თურქული სკოლები საქართველოში - პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლნი?
თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 19 თებერვალს გირაოთი გაათავისუფლა. ჩაბუქმა ქართულ ციხეში 10 თვე გაატარა. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია რა ბედი ეწევა საქართველოში დახურულ პრესტიჟულ სკოლებს, რომლებიც თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორიზმში დადანაშაულებული ფეთჰულა გიულენის მიერ დაარსებულ ქსელში შედის. ამ სკოლების დახურვის ოფიციალური მიზეზი მათ მიერ დაშვებული დარღვევებია, მაგრამ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოზე ზეწოლას თურქეთი ახორციელებს.
JAMnews-ის ეს სტატია გასული წლის ოქტომბერში დაიწერა, თუმცა ამ სკოლებთან დაკავშირებით სიტუაცია მას შემდეგ არ შეცვლილა.
____________________
სკოლები “ტერორისტებისთვის”
საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კერძო სკოლას, დემირელის სახელობის კოლეჯს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ავტორიზაცია 29 აგვისტოს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე შეუჩერა: 360 მოსწავლე წელს საკუთარ სკოლაში ვეღარ მივიდა და იძულებული გახდა, სხვა სასწავლებელში გადასულიყო.
მაია არზიანი დემირელის სახელობის სკოლის მოსწავლე იყო. ახლა ის სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში სწავლობს. ამბობს, რომ კლასელების მსგავსად, სკოლის შეცვლა და ახალ გარემოსთან შეგუება, მასაც ძალიან გაუჭირდა:
“დემირელის კოლეჯი ჩემთვის მხოლოდ სკოლა არ იყო, ეს იყო ჩემი ოჯახი, ძალიან მეგობრული და თბილი გარემოთი… ძალიან რთული იყო ამ გარემოს დატოვება. ეს იყო სტრესი. ისედაც ძალიან რთულია, როცა სკოლას იცვლი და მითუმეტეს მაშინ, როცა შენი ნებით არ იღებ ამ გადაწყვეტილებას”
სკოლა, რომლის მოსწავლეებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე მუდმივად იყვნენ ეროვნული ნაკრების წევრები (ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა და ინფორმატიკა) და წლევანდელ ოლიმპიადებზე მოპოვებული 14 მედლიდან 5 მედალი მოიგეს, დაიხურა.
2017 წლის თებერვალში ავტორიზაცია შეუჩერდა კიდევ ერთ წარმატებულ და პრესტიჟულ სკოლას – დემირელის პარტნიორ სკოლა-ლიცეუმს ბათუმში, სადაც 350 ბავშვი სწავლობდა და რომელსაც საზოგადოება შაჰინის სკოლის სახელით იცნობდა. ავტორიზაციის საბჭოს განცხადებით, სკოლაში დარღვეული იყო მოსწავლეთა ჩარიცხვის წესი. დემირელის და შაჰინის სკოლებს ერთი საერთო აქვთ – ორივე მათგანი ე. წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის ნაწილია, ეს ქსელი კი თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტად შერაცხულ ფეთჰულა გიულენის მოძრაობა „ჰიზმეთს“ ეკუთვნის.
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის ორი ყველაზე წარმატებული სკოლის დახურვა შემთხვევითი სულაც არ არის და საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთის დაკვეთა შეასრულა.
მით უმეტეს, რომ შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებას წინ უძღვოდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის – იასინ თემიზქანის განცხადება იმის შესახებ, რომ გიუელნისტები საკუთარ სკოლებში – “ზრდიან თაობებს, რომელიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან” – მან შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ასეთ სკოლებს შორის მოიხსენია და მოუწოდა აჭარის მოსახლეობას, ამ სკოლაში ბავშვები არ გაეშვა. მოგვიანებით კონსულმა განაცხადა, რომ მისი ნათქვამი არასწორად თარგმნეს.
გიულენთან დაკავშირებულ სასწავლო დაწესებულებებზე საუბარი იყო 2016 წლის 19 ივლისს ანკარაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის დროს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ მაშინ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება თურქეთის პრემიერს დაპირდა, რომ ამ სკოლებს „ყურადღებით დააკვირდებოდა“.
თუცა, ჯაფარიძის თქმით, თურქულ მხარეს სასწავლო დაწესებულებების დახურვა არ მოუთხოვია.
მწერალი და ყოფილი იმამი ფეთჰულა გიულენი, რომელიც ერთ დროს ერდოღანის მთავარი მოკავშირე იყო, თურქეთში 2016 წლის 15 ივლისს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ტერორისტად და თურქეთის ნომერ პირველ მტრად არის შერაცხული. შეუმდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ფეთჰულა გიულენის თანამოაზრეების დევნამ სისტემური კამპანიის სახე მიიღო, პროცესმა კი იმხელა მასშტაბი შეიძინა, რომ თურქეთის საზღვრები გადალახა და მეზობელ ქვეყნებშიც შეაღწია.
საერთო ჯამში თურქეთში 50 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 150 ათასი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თურქული მედიის ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლებულია სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების 15 ათასამდე პედაგოგი. ბევრ პედაგოგს აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვება.
გიულენთან დაკავშირებულ ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელს დემირელის და შაჰინის სკოლების გარდა საქართველოში კიდევ 6 სასწავლო დაწესებულება აქვს დაფუძნებული: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი IBSU, სკოლა-ლიცეუმი “სხივი”, ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი ქუთაისში, შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი რუსთავში და დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა მარნეულში.
შეტევა კოლეჯზე
დემირელის სახელობის სკოლას პრობლემები ავტორიზაციის შეჩერებამდე რომ შეექმნა, ამაზე სკოლის ადმინისტრაციაში ღიად საუბრობენ. კერძოდ:
– ვერ მოხერხდა იჯარის თანხის ოდენობაზე შეთანხმება ეკონომიკის სამინისტროსთან, რის გამოც 1 წლის წინ სკოლა იძულებული გახდა, ორთაჭალაში, გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა დაეტოვებინა.
– თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, დაკითხვაზე იბარებდნენ მასწავლებლებს, რაც მათთვის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი იყო.
– იყო შემოთავაზება, რომ ჩაღლარის ქსელის კუთვნილი სასწავლო დაწესებულებები თურქეთის სახელმწიფო ფონდისთვის – „მაარიფის ფონდი“ გადაეცათ. ეს ფონდი თურქეთის პარლამენტმა გასულ წელს დაარსა. პოლიტიკური ზეწოლის შედეგად სწორედ “მაარიფის ფონდის” მმართველობაში გადავიდა აფრიკისა და აზიის რამდენიმე სახელმწიფოში, მათ შორის პაკისტანში, სომალიში, სუდანში, გვინეასა და გაბონში არსებული გიულენის ქსელის სკოლები. საქართველოში ჩაღლარის ქსელის სასწავლო დაწესებულებების დამფუძნებლებთან ასეთი შეთანხმება ვერ შედგა.
– 2017 წლის თებერვალში, გერმანიის მოქალაქე ჯიჰარ აქინი, რომელიც დემირელის სკოლის 60%-ის მფლობელია, საქართველოში არ შემოუშვეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან გააბრუნეს.
– 2017 წლის თებერვალში კოლეჯის მენეჯერმა მუსტაფა ჩაბუქმა დემირელის კოლეჯის მფლობელების (ჯიჰარ აქინი და თურქეთის მოქალაქეები – იუსიფ ალთაში და იაშარ შიმშექი) მინდობილობით საჯარო რეესტრს ორჯერ მიმართა განცხადებით და კოლეჯის წილების ამერიკულ კომპანიაზე გადაფორმება მოითხოვა – რეესტრმა ჩაბუქის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
– თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს, 2017 წლის 24 მაისს, დააკავეს თავად მუსტაფა ემრე ჩაბუქიც. მისი ექსტრადიცია თურქეთმა მოითხოვა. თურქეთის მოქალაქე ჩაბუქი ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა. ანკარა მას ფეთჰულა გიულენის „ტერორისტული ორგანიზაციის“ მხარდაჭერაში ადანაშულებდა. 10 თვის განმავლობაში ჩაბუქი საქართველოს ციხეში იყო და იგი 19 თებერვალს გირაოთი გაათავისუფლეს.
– 2017 წლის სასწავლო წლის დაწყების პირველსავე დღეს სკოლაში ფინანსური პოლიცია შევიდა.
არაერთი თხოვნის მიუხედავად, დემირელის სახელობის სკოლის დირექტორმა, ნინო კავთიაშვილმა ვერ მოახერხა რომ განათლების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას შეხვედროდა.
“დანაშაული” და სასჯელი
სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებებიდან ღიად მიანიშნეს, რომ დემირელის სახელობის სკოლაც, სავარაუდოდ, შაჰინის სკოლის ბედს გაიზიარებდა და დირექციას ურჩიეს, რომ ავტორიზაცია არ მოეთხოვა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა სამკაციანი ჯგუფი სკოლაში სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, 23 ივლისს შევიდა; 3-დღიანი შემოწმების შედეგად მომზადებულ დასკვნაში ბევრი დარღვევა გამოიკვეთა.
კერძოდ, სკოლაში “ზედმეტი” მოსწავლეები აღმოჩნდა – ჟურნალების შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ სკოლაში 361-ის ნაცვლად 476 მოსწავლე სწავლობდა – 20 მოსწავლის პირადი საქმე ვერ მოიძებნა. შემოწმების შედეგად სკოლაში ასევე აღმოჩნდა ერთი არაგრიფირებული უცხოენოვანი სახლემძღვანელო – Zambak-ის მიერ დაბეჭდილი წიგნი Microsoft Windows 7.
ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გია მურღულია ყურადღებას “კანონის უხეშ დარღვევებსა” და “სერიოზულ გადაცდომებზე” ამახვილებს:
“იყო ისეთი დარღვევები, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო დანაშაული. მაგალითად, თურქეთიდან ან ერაყიდან იღებთ მოსწავლეს, რომელმაც ქართული ენა არ იცის, იმავე დღეს აბარებინებთ 6-7 გამოცდას, მათ შორის ქართულ ენასა და ლიტერატურაში, შემდეგ უდასტურებთ, რომ გამოცდები ჩააბარა, უმზადებთ საბუთებს და იმავე დღეს ამორიცხვასაც უკეთებთ, რომ სხვაგან წავიდეს. ამას რა სახელი ჰქვია, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ”.
დემირელის სკოლის დირექტორი ნინო კავთიაშვილი აღიარებს, რომ 12 მოსწავლესთან დაკავშირებით, ხარვეზი მართლაც გაიპარა – საქმის მწარმოებელმა საბუთებში ინდივიდუალური გეგმის შედგენის და გამოცდის ჩაბარების თარიღად შეცდომით ერთი და იგივე დღე მიუთითა.
დირექტორმა “ზედმეტი” მოსწავლეების არსებობაც განმარტა: “წელს მართლაც გამონაკლისი შემთხვევა იყო და სკოლაში თურქეთიდან გადმოსული 109 ბავშვი მივიღეთ. საბჭომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2016 წლის ივლისის შემდეგ თურქეთი არაერთმა ოჯახმა დატოვა და ისინი იძულებულები გახდნენ, თავშესაფარი სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც ეძებნათ”
დირექტორის თქმით, ისინი კანონის ყველა ნორმის დაცვით ჩაირიცხნენ.
„დარღვევები იყო, მაგრამ არა იმ მასშტაბის და ისეთი, რომ ამის გამო ასეთი წარმატებული სკოლა დაეხურათ”, – ამბობს ნინო კავთიაშვილი.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელი, განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე ავტორიზაციის საბჭოს წევრი იყო. რამდენიმე თვის წინ მან საბჭო საკუთარი სურვილით დატოვა. ამბობს, რომ შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერების შემდეგ იქ ყოფნის აზრი ვეღარ დაინახა.
ტაბატაძის თქმით, საკადრო რესურსი, ინფრასტრუქტურა, სასწავლო გეგმები და პროცესი – ის მთავარი სტანდარტები, რომლებიც ავტორიზაციის საბჭომ უნდა შეაფასოს, ორივე სკოლას ჰქონდა ძალიან მაღალ დონზე: “საბჭომ თქვა, რომ ეს სკოლები აკმაყოფილებენ საგანმანათლებლო სტანდარტებს, მაგრამ არღვევენ კანონს. დარღვევა შეაფასეს ექსპერტებმა, რომლებიც იურისტები არ არიან და დაადასტურეს საბჭოს წევრებმა, რომლებსაც სამართლებრივი ცოდნა არა აქვთ. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საბჭომ დაკარგა ფუნქცია – ის ხელს კი არ უწყობს განათლების ხარისხის განვითარებას, არამედ პირიქით, ხარისხიანი საგანმანათლებლო დაწესებულებების სადამსჯელო ინსტრუმენტად იქცა”.
წესით, უცხო ქვეყნიდან გადმოსული ბავშვის ატესტატი განათლების სამინისტრომ უნდა აღიაროს. ამ პროცედურას გარკვეული დრო სჭირდება. დემირელის სახელობის სკოლამ კი თურქეთიდან გადმოსულ ბავშვებს გაკვეთილებზე დასწრების უფლება ატესტატის აღიარებამდე მისცა: “საბჭომ დარღვევად ჩათვალა ის ნაბიჯები, რაც სკოლამ მოსწავლეზე ორიენტირების და განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის გადადგა,” – ამბობს ტაბატაძე.
სტრატეგიული პარტნიორობის ფასი
დემირელის და შაჰინის სკოლების დახურვას თურქეთის ხელისუფლების დაკვეთის შესრულებად აღიქვამს ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი.
მათ შორის არის გია ნოდიაც: „ორი წარმატებული სკოლის დახურვა არ შეიძლება იყოს შემთხვევითი დამთხვევა. გასაგებია, ეს რატომ უნდა მოეთხოვა თურქეთის ხელისუფლებას: ის ცდილობს, რომ ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდება, გიულენთან დაკავშირებული სკოლები შეავიწროვოს. ისიც გასაგებია, საქართველომ რატომ შეასრულა ეს პოლიტიკური დაკვეთა: თურქეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა და ბუნებრივია, გვინდა, რომ თურქეთის ხელისუფლება ჩვენდამი კარგად იყოს განწყობილი”
თუმცა, მისი თქმით, ეს ამ ნაბიჯს არ ამართლებს და საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო უფრო მეტი გულისხმიერება და პრინციპულობა გამოეჩინა – “არა მგონია, რომ თურქეთს საქართველოსთან ურთიერთობა ამ ორი სკოლისთვის გადაეყოლებინა”. – ამბობს ნოდია.
თურქეთი 2006 წლიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს რუსეთმა ემბარგო დაუწესა, საქართველოს N1 სავაჭრო პარტნიორია. თურქეთის წილად მოდის საქართველოში შემოტანილი იმპორტის 16,9% – გარდა ამისა, ის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია: საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული 39 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით ის მესამე ადგილზეა – აზერბაიჯანისა და ნიდერლანდების შემდეგ.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ანკარა საქართველოს ხელისუფლებას ფეთჰულა გიულენის მიერ დაფინანსებული სასწავლო დაწესებულებების დახურვას რომ მოსთხოვდა, ამის ნიშნები გასულ წელსაც იყო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში გიულენის სახელთან ასოცირებული „კავკასიის უნივერსიტეტი“ დაიხურა.
“ფაქტია, რომ ზეწოლა არის და ამ ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებამ ბოლომდე ვერ გაუძლო; შეუძლებელია, ერთი ხელით ხელს აწერდე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მეორეთი კი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სკოლების დახურვას და თან ჩაბუქის ექსტრადიციას განიხილავდე. ეს ძალიან შეუსაბამო ქმედებებია, რაც საქართველოს დემოკრატიულ იმიჯს ძალიან აზიანებს. დარწმუნებული ვარ, ეს საქართველოს მთავრობასაც ესმის, მაგრამ თურქეთი საქართველოს N1 სავაჭრო პარტნიორი და სტრატეგიული მოკავშირეა და მას საქართველოზე ზეწოლის ბევრი ბერკეტი აქვს”.
კაკაჩიას თქმით, ანკარის მოთხოვნის უარყოფა თურქეთის მთავრობამ შესაძლოა სამხედრო გადატრიალების მცდელობის მონაწილეების მხარდაჭერად მიიჩნიოს. ორ ქვეყანას შორის გაუარესებული ურთიერთობების ფონზე კი შესაძლოა ურთოერთობა რამდენიმე მიმართულებით გართულდეს.
მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა. პოლიტოლოგის აზრით, თურქეთმა შესაძლოა უარი თქვას საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის მხარდაჭერაზე, ვეღარ მივიღოთ დიპლომატიური მხარდაჭერა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორებიცაა გაერო და ეუთო.
გაამკაცროს სასაზღვრო რეჟიმი საქართველოსთან და პრობლემები შეუქმნას თურქეთში სეზონური სამუშაოს საძებნელად წასულ იმ უამრავ ადამიანს, რომელიც იქ ნაშოვნი ფულით საქართველოში დარჩენილ ოჯახს ინახავს. ასევე – შემცირდეს თურქული ინვესტიციები, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე.
კაკაჩია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთის დაკვეთა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა და ამიტომ მასზე ზეწოლა კიდევ გაგრძელდება: “საქართველო ძალიან მოწყვლადი და დაუცველია სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში. ის ამ ზეწოლას მარტო ვერ გაუმკლავდება. საქართველო უნდა შეეცადოს, რომ საქმეში ჩართოს საერთაშორისო ორგანიზაციები – ევროპის საბჭო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და სხვადასხვა დიპლომატიური მისიები, და მათთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღოს შეჯერებული გადაწყვეტილებები. თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს ძალიან კარგად გათვლილი – არ უნდა დავარღვიოთ ადამიანის უფლებები და დავაზიანოთ ქვეყნის რეპუტაცია და მეორე მხრივ, კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთ სტრატეგიულ პარტნიორთანაც.”
რა ელით ავტორიზაციაშეჩერებულ სკოლებს?
სკოლას უფლება აქვს დახურვიდან 1 წლის გასვლის შემდეგ ავტორიზაცია ისევ მოითხოვოს. რას გადაწყვეტენ დამფუძნებლები, ამის შესახებ დემირელის სახელობის სკოლის ადმინისტრაციაში ჯერ არ იციან.
მაშინ, როცა საქართველოს კანონმდებლობიდან მნიშვნელოვანი “გადაცდომებისა” და ხარვეზების გამო დაიხურა ორი წარმატებული სკოლა, სადაც ბავშვები ეროვნული სასწავლო პროგრამის მიხედვით სწავლობდნენ, თურქეთის ხელისუფლების ხელშეწყობით ბათუმში ახალი თურქული სკოლა გაიხსნა. სკოლას, რომელიც 2016 წლის 19 სექტემბერიდან ფუნქციონირებს, არც მშენებლობის ნებართვა ჰქონდა და არც საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაცია. სწავლა იქ თურქულ ენაზე მიდის და სკოლაც თურქეთის განათლების სამინისტროს ექვემდებარება და რაც მთავარია, სწავლა იქ თურქეთის სასწავლო პროგრამის შესაბამისად, თურქულ ენაზე მიმდინარეობს. საქართველოს ხელისუფლება ამაში ჯერჯერობთ პრობლემას ვერ ხედავს.