ცხინვალი პრეზიდენტის არჩევისთვის ემზადება
საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთში
სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი კვლავ პოლიტიკაში ბრუნდება – ის მომავალ არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონის თანახმად, ის შეიძლება კანდიდატად არ დაარეგისტრირონ – იმის გამო, რომ უკვე მრავალი წელია სამშობლოში არ ცხოვრობს. საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთში 10 აპრილს გაიმართება. საარჩევნო კამპანია უკვე გამოირჩევა პრეტენდენტების სარეკორდო რაოდენობით – კენჭისყრის მსურველთა რიცხვმა ორ ათეულს გადააჭარბა.
კოიკოითის დაბრუნება
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად ექსპრეზიდენტ (2001-2011) ედუარდ კოკოითის წარდგენის საინიციატივო ჯგუფმა 18 თებერვალს ყრილობა გამართა.
ის ცხინვალში, კაფე „ჩემპიონთა ლიგაში“ გაიმართა, რადგან ექსპრეზიდენტ ედუარდ კოკოითის წარდგენის მსურველ საინიციატივო ჯგუფს უარი უთხრეს სასტუმრო „ირისტონის“ საკონფერენციო დარბაზის დათმობაზე, სადაც იგეგმებოდა ღონისძიების ჩატარება.
- ცხინვალი: პოლტიკური კრიზისი სასაზღვრო პრობლემის გამო
- „თვითმარქივია“ და „თალიბანი“. ვინ და რატომ წავიდა ავღანეთში სამხრეთ ოსეთის სახელით
- სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო
კოკოითის მხარდასაჭერად მივიდნენ მისი მომხრეები, მათ შორის, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, დეპუტატები – ამირან დიაკონოვი, რობერტ ოსტაევი, ძამბოლატ მედოევი და სხვები, ასევე, პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრ პლიევი.
„თქვენი ძალიან მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტობაზე კენჭისყრა შემომთავაზეთ. აქ არის დემოკრატია და იმ ხალხის ნება, რომელიც ცხოვრობდა და იცხოვრებს სამხრეთ ოსეთში. თქვენ შორის არიან ჩემი ვაჟიშვილები, რძალი, ჩემი ოჯახი, აქ არიან ჩემი ფრონტის მეგობრები, ყველაზე ძვირფასი ადამიანები. თქვენ ჩემს დიდ ოჯახად დარჩით მრავალი წლის შემდეგაც“, – განაცხადა კოკოითიმ.
თუმცა, კოკოითის კანდიდატურის წამოყენება არღვევს კანონმდებლობას ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნასთან შეუსაბამობის გამო, რადგან ის უკვე ბევრი წელია სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს – მოსკოვში. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუკი კოკოითი ცესკოში საბუთებს წარადგენს დასარეგისტრირებლად, მას უარს ეტყვიან.
ეს საჯარო პოლიტიკიდან წასული კოკოითის მეორე მცდელობაა გახდეს პრეზიდენტი, მის მიერ 2011 წელს, შიდაპოლიტიკური კრიზისის გამო გადადგომის შემდეგ.
2017 წელს, მან ასევე რეზიდენტობის ცენზის ნორმის დარღვევით, გადაწყვიტა პრეზიდენტობაზე კენჭისყრა, მაგრამ ცესკომ უარი უთხრა დარეგისტრირებაზე. კოკოითიმ სასამართლოს მიმართა, რომელმაც მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ამ დღეებში კოკოითიმ წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილეებსა და ამომრჩევლებს, ასევე ცესკოს და უზენაეს სასამართლოს მიმართა და არჩევნების „არჩევანის გარეშე“ ჩატარების დაუშვებლობაზე მიუთითა.
ექსპრეზიდენტის მთავარმა და შეურიგებელმა მოწინააღმდეგემ – თავისუფალი სტილით ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ძამბოლატ თედეევმა კოკოითი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. მან ყოფილ პრეზიდენტს შეახსენა, რომ 2011 წელს კოკოითიმ ხელი შეუშალა თედეევს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში და ოპოზიციონერის წინააღმდეგ სწორედ რეზიდენტობის ცენზი გამოიყენა.
კოკოითის მოსკოვიდან ცხინვალში ახლანდელმა ჩასვლამ შესაძლოა რესპუბლიკაში წინასაარჩევნო სიტუაცია გაამწვავოს.
რუსეთი ბიბილოვს უჭერს მხარს
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს შორის არიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, მხატვრიდან დაწყებული, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებითა და ბიზნესმენებით დამთავრებული.
თავისი კანდიდატები წარმოადგინა ყველა საპარლამენტო პარტიამ: „ერთიანმა ოსეთმა“ წამოაყენა მოქმედი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის კანდიდატურა, პარტიამ „ხალხის ერთობა“ – ვლადიმირ ქელეხსაევი, „სახალხო პარტიამ“ – ალექსანდრ პლიევი, „კომუნისტურმა პარტიამ“ – ტაიმურაზ ტადტაევი.
მოქმედ პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს მხარს უჭერს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, ლუდვიგ ჩიბიროვი.
8 თებერვალს ცხინვალში პარტია „ერთიანი ოსეთის“ ყრილობა გაიმართა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატად ბიბილოვი წარადგინეს. ღონისძიებას გავლენიანი რუსი პოლიტიკოსები და სახელმწიფო დუმის დეპუტატები დაესწრნენ, ასევე, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაური. ცხინვალში ჩავიდა დელეგაცია ჩრდილოეთ ოსეთიდანაც, რესპუბლიკის მეთაურის, სერგეი მენიალოს ხელმძღვანელობით.
რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარტია „ედინაია როსიას“ გენერალური საბჭოს მდივანი, ანდრეი ტურჩაკი. მოსკოველი სტუმრების ვიზიტმა რუსული მხარის მიერ მოქმედი პრეზიდენტის მხარდაჭერა დაადასტურა.
წინა დღეს, ბიბილოვის დაბადების დღეს, შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან, რომლის დროსაც ვლადიმირ პუტინმა მას მიულოცა და განიხილა არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება.
გასაგებია, რომ სამხრეთ ოსეთის მოქმედი ხელმძღვანელი მოსკოვის ნდობითა და კეთილგანწყობით სარგებლობს. თავად ანატოლი ბიბილოვმა საკუთარი წინასაარჩევნო პოზიციების შეფასებისას განაცხადა: „ჩემი გამარჯვების შანსი დამოკიდებულია სამხრეთ ოსეთის ხალხის მიერ ჩემი საქმიანობის შეფასებაზე“.
ოპოზიციონერი კანდიდატები
რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, რომელსაც რუსეთის საპარლამენტო პარტიებს შორის მოკავშირეები არ ჰყავს, როგორც მოსალოდნელი იყო, ის თავის წინასაარჩევნო საქმიანობას ბიბილოვის მწვავე კრიტიკაზე აგებს.
კვლავინდებურად ისმის ბრალდებები ეროვნული ინტერესების ღალატისა და საქართველოსთვის ტერიტორიების სავარაუდო ჩაბარების შესახებ.
საინტერესოა ისიც, რომ საპარლამენტო ოპოზიციას ამ დროისთვის საერთო კანდიდატი არ წარუდგენია და დაშლილად და გათიშულად გამოიყურებიან.
კანდიდატებად წარადგინეს ბიბილოვის ორი მთავარი ოპონენტი – დეპუტატი დავიდ სანაკოევი, რომელიც გასულ წელს პარტია „ნიხასიდან“ გარიცხეს და ამ პარტიის თავმჯდომარე, ალან გაგლოევი.
მაგრამ საინტერესოა ის, რომ გაგლოევის კანდიდატურა რატომღაც წარადგინა არა პარტია „ნიხასმა“, არამედ საინიციატივო ჯგუფმა.
დავიდ სანაკოევის კანდიდატურაც მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რაც გარკვეულ შიდაპარტიულ უთანხმოებასა და კონკურენციაზე მიუთითებს.
მოსალოდნელია, რომ კამპანიის აქტიური ფაზა დაიწყება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატების დარეგისტრირების შემდეგ, სწორედ მაშინ გაფორმდება წინასარჩევნო ალიანსები და კავშირები.
ითვლება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ცესკო დარეგისტრირებაზე უარს ეტყვის ამა თუ იმ ოპოზიციონერ, ბორტს გარეთ დარჩენილები უფრო წარმატებული პრეტენდენტის გარშემო გაერთიანდებიან.
საპარლამენტო ოპოზიციის მიზანია – არ დაუშვას არჩევნების მეორე ტური და დაამარცხოს მოქმედი პრეზიდენტი. თუმცა, ალან გაგლოევისა და დავიდ სანაკოევის შანსები მცირდება გაცილებით უფრო ძლიერი და დიდი რესურსების მქონე კანდიდატების ფონზე.
საპრეზიდენტო არჩევნებში პირველად მონაწილეობს ძალოვან წრეებში ავტორიტეტული, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ვლადიმირ პუხაევი, რომლის გარშემოც საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და სამხედროები ერთიანდებიან.
პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლა გადაწყვიტა თავდაცვის უწყების მოქმედმა ხელმძღვანელმა, იბრაჰიმ გასეევმაც, რომელიც ფლობს როგორც ადმინისტრაციულ, ისე ფინანსურ რესურსებს. არაოფიციალური ინფორმაციით, მის უკან დგას ექსპრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, რომლის გუნდშიც შედიოდა ადრე გასეევი.
გენდერულ ბალანსზე ამ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საუბარი არ არის. პრეზიდენტობის ერთადერთმა ქალმა პრეტენდენტმა – ფილოლოგმა და საზოგადო მოღვაწე ნელი გოგიჩევამ ვერ მოახერხა საკმარისი რაოდენობით მხარდამჭერთა მოგროვება, რათა საინიციატივო ჯგუფის ყრილობა ჩაეტარებინა და წინასაარჩევნო კამპანიის გარეთ დარჩა.