მისი თქმით, მენეჯმენტი ცდილობდა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების მიმართ კრიტიკული კომენტარები ან საერთოდ ამოგვეღო სიუჟეტიდან, ან შეემოკლებინათ.
თამთა ჯანაძემ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევაზე მომზადებული სიუჟეტი გაიხსენა.
“გადაცემის ეთერში გასვლამდე, გენერალური პროდიუსერი შემოვიდა სამონტაჟოში და ამოჭრა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლების მიმართ ექსპერტების კრიტიკული კომენტარები. გარდა ამისა – ცესკოზე დაყრდნობით მომზადებული გრაფიკული მასალა, რომლითაც ირკვეოდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ექვსი წლის განმავლობაში მხარდამჭერთა იგივე პროცენტული რაოდენობა დაკარგა, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ცხრა წლის მანძილზე”, – აღნიშნა ჟურნალისტმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ჩრდილოვან კაბინეტზე მომზადებული მასალა “ქრონომეტრაჟის გამო ვერ გავიდა”