ათი რამ, რაც ბაქოელს სტამბოლში აოცებს
გიამბობთ იმის შესახებ, თუ რამ გამაოცა სტამბოლში (მე, როგორც ბაქოელი), რომელსაც ხშირად ახსენებენ ჩემი ნაცნობები და სადაც პირველად მოვხვდი.
1. ცენტრალური ქუჩები.
ბაქოში „ტორგოვაიას“ სახელით ცნობილი ქუჩა საფეხმავლო ზონაა, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ტურისტების რაოდენობა მკვეთრად იზრდება, მაინც სასიამოვნოა სეირნობა. სხვა საქმეა ისტიკლალი. ჩემი აზრით, აქ სასეირნოდ რკინის ნერვებია საჭირო. შენ წინ ათასობით ადამიანია და არც შენ უკანაა ცოტა ხალხი. თუკი ერთი წამით შეჩერდები, „ცოცხალ“ ხერგილს წარმოქმნი.
2. თურქეთში „ვიკიპედია“ დაბლოკილია.
ამბობენ, რომ ხელისუფლებას ვიკიპედიის რომელიღაც სტატია არ მოეწონა და მათ უბრალოდ მთლიანად შეზღუდეს ამ რესურსზე წვდომა. საბრალო სტუდენტები!
3. სტამბოლი ძალიან დიდი და შთამბეჭდავი ქალაქია.
როდესაც ამ ქალაქს 54-ე სართულიდან გადავყურებდი, თავიდან ვერც კი ვხვდებოდი, რა მეუცნაურებოდა იმ ხედში, რომელსაც ვუცქერდი. ქალაქში ბნელოდა. ვვარაუდობდი, რომ აქ მეგაპოლისისთვის დამახასიათებელი სიკაშკაშე დამხვდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქაური ქუჩები მეტწილად პატარა მაღაზიების წყალობითაა განათებული. სხვათა შორის, ამ ქალაქში ძალიან ბევრი სავაჭრო ობიექტია გახსნილი.
4. აქაური ძაღლები და კატები უჭმელობას ნამდვილად არ უჩივიან და მშვიდად დასეირნობენ რესტორნების ახლოს, მათი გაგდება არავის მოსდის თავში აზრად.
ბაქოში ძალიან უყვართ ქუჩის კატები, მაგრამ მაწანწალებზე იმავეს თქმა ნამდვილად არ შეიძლება. მივხვდი, თუ რატომ მოჰყავთ ხოლმე ბაქოელ ცხოველთა დამცველებს მაგალითად თურქეთი.
5. დონერი – წვრილად დაჭრილი ხორცის, მჟავე კიტრისა და მაიონეზის გულსართის მქონე პური – აზერბაიჯანელი სტუდენტის ძირითადი კერძია.
ფასტფუდის ეს სახეობა ჩვენთან თურქეთიდან შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში ამ საჭმელმა ევოლუცია განიცადა და რაღაც განსხვავებულ კერძად იქცა. თურქულ დონერში უფრო მეტ ხორცს, კომბოსტოსა და სტაფილოს დებენ, მაიონეზს კი თითქმის საერთოდ არ იყენებენ. სწორედ ესაა „ევოლუციის“ ერთ-ერთი მიზეზი – ჩვენთან ძალიან უყვართ მაიონეზი. დონერის რიგში დგომისას ხშირად გაიგონებთ ფრაზას: „მაიონეზს ნუ დაინანებ, ბლომად მოასხი“.
6. განსხვავებული „ფასტფუდი“.
წაბლი და სიმინდი ჩვენთანაც იზრდება, მაგრამ სტამბოლში ეს პროდუქტები ძალიან პოპულარული „ფასტფუდის“ მოსამზადებლად გამოიყენება. ამას გარდა, აქ განსაკუთრებით უყვართ ბლითები, რომლებიც „სიმიტის“ სახელითაა ცნობილი. სიმინდი და წაბლი ყველა ქუჩის კუთხეში იყიდება. ისევე, როგორც მიდიები. ჩემს ნაცნობებს შორის ერთ ადამიანსაც კი არ აქვს ნეიტრალური დამოკიდებულება ამ საჭმლის მიმართ. მიდიები ან ძალიან უყვართ, ან თავიდანვე სძულთ. მე პირადად, მიდიები არ მომეწონა – თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს საჭმელი სუშის განსხვავებული „ფასტფუდია“.
7. თურქის გაოცების მარტივ მეთოდს გაგიზიარებთ.
უთხარით მას, რომ აზერბაიჯანიდან ხართ, მაგრამ თურქული არ გესმით. თუკი თურქულ სერიალებზე არ ხართ გაზრდილი, სიტყვების ნახევარს მართლაც ვერ გაიგებთ. აზერბაიჯანული ზმნა, რომელიც ითარგმნება, როგორც „გაგება“, თურქულად – „თავში ჩავარდნას“ ნიშნავს, მაგრამ საქმე ისაა, რომ როგორც ჩანს, აზერბაიჯანში ძალიან პოპულარულია თურქული სერიალები და ჩვენი თანამემამულეების უმრავლესობა საზღვრის გადაკვეთისთანავე გამართულად მეტყველებს თურქულად. აქედან გამომდინარე, თურქეთში ბევრმა არც კი იცის, რომ აზერბაიჯანს საკუთარი ენა აქვს.
8. თავი აგტკივდა? მშვენიერია!
მიიღე აბები. ოჰ, დღეს ხომ კვირა დღეა! ამიტომ ტკივილს თქვენით უნდა გაუმკლავდეთ. მე, როგორც ბაქოელს, ძალიან მაოცებს ის, რომ მრავალმილიონიან ქალაქში აფთიაქებს გამოსასვლელი დღეები აქვთ. მაგრამ სხვა რამ უფრო მაოცებს – დიდი გაჭირვებით ვიპოვე „მორიგე“ და გავოცდი – რიგი არ დამხვდა. როგორც ჩანს, თურქები შეეგუენ ამ წესს და მედიკამენტებს წინასწარ იმარაგებენ. სხვათა შორის, აქაური აფთიაქების აბრებზე გამოსახულია ასო-ნიშანი «Е» (სიტყვიდან “eczane”), და არა «А» (როგორც სხვა ქვეყნებში).
9. შემოწმებები სავაჭრო ცენტრებსა და მეტროპოლიტენში.
მცირე ხნის წინ ბაქოს სავაჭრო ცენტრების შესასვლელებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური სკანერები დააყენეს. თუმცა, იქ არც ისე გულმოდგინედ გამოწმებენ. სტამბოლის სავაჭრო ცენტრებში კი შემოწმების უფრო მკაცრი წესები მოქმედებს. სამაგიეროდ, მეტროში ყველაფერი სხვაგვარადაა – მგზავრებს არ ამოწმებენ და ფოტოების გადაღების უფლებასაც აძლევენ. ბაქოში კი მეტროპოლიტენის სივრცეში ფოტოების გადაღება არ შეიძლება.
10. თურქეთში რესპუბლიკის დღეს დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ.
თუნდაც ის ავტობუსები რად ღირს, რომლებიდანაც მთელი მოედნის გასაგონად იღვრება ცნობილი მარშის ( „მრავალჟამიერ, ფაშა მუსტაფა ქემალ, მრავალჟამიერ“) მელოდია. ამას გარდა, ბეშიქთაშის რაიონში მოწყობილი მოტორბოლის ნახვის საშუალებაც მომეცა. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი მოტომრბოლელი დამხვდა ღონისძიებაზე, მაგრამ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ამ შეჯიბრებაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზემოაღნიშნული მრბოლელები უბრალო მოქალაქეები იყვნენ და არა სპორტსმენები.
ამას გარდა, ჩემი გაოცება გამოწვია იმანაც, რომ ქუჩები არა თურქეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, არამედ ამ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის სურათებითაა მორთული.