აზერბაიჯანის ყველაზე ცნობილმა პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო
გაზიარება
გაზიარება
სამუდამო პატიმრობამისჯილმა, პოლიციის ყოფილმა პოლკოვნიკ–ლეიტენანტმა ჰაჯი მამედოვმა ქალაქ ბაქოს ციხის საავადმყოფოში თავი მოიკლა.
პირველადი ვერსიის თანახმად, ჰაჯი მამედოვმა საავადმყოფოს პალატაში, ზეწრის გამოყენებით ჩამოიხრჩო თავი.
ჰაჯი მამედოვი აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროსსისხლის სამართლის გამოძიების მთავარი სამმართველოს ოპერატიულ თანამშრომლად მუშაობდა. მამედოვი და კიდევ 26 ადამიანი ეროვნული უშიშროების სამინისტროს მიერ 2005 წლის მარტში ჩატარებული ოპერაციის – „შავი ქამარის“ შედეგად დააკავეს. როგორც დამნაშავე ჯგუფის ხელმძღვანელი, მამედოვი სისხლის სამართლის 80 მუხლის მიხედვით იყო ბრალდებული, მათ შორის – მკვლელობისთვის, ადამიანების გატაცებისა და შანტაჟისთვის, და ჯგუფის შვიდ სხვა წევრთან ერთად მისჯილი ჰქონდა სამუდამო პატიმრობა.
წელიწადნახევარზე მეტი ხნის წინ მსჯავრდებული ტუბერკულოზის სამკურნალოდ ციხის სპეციალიზებულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით მას ფილტვების კიბოს დიაგნოზი დაუდგინდა.
ამჟამად პროკურატურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილას სამძებრო მოქმედებებს ატარებენ. ფაქტზე 125-ე მუხლის მიხედვით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, იკვლევენ სუიციდის ვითარებასა და მიზეზებს.
ჰაჯის დამ, არიფა მამედოვამ Meydan.tv–ის განუცხადა, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ ესაუბრა ძმას, რომელმაც უთხრა, რომ მისი მდგომარეობა ნორმალური იყო და გამოჯანმრთელებისკენ მიდიოდა.
ორი წლის წინ მამედოვმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მიმართა წერილით, რომელშიც ის ახალი გამოძიების დაწყებას ითხოვდა. როგორც მსჯავრდებულის და არიფა მამედოვა ირწმუნება, ეროვნული უშიშროების ყოფილი მინისტრი ელდარ მაჰმუდოვი მამედოვზე ზეწოლას ახდენდა და საქმის ზოგიერთი მნიშვნელოვანი მხარის სასამართლოში გამჟღავნებას უკრძალავდა. თუმცა, მახმუდოვის თანამდებობიდან ჩამოშორებისა და ეროვნული უშიშროების სამინისტროს დაშლის შემდეგ მამედოვს იმის იმედი გაუჩნდა, რომ საქმე გადაიხედებოდა – წერს ვებგვერდი minval.az.
ამასთან დაკავშირებით მსჯავრდებულს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ელჩინ ბეხბუდოვთან შეხვედრა და მისთვის რაღაც მნიშვნელოვანის მოყოლაც კი უნდოდა, მაგრამ ვერ მოასწო – უფლებადამცველი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილას სამედიცინო ექსპერტების მონაწილეობით ექსპერტიზა ჩატარდა. გარდაცვლილის საკნის დათავალიერების დროს აღმოჩენილია ბარათი, რომელშიც ის წერს, რომ ბოდიშს უხდის ნათესავებსა და იმ დაწესებულების თანამშრომლებს, სადაც ის იმყოფებოდა, და არავის მიმართ წყენა არ აქვს.